ქართველი პრინცი, რომელმაც ჯეი ო ბრაიანს ცოლი წაართვა და ესეც არ იკმარა - Marao

ქართველი პრინცი, რომელმაც ჯეი ო ბრაიანს ცოლი წაართვა და ესეც არ იკმარა

2020-05-24 10:54:33+04:00

ინტელექტუალი, ენამახვილი და არისტოკრატული გარეგნობის მამაკაცი - ასე წერდნენ მასზე XX ს–ის 20-30–იანი წლების მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში.

 

ამ ქართველ ახალგაზრდასთან სიახლოვით თავს არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ მაღალი საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები იწონებდნენ, თუმცა მისთვის საკმარისი არც ეს და არც ცნობილი კალათბურთელის, ჯეი ო ბრაიანის ოჯახის დანგრევა აღმოჩნდა.

მაშ ასე, marao.ge გასული საუკუნის ყველაზე ბულვარული ქართველი „პრინცის“, დავით მდივანის, თავად ზაქარიას ვაჟის ამბავს გიამბობთ.

თავადი ზაქარია მდივანი აზნაური გახლდათ, რომელმაც ჯერ გენერლის ჩინი მოიპოვა, შემდეგ კი საბუთების გაყალბების გზით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. ის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი იყო, რასაც მისი და ნიკოლოზ მეორის საერთო ფოტოც ადასტურებს. ზაქარია რუსეთის არმიაში მსახურობდა, რისთვისაც მრავალი ჯილდოც მიუღია. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა, იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. ერთხანს ქართული არმიის მთავარსარდალიც გახლდათ.

ზაქარიას 5 შვილი ჰყავდა, უფროს შვილებს (სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მისცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ.

1921 წელს ოჯახი ბოლშევიკებისგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში წავიდა. ამ პერიოდში ოჯახმა უმძიმესი გაჭირვება გამოიარა, ისინი თავის გადარჩენისთვის ვერც ფიზიკურ სამუშაოზე ამბობდნენ უარს. ალექსი 13 წლის ასაკში მტვირთავად მუშაობდა, შემდეგ "პეჟოს" ქარხანაში მუშად მოეწყო. უფროსმა ძმებმა დავითმა და სერგომ ამერიკას მიაშურეს, სადაც ერთ-ერთი ქართველის რადიოსახელოსნოში დასაქმდნენ.

დავითის ბულვარული ცხოვრება 1925 წელს დაიწყო, როცა ცოლად ჰოლივუდის ყველაზე თავნება და სკანდალური ვარსკვლავი მეი მიურეი შეირთო.

მიურეის სამსახიობო კარიერა ბროდვეის სცენიდან იწყება. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო თავისი პირველი ქმარი მულტიმილიონერი უილიამ სვინკერი, რომელსაც მალევე გაშორდა და დიდძალი ქონება წაართვა. გამდიდრებული მსახიობი ბეისბოლის ჩემპიონ ჯეი ო. ბრაიენს გაჰყვა ცოლად, თუმცა დავით მდივანის გამოჩენამ ვარსკვლავური ოჯახი მალევე დაანგრია.

დაქორწინებისთანავე დავით მდივანი მეუღლის მენეჯერი გახდა. ქმრის რჩევით, მიურეი სტუდია "MGM"–დან წამოვიდა, რითაც სტუდიის მფლობელი ლუი ბ. მაიერი განარისხა. მოგვიანებით მიურეის უკან დაბრუნება სურდა, მაიერს ევედრებოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო და მაიერის სამსახიობო კარიერას წერტილი დაესვა.

დავით მდივანსა და მეი მიურეის შვილი კორან დეივიდი შეეძინათ. მათი ქორწინება 1933 წ. დიდი სკანდალითა და ხმაურიანი სასამართლო პროცესით დასრულდა. მეი მიურეის განცხადებით, დავითმა მსახიობის სამი მილიონი დახარჯა. მიურეი ქმარს ძალადობაშიც ადანაშაულებდა და მის საშინელ ხასიათზე საუბრობდა. სასამართლო პროცესი მეიმ მოიგო, ბავშვის მეურვეც ის გახდა და მდივანს ყოველთვიურად 400 ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა.

დავითმა ძმასთან, სერგისთან ერთად ნავთობის კომპანია "pacifიc Shore Oil go" დააარსა. ამავე პერიოდში რომანი წამოიწყო ვენეციაში გაცნობილ ლეგენდარულ ფრანგ მსახიობ არლეტთან. არლეტი მსახიობობას მოდელობასაც უთავსებდა და სახელგანთქმული მხატვრებისთვის – მარი ლორანოენისთვის, კეის ვან–დონ ჰენისა და მოის კისლინგისათვის პოზირებდა. ის დავითისგან ფეხმძიმედ იყო, მაგრამ გაითვალისწინა დავითისა და მეი მიურეის ურთიერთობა და ბავშვი მოიცილა. თუმცა მათი ცოლქმრობა მანამ გაგრძელდა, სანამ დავითმა ის თავად არ მიატოვა და ამჯერად, სასიყვარულო ურთიერთობა ნავთობის ამერიკელი მაგნატის მილიონერ ქალიშვილთან, ვირჯინია სინკლერთან გააბა.

II მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური.

44 წლის ასაკში ის ვირჯინიაზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი მაიკლი შეეძინა. გასაკვირი არაა, რომ არც ეს ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს. წყვილი 1964 წ. დაშორდა. ვირჯინია, ისევე, როგორც მეი მიურეი, ამტკიცებდა, რომ დავითს აუტანელი ხასიათი ჰქონდა. 1979 წ. ვირჯინია სინკლერ–მდივანი გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა.

დავით მდივანი 1984 წ. გარდაიცვალა ხანდაზმულ ასაკში.