ბლოგი

„დაე, შიმშილით დახოცილან და სიცივით გაყინულან...“,- განცხადება ახლადაშენებული კორპუსის კედლიდან

„დაე, შიმშილით დახოცილან და სიცივით გაყინულან...“,- განცხადება ახლადაშენებული კორპუსის კედლიდან
ქვეყანაში, სადაც ადამიანებიც ქუჩაში გაგდებული ძაღლების მზერით გიყურებენ და თვალებით დახმარებას გთხოვენ, ცხოველების უფლებებზე საუბარი შეიძლება, ვიღაცისთვის „რა დროს ეგაას“ საკითხებში გადიოდეს, მაგრამ როცა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი საკუთარი საცხოვრებლის კედელზე აკრავს განცხადებას და მიუსაფარი ძაღლებისთვის ლუკმა-პურის მიცემის წინააღმდეგ მანიფესტაციების მოწყობისთვისაც მზადაა, სასაუბროდ და საკამათოდ ნამდვილად ღირს.
სხვანაირად რომ ვთქვათ, მოთხოვნა იყო შემდეგი - ჭირსაც წაუღია უპატრონო ცხოველები, როცა მე ახალი სახლი მაქვს. ჩემი კორპუსის გაბწკრიალებული შემოსასვლელი ძაღლის თათებმა არ უნდა დასვაროს! შიმშილითაც დახოცილან და
სიცივეშიც გაყინულან, მთავარია ჩვენ ახალი სახლი გვაქვს! განცხადებაში წერდნენ იმასაც, რომ კორპუსი დემონტაჟს დაექვემდებარება თუ მცხოვრებლნი უპატრონო ძაღლებს ლუკმას გადაუგდებენ. თურმე, მსგავსი ფაქტების აღსარიცხად „შესაბამისი სამსახურებიც“ არსებობს. განცხადება ორენოვანია, მეტი დამაჯერებლობისა და უსულგულობის გამოსახატად.

მათი ნება რომ იყოს, ალბათ, ცაში ჩიტს და მიწაში - ჭიასაც არ გააჭაჭანებდნენ. აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, გამწვანებულ ეზოში დიდი გალავანი რომ აღმართონ და გუმბათიც დაადგან თავზე.


მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ ადამიანებმა სიყვარულის ძალა დავკარგეთ, არა, კატასტროფა ისაა, რომ ჩვენ მისი საჭიროება დაგვავიწყდა, განა, ეს განცხადება გამორციხავს იმას,რომ ავტორს სახლში ძაღლი ჰყავს? არა... როცა ამ მოთხოვნას ავრცელებდა, შესაძლოა, თავისი ძვირადღირებული ძაღლი, კიდევ უფრო ძვირადღირებულ ტახტზე წამომჯდარი ელოდებოდა პატრონის მოსვლას და ეჭვიც არ შეგეპაროთ, სახლში შემოსული, პირველად მას გადაუსვამდა თავზე ხელს. რატომ? ფული აქვს გადახდილი. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ კორპუსს ძაღლისთვის დაყრილი საკვები ამახინჯებს, ყველაფერს ფულით საზღვრავს, მისთვის სიყვარული სოციალურ ქსელში ფოტოს ქვეშ დაწერილი „მიყვარხარით“ იწყება და იქვე მთავრდება.

უპატრონო ცხოველები მიწას არ ამძიმებენ, ისინი მოთმინებით ელოდებიან როდის დავაღწევთ თავს „ძაღლურ ცხოვრებას“ და მათთვისაც მოვიცლით.
თათზე ცხვრიდაყრდნობილები გამვლელის დანახვისას ისე წამოხტებიან, თითქოს სწორედ იმ ერთადერთის მოლოდინში ათენებდნენ და აღამებდნენ. თუ მისთვის ძველი პურის ნატეხი არ მოეძევებათ, არ იფიქროთ, ძაღლმა კუდის ქნევა შეწყვიტოს. ის მანამ გამოგყვება უკან, სანამ შეძლებს და მერე კისერმოღერებული, ყურებდაცქვეტილი გააგრძელებს ცქერას. ბოლოს თავს დახრის და სველი მიწის სუნვით დაბრუნდება..თუმცა არსადაც არ დაბრუნდება, მათ ხომ დასაბრუნებელი არც კი აქვთ.



