ვინ იყო ერთადერთი ქალი რომის პაპი და როგორ გაშიფრეს ის - Marao

ვინ იყო ერთადერთი ქალი რომის პაპი და როგორ გაშიფრეს ის

2019-01-21 10:19:29+04:00

მასზე საუბარს რომის კათოლიკური ეკლესია გაურბის.
ლეგენდის თანახმად, ის ეკლესიამ სიკვდილით დასაჯა, რის შემდეგაც მისი მოღვაწეობის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი გაანადგურა. ასეთია რომის ერთადერთი ქალი პაპის იოანა მერვეს მოკლე ბიოგრაფია, თუმცა მისი ცხოვრება ვერც ამ სიტყვებში ჩაეტევა და არც იმით შემოიფარგლება, რაც ქვემოთ უნდა გიამბოთ.

საქმე ისაა, რომ არსებობს მითი, რომლის მიხედვით, აკრძალვების მიუხედავად, რომის პაპის ტახტზე მამაკაცის სამოსში გადაცმული ქალი, სახელად აგნესა ავიდა და იოანა მერვე იწოდა. ეს მოხდა 855 წელს პაპ ლევ IV-ის გარდაცვალების შემდეგ. ქალი ვატიკანს ორ წელზე მეტ ხანს მართავდა ისე, რომ მისი სქესი არავინ იცოდა.

ისტორია მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის ობოლმა გოგონამ თავის რჩენით მიზნით ბიჭის სამოსი მოირგო, იოანა დაირქვა  და მონასტერს მიაშურა. მისი გონებამხვილობა და შრომისუნარიანობა უყურადღებოდ სასულიერო პირებს არ დარჩენიათ, „ძმა“ იოანა ლანგლუი თავისად მალევე მიიღეს და ბერადაც აღკვეცეს, თუმცა გოგონამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ერთ მონაზონს დაუმეგობრდა და თავისი დიდი საიდუმლოც გაუმხილა.

იმ დღის შემდეგ ისინი დროს სულ ერთად ატარებდნენ და მონასტერშიც ჭორები მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ სწრაფად გავრცელდა. აგნესას საიდუმლო რომ არ გამჟავნებულიყო, გოგონები იძულებულნი გახდნენ მონასტერი დაეტოვებინათ. ისინი ჯერ ათენში წავიდნენ, შემდეგ იოანამ ( იგივე აგნესამ) ვატიკანში წასვლა და სასულიერო მოღვაწეობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა. მან ჯერ რომის პაპის კარზე მდივნის როლი მოირგო, შემდეგ კი მაშინდელი პაპის ლევ IV-ის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი რჩეული გახდა. პაპმა სიკვდილის წინ მემკვიდრეობაც სწორედ მას დაუტოვა.

ლეგენდის თანახმად, ასე მოხვდა ქალი პაპის ტახტზე და მის სქესს ეჭვის თვალით არავინ უყურებდა, თუმცა აგნესა დაფეხმძიმდა და მისი ბედის ბორბალიც უკუღმა დატრიალდა. პირველ თვეებში ქალი ამას მარტივად მალავდა, მაგრამ როცა მუცელი გაეზარდა, საჯარო გამოსვლები შეწყვიტა და ავადმყოფობა მოიმიზეზა. საუბედუროდ, სწორედ ამ პერიოდში ქვეყანა ეპიდემიამ მოიცვა და ხალხს ერთადერთ მხსნელად სწორედ ის ეგულებოდა. იოანა ვეღარ ახერხებდა დრო მშობიარობამდე გაეწელა და იძულებული გახდა, რომში მსვლელობა მოეწყო. ამბობენ, ზეცა შავმა ბურუსმა დაფარაო, ამინდის გაუარესებას, მისი ცუდად გახდომაც მოჰყვა თან და აგნესას მშობიარობა შუა ქუჩაში, უამრავი ადამიანის თვალწინ დაეწყო. ხალხი უყურებდა, როგორ ყვიროდა ძირს გართხმული სისხლში გახვეული მათი პაპი, რომელმაც იმ წამებში გარდაცვლილი ბავშვი დაბადა.

სრულიად ეკლესიას ელდა ეცა, ის ჯერ საკუთარ ცხენზე გამობმული ქუჩებში ათრიეს შემდეგ კი ჩაქოლეს. ასეთია ლეგენდარული იოანა VIII-ს ისტორია, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, არსბობდა თუ არა სინამდვილეში ეს ქალბატონი. კიდევ ერთი მითის მიხედვით, ბენედიქტე III-ს, რომელიც ტახტზე მის შემდეგ ავიდა, იოანას არსებობის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი გაუნადგურებია და ისტორიული ჩანაწერებიც შეუცვლია. ახალი ისტორია ამბობს, რომ ლევ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი პირდაპირ მან დაიკავა. თუმცა ისტორიკოსები კითხვების დასმას კვლავ არ წყვეტენ და აინტერესებთ, მაშინ ვინ არის ქალი, რომელიც პაპების ზოგიერთი ჩამონათვლის სიაში გვხვდება თანდართული მისი ფოტოთი. ამასთან, არეულია იოანეს სახელით ცნობილი პაპების ნომერაციაც.

საიდუმლო საიდუმლოდ რჩება და ვატიკანი კვლავ დუმს. საინტერესოა, თუ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ქალი პაპის ტახტზე არასდროს მჯდარა, მაშინ, რატომ არიდებენ თავს სასულიერო პირები ამ საკითხზე საუბარს? ან თუკი არ არსებობდა და ლეგენდაში სიმართლის მარცვალიც არაა,როგორ გაჩნდა ის? საქმეში ჩახედილი ადამიანები, ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.მათი აზრით, მთელი ისტორია ანტიპაპისტური განწყობის შექმნას ემსახურება და ცდილობს გაამყაროს შემდეგი სამი დებულება:

  1. სიცრუე ეკლესიის წიაღში
  2. მამაკაცებზე გაბატონებული ქალი, რასაც ეკლესია ეწინააღმდეგება
  3. სქესობრივად აქტიური პაპი

ლეგენდა პაპის გარდაცვალებით არ სრულდება. არსებობს მისი გაგრძელება, რომლის მიხედვითაც იოანას გაშიფვრის შემდეგ პაპად კურთხევამდე კანდიდატს სპეციალურად ამოჭრილ სკამზე სვამდნენ და მის სასქესო ორგანოებს ამოწმებდნენ, რის შემდეგაც კომისია გარეთ შეკრებილ ხალხს ატყობინებდა. ხალხიც ტაშის კვრითა და შეძახილებით - „OVUM” (ლათინური სიტყვაა და „კვერცხს“ ნიშნავს) ხვდებოდა ამ ამბავს.

ტყულ-მართალი რთული დასადგენია, მით უფრო მაშინ, როცა ეჭვი ისტორიული წყაროების განადგურებაზეც გვაქვს, თუმცა ვინ იცის...

წყარო: custodiya.blogspot.com