XIX საუკუნის პეტერბურგში ყველაზე ცნობილი ავანტიურისტი, აფერისტი და ლეგენდარული ქურდი იყო...
სიმპათიური ქალი, ოქროსხელებიანი სონკა. შეინდლია-სურა სოლომნიაკი ვარშავის მიყრუებულ დაბაში დაიბადა. მამამისი მოპარულის შემსყიდველი და გამავრცელებელი იყო. კონტრაბანდასაც ავრცელებდა. სხვათა შორის, პატარა სურა, მამასთან მოსულ გადამყიდველებსაც კი ქურდავდა. მისი უფროსი და ადგილობრივი მეძავი და წვრილ-წვრილი ქურდი იყო. ფეიგას სამი ოფიციალური ქმარი ჰყავდა. მაგრამ პატარა დამ ყველაფერში აჯობდა. მას მარტივად შეეძლო მამაკაცებისთვის თავბრუსდახვევა, მათი მოტყუება და გაძარცვა. მისი აფერისტული სქემა პოლიციისთვის ამოუხსნელი რჩებოდა. მისი ნიჭისა და ძლიერი სულის მამაკაცებს შურდათ კიდეც. ამასთანავე, სონკა ჭკვიანიც იყო (5 უცხო ენა იცოდა) და არტისტულიც. მოგზაურობის დროს თავს ხან ბარონესად ასაღებდა, ხან ვიკონტესად.
ასეთია ქურდი ქალის ბედი...
მის ბავშვობაზე ცოტა რამაა ცნობილი. პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მამამ ახალი ცოლი მოიყვანა შინ. სოფია მუსიკის გაკვეთილებზე დადიოდა ადგილობრივ დიდგვაროვან ქალბატონთან. კლავიშებზე ლამაზ თითებს ისე დაასრიალებდა, რომ პედაგოგმა შესთავაზა მუსიკას გაჰყოლოდა და ოქროსხელებიანი სონკა შეარქვა. თავად ქალბატონი დაქვრივების შემდეგ დასთან, პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად და სოფიას დაჰპირდა, რომ თუ ის მასთან ჩავიდოდა, მასზე იზრუნებდა. როცა მამა გარდაეცვალა, პურის ფულის საშოვნელად ფეიგამ უმცროს დას მეძავობა შესთავაზა და შინ მდიდარი მამაკაცი მოუყვანა. დედინაცვალმა კი მდიდარი სასიძო უშოვა.
პირველად შეინდლია 1864 წელს, 18 წლის ასაკში, გათხოვდა. ცოლად გაჰყვა მდიდარი ვაჭრის ვაჟს ისააკ როზენბანდს და ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონას სურა-რივკას გაჩენის შემდეგ ქალმა ქმარი გაქურდა (500 მანეთი გაიყოლა თან, რაც იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო), გაიქცა და შვილიც მას დაუტოვა. შემდეგ რამდენიმე ხანი საროსკიპოში "იმუშავა", სადაც ფრანგული და გერმანული ენები და დახვეწილი მანერები შეისწავლა. მეორედ ბებერ, მაგრამ მდიდარ ებრაელს შელომ შკოლნიკს გაჰყვა, რომელიც ისე გაძარცვა, რომ მამაკაცს ვალები დაედო. მესამედ მიხეილ ბლიუვშტეინის ცოლი გახდა. მის გვარს სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. თუმცა, მანამდე ხან სოფია (ეს სახელი თავად შეირქვა) რუბინშტეინი იყო, ხან სოფია შკოლნიკი და სოფია ბრენერი. სულ ოთხი შვილი ჰყავდა. ბოლო ორი ბლიუვშტეინისგან.
