ბლოგი

მერი კინგსლი: შინაბერა, რომელმაც ევროპელებს აფრიკა შეაყვარა

მერი კინგსლი: შინაბერა, რომელმაც ევროპელებს აფრიკა შეაყვარა
ინგლისში, დედოფალ ვიქტორიას ეპოქაში, შინაბერებს გულით თანაუგრძნობდნენ. 30 წლის ქალს შეეძლო შინაბერას თავსაბურავი მოერგო და ამით საზოგადოებას მიანიშნებდა, რომ საქმროს, რომელიც იმ პერიოდის ინგლისში კატასტროფულად მცირე რაოდენობის იყო, აღარ ეძებდა. არადა, სწორედ შინაბერებს შეეძლოთ ახალი აღმოჩენებისთვის გამოენახათ დრო.
მერი კინგსლი პირველი ქალი იყო, რომელმაც მარტომ აფრიკის გამოკვლევას მთელი ცხოვრება შეალია. მერი ნამდვილი ინგლისელი ლედი იყო. აფრიკულ საზოგადოებაშიც კი ინგლისური მოდის შესაბამისად ჩაცმული ჩნდებოდა. მისი აზრით, მხოლოდ ფუშფუშა კაბამ გადაარჩინა, როცა მონადირეების მიერ დაგებულ ორმო-მახეში ჩავარდა;
ელეგანტური ქოლგა ნიანგებთან საბრძოლველად ეხმარებოდა, კორსეტი კი ყველა სახიფათო სიტუაციისგან იცავდა.

თუ კითხვა გაგიჩნდათ, რამ წაიყვანა აფრიკაში შინაბერა? გიპასუხებთ, რომ მამამისი ცნობილი მოგზაური ჯორჯ კინგსლი იყო. მართალია, ქალები მოგზაურობდნენ, როცა მისიონერებს ან ოფიცრებს მიჰყვებოდნენ ცოლად, მაგრამ შინაბერები იშვიათად მოგზაურობდნენ, თანაც, მარტოები და თანაც, აფრიკაში...

მერი კინგსლი
მერი კინგსლი

გოგონა, რომელიც ბიბლიოთეკაში იზრდებოდა

ოჯახში ცნობილი მხოლოდ მამა არ იყო. მერის ორი უფროსი ძმა, ჩარლზი და ჰენრი რომანებს წერდნენ. თავად ჯორჯი საკმაოდ ხატოვნად გადმოსცემდა მოგზაურობის ამბებს. მერი გოგონა იყო და მის განათლებაზე ოჯახში დიდად არ ზრუნავდნენ. ის მთელ თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა. მისთვის საშიშ, სამეცნიერო ლიტერატურასაც კითხულობდა (დედოფალ ვიქტორიას ეპოქაში მიაჩნდათ, რომ ქალს განათლების მიღება და "მამაკაცური" წიგნების კითხვა არ შეჰფეროდა). განსაკუთრებით მაშინ, როცა მამასთან მოგზაური მეგობრები იკრიბებოდნენ.

გოგონას საკუთარი მამა 6-დან 11 წლამდე ნანახი არ ჰყავდა, რადგან ის ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაურობდა და ადგილობრივების ცხოვრების წეს-ჩვეულებებს იკვლევდა.
ნამდვილი ლედის ცხოვრება 11 წლის ასაკში კარდინალურად იცვლება, მას მშობლები დახურულ სკოლა-პანსიონატებში გზავნიან. მერის კი სულ სხვა მიმართულებით უნდოდა განვითარება. უცხო მიწაზე მცხოვრები ადამიანების დაცვა და მათი ცხოვრების შესწავლა სურდა, მაგრამ ის გოგო იყო...