ძაღლებზე ბევრი თქმულა, მე ახალს რას ვიტყვი, მაგრამ ერთი ამბავი მეც მაქვს.
ხომ არის ასეთი შეკითხვა, საკუთარ თავს რას ვერ აპატიებდითო, ან წარსულის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდიო. ბანალურ კითხვებს ბანალურ პასუხებზე მეტად არაფერი უხდება და მეც ვპასუხობ, რომ ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორცაა. სინამდვილეში, საკუთარ თავს მთლიანად ავიღებდი და მის ნაცვლად ახალს ჩავდგამდი, მაგრამ ამას ვინ დამიჯერებს. არც იმას დამიჯერებენ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჩემი ძაღლის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას ვნანობ-მეთქი, რომ ვთქვა.
ბავშვობაში ერთი ძაღლი მყავდა, ჩემი ძაღლი. სახლში უამრავი ძაღლი გვყოლია, თუმცა ის მხოლოდ ჩემი იყო და მხოლოდ ის იყო ჩემი. თვითონ ვაჭმევდი, ვბანდი და სასეირნოდაც თვითონ დამყავდა, მიუხედავად იმისა, რომ წელამდე მწვდებოდა და წელში გასწორებული ჩემზე მაღალი იყო. ერთად ვიზრდებოდით, თუმცა ის ჩემზე სწრაფად... არ ვიცი, ძაღლებზე როგორ ამბობენ - ბოლო დროს ავადმყოფობდა? ჰო, რაღაც ასე... აღარ ჭამდა და სასეირნოდაც აღარ მეპატიჟებოდა.

რუსთაველის Coffeesta-ს დაცვა გაყინულ ძაღლს ათბობს
რუსთაველის Coffeesta-ს დაცვა გაყინულ ძაღლს ათბობს

იმ დღეს სკოლიდან გაბრაზებული რომ დავბრუნდი, ხესთან იწვა, კუდი გამიქნია და როცა კიბეებზე ავრბოდი, ვგრძნობდი, როგორ მაცილებდა მზერით. იმ დღეს არ მივსულვარ და დიდი, ღუნღულა ბეწვები არ დამიწნია, არც ზურგზე შემოჯდომა და გაჭენება მიცდია, არც გამარჯობა მითქვამს და არც მას გამოუწვდია ძლიერი თათი. იმ დღეს საერთოდ არ მინახვს.იმ დღის შემდეგ, მით უმეტეს. იმ დღის შემდეგ ძაღლი არ მყოლია, თუმცა ჩემს სახლში უამრავი ძაღლი ჰყავთ...
მას შემდეგ წლები გავიდა და რაც უფრო გადის, მით უფრო მეტად მეცოდებიან ქუჩის ძაღლები, რომლებსაც ისე ვერავინ ჩაიხუტებს, როგორც მე ჩემს ძაღლს. მათზე მხოლოდ განცხადებებს წერენ, ამბობენ, რომ კორპუსის იერ-სახეს ამახინჯებენ და შესაძლოა ბინა დემონტაჟს საჭიროებდეს.

დემონტაჟს თავად ექვემდებარებით, პატივცემულებო!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
123
რა უნდა დაწეროს კაცმა უგულო ადამიანი უნდა მოკვდეს ან ამ საბრალო არსებების ბედი მინდა ვუსურვო ფეშენებელურ კორპუსში კი არა, ჭერი არ ეღირსოს თავზე დარჩენილი ცხოვრება სიცივით და შიმშილით აკანკალებულმა და აწკავებულმა გაატაროს... უფერული ყოფილიყოს დარჩენილი დღეები მისთვის თითო ლუკმის ძებნაში გადაეყვლიფოს ფეხები საკუთარ ტყავზე იწვნიოს ამ არსებების გასაჭირი...აი ასე დავლოცავ რაც დაიმსახუროს ის მისცეს არსთა გამრიგემ...
16:43 / 17-12-2018
გამოხმაურება / 0 /
მახარე
კარგი ადამიანი ხართ !!! ნეტავი თქვენნაირები მრავლად იყვნენ. აბა ძემოთ ხსენებულ კორპუსში ცხოვრობენ ადამიანები, ან ეგ წარწერა კედელზე ადამიანის ნაწერია??? ამიტომაც ვაფასებ ძაღლს, რომ ადამიანს არ ჰგავს!!!
11:06 / 17-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93