კოჭლი და უარყოფილი
მარია ანა ადელაიდა ლენორმანი ცნობილი ფრანგი წინასწარმეტყველი და მკითხავი იყო. იგი საფრანგეთის ქალაქ ალანსოში 1772 წლის 27 მაისს დაიბადა. თანადაყოლილი დეფექტი ჰქონდა: ერთი ფეხი მეორეზე მოკლე, ხოლო მხრები განუვითარებელი ჰქონდა. დედამისი მარიაზე რვა თვის ფეხმძიმედ იყო, როცა წაიქცა და ჩვილის დეფექტიც ამ ფაქტით ახსნეს. მამამისი ცნობილი და მდიდარი კაცი იყო. სურდა, მისი შვილი სხვა ბავშვებივით განვითარებული ყოფილიყო. დედა კი შიშობდა, რომ სუსტ გოგონას დაჩაგრავდნენ. ამიტომ ჩვილი ჯერ ბავშვთა თავშესაფარში, შემდეგ კი ქალთა მონასტერში მიაბარეს. საბედნიეროდ, მარია კარგი მოსწავლე გამოდგა. იგი ტაძარ ნოტრ-დამ-ბონ-სეკურთან არსებულ სკოლაში სწავლობდა, მის აღზრდაზე ბენედიქტელი მონაზვნები ზრუნავდნენ.
შინდაბრუნებულ მარიას უფროსები უჩვეულობას ამჩნევდნენ. ბავშვს შეეძლო გაეგო, რა ხდებოდა ფარდის, კედლის მიღმა; იცოდა, რომელ კომბოსტოში ცხოვრობდა მატლი. ბნელ სარდაფში ისე გადაადგილდებოდა, თითქოს ათასი ჩირაღდანი აენთოთ, არაფერს წამოჰკრავდა ფეხს, არაფერს დაეჯახებოდა თავით.
თანაკლასელებისგან განსხვავებით, მარია, მთელ თავისუფალ დროს მონასტრის ბიბლიოთეკაში ატარებდა. შეისწავლა ნუმეროლოგია, ძველი და ახალი აღთქმა ზეპირად იცოდა, გაეცნო საიდუმლო ცოდნას. ამავე დროს ასრულდა მისი პირველი წინასწარმეტყველება. მან აღმზრდელ-მონაზვნის ახლო მომავალში მგზავრობა და სიმდიდრე დაინახა. ორ თვეში ქალი ყველაზე მდიდრული სააბატოს უფროსად დანიშნეს, რომელსაც თავად დედოფალი მფარველობდა.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
მარია ანა ადელაიდა ლენორმანი</div>
1790 წელს თავისი მეგობრის დახმარებით სამკითხაო სალონი გახსნა. ადამიანის მომავლის გამოსაცნობად ასტროლოგიასაც იყენებდა. იმ პერიოდში მარიას სალონი ერთ-ერთი პოპულარული ადგილი იყო, სადაც ცნობილი ადამიანები იყრიდნენ თავს. ერთხელ მარატი, რობესპიერი, სენ-ჟუსტიენი ესტუმრნენ... მამაკაცები უფრო დასაცინად მივიდნენ კოჭლ მკითხავთან, მაგრამ მარიას ბოლო სიტყვებმა მაინც დააფიქრეს: "არც ერთს არ შეგრჩებათ თავი მხრებზე". მარატი შარლოტა კორდემ აბაზანაში დაჩეხა, დანარჩენ ორს თავი მოჰკვეთეს.
ეს წინასწარმეტყველება ბევრმა მოისმინა და როცა სიტყვები აცხადდა, ლენორმანს შავი მარია შეარქვეს. პარიზში უკვე ცნობილი წინასწარმეტყველის სახელით ჩავიდა. ამბობენ, რომ მარია ანტუანეტასაც გილიოტინაზე სიცოცხლის დასრულება მან უწინასწარმეტყველა.
1829 წელს ლენორმანს ჯოაკინო როსინი ეწვია, აინტერესებდა, ტრიუმფი და დიდება როდის ეწვეოდა. ლენორმანს კარტის გაშლა ნოტების რვეულზე შესთავაზა. მარიამ განუცხადა, რომ ოპერას აღარ დაწერდა, პარიზში კი მხოლოდ საკუთარი სიკვდილისთვის იყო ჩასული. "ვილჰელმ ტელის" შემდეგ როსინის აღარაფერი დაუწერია, ცნობილი გახდა, როგორც კულინარი და პარიზში, გაცხიმოვნებისგან გარდაიცვალა.
1832 წელს კი მარიას ონორე დე ბალზაკი ეწვია. ლენორმანმა უწინასწარმეტყველა რომანი უცხოელთან და სიკვდილი. პოლონელ გრაფინიაზე, ეველინ განსკზე დაქორწინებიდან 5 თვის შემდეგ მწერალი გარდაიცვალა.
"ფრანგი სივილას სალონი" - ასე ერქვა სამკითხაო სალონს, რომელიც მარიამ გადასახლების შემდეგ გახსნა. გადასახლებაში დრო უქმად არ დაუკარგავს და წიგნი დაწერა. დაწვრილებით აღწერდა, ვის შეხვდა, რა უწინასწარმეტყველა, როგორ და რამდენ ხანში ახდა.
1829 წელს მარია მეზობლის ბიჭს, პიერ დელეზის დაუმეგობრდა და მოგვიანებით გაუმიჯნურდა. მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ახალგაზრდა ბიჭს ლამის 40 წლით უფროსი ქალი შეერთო ცოლად. შეყვარებულები მარიას სახლში დასახლდნენ. პიერის მამამ, როცა შვილს "ჭკუა ვერ ასწავლა", მარიას სახლს ცეცხლი წაუკიდა. ხანძარმა მისი ვაჟი იმსხვერპლა, ლენორმანი კი მსახურმა გადაარჩინა. თავდასხმისა და საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მარიამ პირველად გაშალა კარტი საკუთარ თავზე და გაიგო, რომ 14 წლის შემდეგ უცნობი მამაკაცის ხელით მოკვდებოდა. წინასწარმეტყველება 1843 წელს ასრულდა. უცხო მამაკაცი მარიას საძინებელში შევიდა და ბალიშით გაგუდა. სიბერისგან დაუძლურებულ ქალს წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა. ვინ იყო იგი, ვერავინ დაადგინა. უკანასკნელ გზაზე ლენორმანი თითქმის მთელმა პარიზმა გააცილა. მოგვიანებით მის სახლში დღიურები აღმოაჩინეს და სახელმწიფო არქივში გრიფით "საიდუმლო საქმე" შეინახეს.