ბლოგი

„მაპატიე, მაგრამ ეს ბლოგი შენთვის არაა“ - იცნობდეთ დიდი დიღმის ტრაგედიის გმირებს

„მაპატიე, მაგრამ ეს ბლოგი შენთვის არაა“ - იცნობდეთ დიდი დიღმის ტრაგედიის გმირებს
თუ სათაურმა მიგიზიდა, მაპატიე, მაგრამ ეს ბლოგი შენთვის არაა.
ეს  მათთვისაა, ვინც სახლიდან ყოველ დილით ფართოდ დახუჭული თვალებით, ყურსასმენებითა და აირწინაღით გადის. ვინც დადის ისე, როგორც სჩვეოდათ დიდგვაროვნებს; არ ერიდება გამვლელებისთვის ბეჭის გაკვრას, არ უშინდება გადასასვლელებს, მღელვარებას სიგარეტით აქრობს და არ ემეტება არც ერთი ნაფაზი თანაგრძნობისთვის.

პერიოდულად კალენდარში გლოვის დღეებად გამოცხადებულ ახალ თარიღებს მონიშნავს და სიძულვილით სავსე ქალაქში ცხოვრებას მაინც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ეს მათთვისაა, ვინც საკუთარი ეგო რკინის არტახებში მოაქცია და დანარჩენი სამყარო აბლაბუდას
ქსელებში გაახვია. ამიტომაც იტყვიან ჩვენში, სადღაა ძველებური ცხოვრება, ურთიერთობები გაცივდაო, ხელს ჩაიქნევენ და გზას განაგრძნობენ, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებზე ქვემოთ უნდა მოგიყვეთ.
ცისკრის ვარსკვლავივით გამობრწყინდნენ და შეგვახსენეს, რომ ამ ქალაქს ვქმნით ადამიანები და არა კედლები. შეგვახსენეს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ერთმანეთის მიმართ და თურმე, სიყვარულს ისევ შეუძლია ცხოვრების ჩარხი წაღმა დაატრიალოს.

1. ტრაგედიით დაზარალებულთა ნაწილს დროებითი თავშესაფარი სასტუმრო „ტეხასის“ მეპატრონემ, სოსო შენგელიამ გამოუყო:


"როდესაც გავიგე მომხდარის შესახებ, დავრეკე ქალაქის მერიაში. ხალხს უჭირდა, დაბინავება უნდოდათ და ვთხოვე, ჩემთანაც მოსულიყვნენ. დაახლოებით ღამის 2 საათზე შემოიყვანეს. ანერვიულებულები იყვნენ. დიდუბის გამგეობა, მერია, ყველა ერთად დავდექით და რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენთან ექვსი ოჯახია გადმოყვანილი და კიდევ ორ ოჯახს ველოდებით. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედია არის და ყველა ერთმანეთს უნდა ამოუდგეს გვერდით“, – განაცხადა შენგელიამ.

2. დაზარალებულთა დასახმარებლად მზაობა გამოთქვა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამაც.


„ზაზა ფაჩულიას აკადემია იზიარებს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი აკადემია მზად არის, მოკრძალებულ, სასტუმროს ტიპის ოთახებში მოათავსოს დაზარალებულები. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ! დაგვიკავშირდით“,- ნათქვამია ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის განცხადებაში.

3. იცნობდეთ ფოტოგრაფ გიორგი ჟამერაშვილს, რომელმაც ნაავარიევი კორპუსიდან პირველი, შოკისმომგვრელი კადრები მოგვაწოდა.




აფეთქების ადგილას სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მედიაჰოლდინგ "პალიტრის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების ადგილი მოინახულა და პირველი, ექსკლუზიური ფოტოები სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.

4. თვითმხილველების თქმით, ექიმმა ოლეგ კვიციანმა, რომელსაც  ჟამერაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოზე ბავშვი უჭირავს, პატარა მამას ხელიდან გამოსტაცა, პირველადი დახმარება ჩაუტარა და გული აუმუშავა.


ექიმი და ბავშვი

"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორის, გიორგი ჟამერაშვილის მიერ დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილას გადაღებულმა ფოტომ სრულიად საქართველო შეძრა. მამაკაცი, რომელსაც უგონოდ მყოფი პატარა გოგონა უჭირავს ხელში, პროფესორი, ქირურგი ოლეგ კვიციანია.

5. სოციალურ ქსელში დახმარების სურვილით უამრავმა ადამიანმა დაწერა სტატუსი. მათ შორის იყვნენ კაფე „აპეტიტოს“ მფლობელები. მაღაზიები მზად იყვნენ, არ დაეკეტათ დაწესებულება, თუკი ვინმე მათთან შეფარებას მოისურვებდა:












და შენ, ვინც სათაურმა მიგიზიდა, ბლოგი გააზიარე, რათა გაიაზრონ, რომ სიყვარულით სავსე ქალაქს ახალი გლოვის დღე და ახალი კეთილი ადამიანები ჰყავს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ელისაბედ
როგორ გვიყვარს ერთმანეთი და როგორ ვერ ვხვდებით!
21:44 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
გია
ყველანი ზემოთ ჩამონათვალნი არიან ნამდვილი,ღირსეული ქართველი ადამიანები!
14:21 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი