გრისელდა ბლანკო რესსტრეპო ცნობილი იყო, როგორც "კოკაინის ქვრივი" და "ნარკო-ტრეფიკინგის დედოფალი".
გასული საუკუნის შუა პერიოდში სწორედ მისი თაოსნობით გადაჰქონდათ ნარკოტიკები კოლუმბიიდან მაიამიში, ნიუ-იორკსა და სამხრეთ კალიფორნიაში. ის ყველაზე დაუნდობელ მკვლელთა ნუსხაშიც ლიდერობს.
გრისელდა ბლანკო კართაგენში დაიბადა, ბავშვობის ადრეული წლები კი მედელინში გაატარა. სწორედ აქ იწყება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ხდება მეძავი და ტრიალებს ნარკორეალიზატორების წრეში. ამ საქმიანობაში ის 1970 წელს ერთვება, როცა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის, სადაც ნარკოტრაფიკის კომპანიას აარსებს. მოგვიანებით, კომპანია მთელ აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი ”კოკაინის იმპერიის” სახელს იმკვიდრებს.
ის არც სამართალდამცველების ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა სანამ პოლიცია ბლანკოს კვალს დაადგა, ის მშობლიურ კოლუმბიაში გაიქცა. მოგვიანებით კვლავ ბრუნდება აშშ-ში, ამჯერად მაიამიში.
მისმა დაბრუნებამ ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული ”ომი” გამოიწვია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბლანკო უკვე მთელ აშშ-ში ნარკოტიკების გამსაღებელი მთავარი ფიგურაა და მისი გავლენაც თანდათან იზრდება. მისი შემოსავალი ნახევარ თვეში დაახლოებით, 80$ მლნ-ია. მის ირგვლივ მყოფებს ესმოდათ, რომ მასთან ნებისმიერი ტიპის დაპირისპირება ძვირად დაუჯდებოდათ.
1985 წელს ბლანკო აშშ-ის ციხეში ხვდება, თუმცა ეს ბიზნესის გაკონტროლებაში ხელს არ უშლის და სადავეებს ამჯერად ციხიდან მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ბლანკოს ბანდის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მკვლელობის საქმეში მოწმედ მიიჩნია, მის წინააღმდეგ საქმე ვერ დაამტკიცეს და 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ კოლუმბიაში გაემგზავრა.
ამის პარალელურად, მას დრო პირადი ცხოვრებისთვისაც რჩებოდა. 20 წლის ასაკში კარლოს ტუჯილოზე დაქორწინა. წყვილს სამი შვილი ჰყავდა: დიქსონი, უბერი და ოსვოლდო. სამივე მათგანი ბანდასთან საქმის გარჩევების დროს დაიღუპა.
გრისელდა ბლანკოს ურთიერთობა ჰქონდა დარიო სეფულუდასთან. მათ შვილი, სახელად მაიკლ კორონე ბლანკო შეეძინათ. დაშორების შემდეგ დარიომ თავისი შვილი გაიტაცა და ბლანკომ მისი მოკვლა გადაწყვიტა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალმა მიზანს ამჯერადაც მიაღწია.
გრისელდა ბლანკო 2012 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ მადლინში დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლეს.
2017 წელს მისი ცხოვრების შესახებ გადაიღეს ფილმი Cocaine Godmother, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსი თამაშობს