ამელია ერხარტი იყო ცნობილი მწერალი, მფრინავი, საზოგადო მოღვაწე. მან პირველმა გადაუფრინა ატლანტიკის ოკეანეს, დაამყარა რამდენიმე რეკორდი და დაუმტკიცა სამყაროს, რომ სუსტი სქესი არ არსებობს.
ტომ სოიერი კაბაში
ამელია ერხარტი 1897 წლის 24 ივლისს დაიბადა ატჩისონში, კანზასის შტატში. მამამისი რკინიგზის სადგურის ადვოკატი იყო, დედამისის მამაც - ალფრედ ოტისი სასამართლოში მსახურობდა. ამელია დედის მშობლების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. აქვე დაიბადა მისი ძმა მიურელი. პატარა ამელიას თავისუფლად ზრდიდნენ. მშობლები არასდროს უთითებდნენ, რა ეკეთებინა. გოგონა მეზობელ ბიჭებთან ერთად იზრდებოდა, მათთან ერთად ცელქობდა, ზოგჯერ მათზე მეტსაც აშავებდა.
3 წლიდან ამელია ცხენზე გამართულად იჯდა, ცურავდა და ჩოგბურთს თამაშობდა. როცა მამამ 22-კალიბრიანი იარაღი აჩუქა, კარგი მსროლელი გახდა, პირველი რეკორდი ახალგაზრდობაში დაამყარა, ის პირველი ქალია, ვინც კოლორადოს კლდიანი მთები დალაშქრა. ამელიამ კითხვა 4 წლის ასაკში ისწავლა და ძირითადად მეცნიერება, ისტორია და გეოგრაფია აინტერესებდა. 10 წლის იყო, როცა პირველად ნახა თვითმფრინავი, მაგრამ "ჟანგიან ნივთს" გოგონაზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მშობლების განქორწინების შემდეგ დედა დახმარებისთვის ნათესავებს მიმართავდა. მათი ფინანსური მხარდაჭერით გოგონამ კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტზე.
ომის წლები
არდადეგებზე ტორონტოში მოხვედრილმა გოგონამ პირველი მსოფლიო ომის დაჭრილები ნახა და გადაწყვიტა, რომ მისი მისია ადამიანების მკურნალობა იყო. გატაცებამ ცოტა ხანში გადაუარა. საქმე იმაშია, რომ მისი მშობლები შერიგდნენ და გოგონა მამის დახმარებით ავიაშოუს დაესწრო, ბიპლანზეც კი იფრინა და მიხვდა, რომ ავიაპილოტი სურდა გამხადარიყო.
გოგონა და თვითმფრინავები
მისი პირველი ინსტრუქტორი ანიტა სნუკი იყო. ამელიამ პირველი რეკორდი 1922 წელს დაამყარა, როცა ქალებს შორის პირველად აიჭრა 4200 მეტს სიმაღლეზე. გოგონა რეგულარულად გამოდიოდა საჩვენებელ ავიაშოუებზე. 1923 წელს კი მე-16 ქალი იყო, ვინც ავიაციის საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა. გოგონას იმდენად დააინტერესა მფრინავის პროფესიამ, რომ ბაბუამ პერსონალური თვითმფრინავი უყიდა. თუმცა, სამსახურსაც არ ივიწყებდა და ფრენების პარალელურად ბოსტონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშობდა.
ცაში
1928 წელს ჩარლზ ლინდბერგმა ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრინა და ამელიამ გადაწყვიტა, რომ ქალებში პირველი იქნებოდა, ვინ ჩარლზის გმირობას გაიმეორებდა. ცუდი ამინდის მიუხედავად, მაინც გაფრინდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ორი პილოტი. მიწაზე დაშვების შემდეგ ამელიამ კორესპონდენტებს განუცხადა: "არანაირად არ ვარ გმირი. მე ვიფრინე, ისევე, როგორც კარტოფილის ტომარა იფრენდა".
4 წლის შემდეგ საკუთარ თავში დასარწმუნებლად მან მარტომ, ღამით გადაუფრინა ატლანტიკის ოკეანეს. ამ ფრემამ იგი მსოფლიოში ცნობილ ავიატორად აქცია. უამრავი რეკორდის გარდა, ამელიამ მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკურ რბოლაში. გადაუფრინა წყნარ ოკეანეს, ჰავაის კუნძულებიდან ოკლენდამდე... მარტომ გადაუფრინა ამერიკის კონტინენტს ერთი ნაპირიდან მეორემდე, შემდეგ კი მექსიკის ყურეს მიაღწია.
თანასწორობა
1931 წელს ამელია ცოლად გაჰყვა გამომცემელ ჯორჯ პუტმანს. ახალგამომცხვარი ქმარ ცოლს სარეკლამოდ იყენებდა. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ყველგან დაწყებული სპორტული სამოსით დამთავრებული ასანთის კოლოფებით. ამელიამ გამოსცა რამდენიმე წიგნი, სადაც აღწერდა თავის ფრენას. წიგნები მომენტალურად ხდებოდა ბესტსელერები. ჩამოაყალიბა მფრინავ-ქალთა ორგანიზაცია "99" და იყო მისი პრეზიდენტი. სხვათა შორის ორგანიზაცია დღემდე არსებობს და მასში 30 ქვეყნის 5 ათასი პილოტი-ქალია გაწევრებული. მუდმივად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის. მუდამ ეპაექრებოდა მამაკაცებს რთულ და საშიშ სიტუაციებშიც კი.
გაუჩინარება
1937 წელს ამელია თავის უკანასკნელ ფრენას ასრულებდა. მასთან ერთად იყო ფრედერიკ ნუნანი. მათ უკან მოიტოვეს ატლანტიკის ოკეანე, აფრიკა, ინდოეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. გაიარეს ფრენის 28 ეტაპი. სპეციალისტებმა მათი ნაწილი რეკორდად აღიარეს და გაუჩინარდნენ... მათი თვითმფრინავი კუნძულ ნიკუმაროროს რაიონში უგზოუკვლოდ დაიკარგა. აშშ-მ ძალები არ დაიშურა თავისი გმირების მოსაძებნად, მაგრამ უშედეგოდ, ვერც თვითმფრინავის ნაწილებს მიაკვლიეს და ვერც გვამებს. დღემდე ტარდება ექსპედიციები თვითმფრინავის გაუჩინარების რაიონში.
საერთაშორისო გმირი
ცხოვრებაში ამელია პოპულარული იყო, ის ჩაის მიირთმევდა ქვეყნის პირველ პირთან - რუზველტთან ერთად და პირველ ლედის ფრენაშიც ავარჯიშებდა. იმ დროის ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ცნობილიც კი იყო. მისი გაუჩინარება დღემდე ბურუსითაა მოცული. ამდენი წელი გავიდა და მისი სახელი დღემდე უკვდავია.