შალისკაბიანი შინაბერას არაჩვეულებრივი თავგადასავალი

მერი პატარძლობის ასაკში იყო, როცა დედამისი ავად გახდა. მისი მოვლა გოგონას დაევალა, მამაკაცები სახლში იშვიათად იყვნენ. შეიძლება მერი იმიტომ არავინ ითხოვა, რომ შეუხედავი იყო, ან იმიტომ, რომ მუდამ შინ იჯდა, ხან დედას უვლიდა, ხან - კითხულობდა?..
30 წლის ასაკში დაობლდა და მემკვიდრეობით 4 ათასი გირვანქა სტერლინგი დარჩა. შეიძლება ამ ფულის გამო მაინც მოეყვანა ვინმეს ცოლად, მაგრამ მერიმ მოგზაურობა გადაწყვიტა. მან მედდის კურსები დაამთავრა, ჩემოდანი ჩაალაგა და აფრიკისკენ გაეშურა. არ აშინებდა, რომ ჯუნგლებში მხეცები, კაციჭამიები დაძრწოდნენ. ამბობენ, მერის ურჩევდნენ, მამაკაცური კოსტიუმით ემოგზაურა, მაგრამ კინგსლი სიცოცხლის ბოლო დღემდე ნამდვილი ინგლისელი ლედი იყო.

ერთხელ მერი მონადირეებმა შეიპყრეს. ქალი იმდენად სასაცილოდ მოეჩვენათ, რომ მაიმუნების მოსატყუებლად გამოიყენეს. საბრალოს რამდენიმე საათი მოუწია ფეხზე დგომა, სანამ მონადირეებმა საჭირო რაოდენობის მაიმუნი არ შეიპყრეს.
რამდენიმე საინტერესო თავგადასავლის შემდეგ კინგსლი ინგლისში დაბრუნდა, გამომცემლებს გაესაუბრა ისტორიების გამოქვეყნებაზე და ზოოლოგ ალბერტ გიუნტერს შეხვდა. აინტერესებდა, მეცნიერისთვის რომელ ცხოველებზე მოეპოვებინა ინფორმაცია. მერიმ უდიდესი წვლილი შეიტანა ზოოლოგიის განვითარებაში. მან შეისწავლა ევროპელებისთვის იმ დრომდე უცნობი თევზები, ცხოველები და კაციჭამიები...

კინგსლი, კაციჭამიების დამცველი

აფრიკაში მერიმდე კიდევ ერთი თავგადასავლების მოყვარული ქალი მისიონერი მერი სლისორი იმყოფებოდა. ის მარტოდმარტო დადიოდა აფრიკულ სოფლებში და მათ სასარგებლო ცოდნას უზიარებდა. მერი სლისორი იყო პირველი თეთრკანიანი ქალი, რომელიც აფრიკის მიყრუებულ სოფლებში იხილეს. ორი მერი ერთად იბრძოდა აფრიკელების გადასარჩენად და დასაცავად. ამასობაში კი ინგლისში მერის მოგზაურობაზე პუბლიკაციები იბეჭდებდა. შინ დაბრუნებული ლექციებს კითხულობდა. ის პირველი ქალი იყო, ვინც მანჩესტერისა და ლივერპულის პალატებში სიტყვით გამოვიდა.

მერი კინგსლი ამტკიცებდა, რომ შავკანიანები ველურები და კაციჭამიები არ არიან და ისინიც იმსახურებენ სიკეთესა და პატივისცემას. იმავე დროს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ინგლისელებისა და ბურების ომი გაჩაღდა. მერიმ ინგლისი მიატოვა და კეიპტაუნში მედდად გაემგზავრა. ათი მედდის ნაცვლად მუშაობდა და სამედიცინო პუნქტი ნამდვილ სანატორიუმად გადააქცია. სამწუხაროდ, კინგსლი ტიფით დაავადდა. იმ პერიოდში ეს სასიკვდილო განაჩენი იყო და მერიმ ორი სურვილის ასრულება ითხოვა: განმარტოებით გარდაცვლილიყო, როგორც ჯუნგლის ნამდვილ ველურს შეეფერება და ზღვაში დაემარხათ... მისი ორივე სურვილი ასრულდა.

წყარო: goodhouse.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93