1939 წლის 14 მაისს ლიმას ერთ-ერთ კლინიკაში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. წონით 2,7 კგ იყო. არაფერი განსხვავებული ამ ამბავში არაფერია, თუ არ ჩავთვლით დედის ასაკს - მშობიარობის დროს ლინა მედინა 5 წლისა და 7 თვის იყო.
მსოფლიოში ყველაზე პატარა, რეკორდსმენი დედა ლინა მედინა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც მის გარდა, კიდევ 8 ბავშვი იზრდებოდა. ერთ დღეს ლინას დედამ, ვიქტორია ლოსეამ შეამჩნია, რომ მის შვილს მუცელი არარეალურად გაეზარდა. ადგილობრივ ექიმთან გასინჯვის დროს დედა შოკში ჩააგდო ინფორმაციამ, რომ მისი გოგონა ფეხმძიმედ იყო. მომდევნო ჯერზე გოგონა ექიმთან მამამ, ტიბურელომ ქალაქში წაიყვანა გასასინჯად. მამა ევედრებოდა ექიმს, გაესინჯა მისი შვილი, რომელიც სასიკვდილოდ იყო დაავადებული, მაგრამ... იქაც იგივე ამბავი განმეორდა. ექიმი ჰერარდო ლოზადო გააოგნა ანალიზის პასუხმა. მისი კვლევით, გოგონა 7 თვის ფეხმძიმე იყო. ექიმი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ გოგონას ფეხმძიმობაში საკუთარ მამას მიუძღვოდა ბრალი და იგი სასწრაფოდ დააპატიმრებინა. თავად კი გოგონას მკურნალობა და მასზე დაკვირვება გადაწყვიტა.
ლოზადოს მოთხოვნით, გოგონა ლიმას კლინიკაში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ მედინას ჩამოყალიბებული რეპროდუქციული სისტემა ჰქონდა და ნაყოფის გამოზრდა თავისუფლად შეეძლო. თუმცა, ბავშვი შვილს თავად ვერ გააჩენდა და ექიმმა საკეისრო კვეთას მიმართა. 1939 წლის 14 მაისს აბსოლუტურად ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. ლინას ისტორია სამედიცინო ჟურნალმა La Presse Medicale-მაც გააშუქა. სტატიაში ეწერა, რომ გოგონას მკერდი რძით იყო სავსე და ის მზად იყო ჩვილის გამოსაკვებად. მედიცინის ისტორიაში ეს ფეხმძიმობის ყველაზე ნაადრევი ასაკია. ”მართალია, ლინამ ბავშვი გააჩინა, მაგრამ ის თავადაც ბავშვად რჩება”. - ამბობდა ერთ-ერთი ექიმი, რომელიც დედა-შვილს აკვირდებოდა. ბიჭუნას, მკურნალი ექიმის პატივსაცემად, ხერარდო დაარქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლინას მშობლებს არასდროს უთქვამთ, ვინ იყო ხერარდოს მამა, ჟურნალისტებმა მაინც ჩაატარეს გამოძიება. მათი აზრით, გოგონა გაუპატიურებული იყო და არ იცოდა, ეს ვინ მოიმოქმედა. მას შეეძლო, არც კი დაენახა მოძალადის სახე. ერთხელ მის ერთ ნათესავს წამოსცდა, რომ გოგონა შეიძლება მაშინ გააუპატიურეს, როცა ის მდინარეზე თეთრეულის გასარეცხად იყო წასული. ნუ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს მისი ოჯახური ვალდებულება იყო. პოლიციაც შეეცადა, გამოეძია, ვინ იყო ლინას მოძალადე, მაგრამ უშედეგოდ. გარდა ამისა, გოგონას ოჯახი პერუელი ინდიელების შთამომავალი იყო, რომლებიც შამანურ ტრადიციებს მისდევდნენ. მათი რიტუალები კი ხშირად მსხვერპლის გაუპატიურებით სრულდება და ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი შეიძლება გოგონა ყოფილიყო.
მრავალ სამედიცინო ცენტრსა და ინსტიტუტს ჰქონდა სურვილი, ლინას ორგანოები გამოეკვლია, მაგრამ ნათესავებმა უფლება არ დართეს მედიკოსებს, მათი გოგონა ”საექსპერიმენტო თაგუნად” ექციათ.
ათ წლამდე პატარა ხერარდოს სწამდა, რომ ლინა მისი უფროსი და იყო, ტიბურელო და ვიქტორია კი - მისი მშობლები. ხერარდო და დედამისი ერთი სათამაშოებით თამაშობდნენ. ექიმი ლოზადო მთელი ცხოვრება აკვირდებოდა დედა-შვილს. მისი დახმარებით ბიჭმა უმაღლესი განათლება მიიღო, ლინას კი თავის კლინიკაში დააწყებინა მუშაობა.
ლინა 33 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა რაულ ხურადოს და ვაჟი, უმცროსი რაული გააჩინა. ხერარხო 40 წლის ასაკში ძვლის ტვინის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. შვილის დაკარგვის შემდეგ ლინას ბედს ყველაზე კირკიტა ჟურნალისტებმაც კი ვერ მიაკვლიეს. გადმოცემით იცოდნენ, რომ ქალი ქმართან და მეორე ვაჟთან ერთად ლიმას უღარიბეს რაიონში ცხოვრობდა.
ლინა მედინა, ქალი, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი (საბედნიეროდ) ყველაზე პატარა მშობიარე დედა გახლდათ, 2015 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.