"საქმეზე" მუდამ შენიღბული დადიოდა. პარიკი, დასაწებებელი წარბები, მკვეთრი მაკიაჟი, ფრანგული შლაპები და ძვირფასი ქურქები. ასე ელეგანტურად ჩაცმულმა სასტუმროების გაქურდვა დაიწყო. პოლიციელებმა საქმეს კოდური სახელი "გუტენ მორგენ" შეარქვეს. ქალი ნომერში შედიოდა და ძვირფასეულობას ეძებდა, თუ შეუსწრებდნენ, გაკვირვებას გაითამაშებდა, თითქოს ნომერი შეეშალა. მატარებლებში დიდგვაროვანს ან მდიდარ ქვრივს განასახიერებდა. მგზავრებს უშინაურდებოდა, ეკეკლუცებოდა და ჩაძინებულს ქურდავდა. თუ ადამიანს არ ეძინებოდა, ძილის წამალი მუდამ თან ჰქონდა. მატარებლიდან ყველაზე დიდი კუში ორჯერ მოხსნა. ერთხელ ციმბირელ ვაჭარს 300 ათასი რუბლი აწაპნა; მეორედ გენერალს - 213 ათასი. ოდესელ ბანკირს, კი რომელსაც სოფია სან-დონატოდ გაეცნო, "სასწარაფო საქმეების" გამო მატარებლით მოსკოვში დაემგზავრა. გვიანობამდე ისაუბრეს და დილით გაღვიძებულ მამაკაცს ჩანთში აღარც 43 ათასი რუბლი დახვდა და აღარც მნიშვნელოვაბი საბუთები.
მისი კრიმინალური ნიჭისთვის რუსეთი ღარიბი ქვეყანა გამოდგა და სოფია, ევროპას ესტუმრა.
სოფიას "სპეციალურიი აღჭურვილობა" ჰქონდა. მაგალითად, გრძელი ფრჩხილები, რომლის ქვეშაც ძვირფას ქვებს მალავდა, კაბა იმგვარად ჰქონდა შეკერილი, რომ ძვირფასი ქსოვილის მთელი ნაჭერი შეეძლო დაემალა. ქუსლიან ფეხსაცმელში კი სპეციალური სამალავი ჰქონდა.
ერთ დღეს იუველირ კარლ ფონ მელიას მდიდრულად ჩაცმული მანდილოსანი ეწვია. თავი ცნობილი ფსიქიატრის მეუღლედ გააცნო, 30 ათასის ღირებულების ბრილიანტის სამკაულები შეარჩია, ჩეკი გამოწერა და საღამოს გასანაღდებლად შინ დაიბარა. როცა იუველირი ფულის მისაღებად ფსიქიატრს აღნიშნულ მისამართზე ეწვია, კარი ფსიქიატრის ცოლმა გაუღო, როცა მამაკაცმა ფული და უფრო მეტიც, "ნამდვილ ცოლთან" შეხვედრა მოინდომა, სანიტრებმა გაკოჭეს და სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს, როცა სიმართლე გაირკვა, სონკა უკვე შორს იყო.
ერთ დღეს საიუველირო მაღაზიას ბარონესა სოფია ბუკსგევდი ეწვია, მამასთან, ჩვილთან და ბავშვის ძიძასთან ერთად. ქალბატონმა 22 ათასი რუბლის სამკაული იყიდა, მაგრამ "ბავშვის გადამკიდეს, სიჩქარეში საფულე ალბათ შინ "დარჩა". სოფია სამკაულებით მაღაზიიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი მხლებლები კი, "ფულის გაკეთების მსურველი" დაქირავებული მსახიობები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ნათესავები და ძიძა განასახიერეს.
სოფიამ ვერ გაუძლო პატიმრობის მკაცრ წესებს და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ერთ-ერთი ვერსიით. მეორე ვერსიით, ქალმა თავისუფლების მოპოვება შეძლო, ის ოდესაში დაბრუნდა და თავის საქმიანობას აგრძელებდა. ეს ჭორი იმ ფაქტმაც ააგორა, რომ სოფიასნაირი თაღლითი გამოჩნდა. მისი ხელწერა იყო თუ მისი ასლი არავინ იცის. ფაქტია, რომ შეინდლია-სურა სოლომნიაკი მართლა ოქროსხელებიანი აღმოჩნდა თავის საქმეში. მის ცხოვრებაზე მრავალსერიიანი ფილმია გადაღებული.
საინტერესოა, ის ფაქტი, რომ სახალინზე გარდაცვლილი ქალი, რატომღაც მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ სასაფლაოზე აღმოჩნდა დაკრძალული. მისი სასაფლაო ცალკე "მოვლენაა". აქ მუდმივად აწყვია ცოცხალი ყვავილები, მარმარილოს ქანდაკებაზე კი მილიონოთ მინაწერია ზოგი "ქურდების დედას" საქმეში დახმარებას სთხოვს, ზოგი კი ბანდის სახელით მოკითხვას უთვლის...
წყარო: chronoton.ru
ogend.ru
lookatme.ru