ასეც ხდება, ალბათ.
სადმე... ალტერნატიულ საქართველოში.
თუმცა აქ ნამდვილად არა.
აქ 4 წლის შვილებს ცემით ხოცავენ. ქალებზე სექსუალურად და ფიზიკურად ყოველდღე ძალადობენ.
აქ ქმარგაშორებულმა გოგონებმა ქუჩაში თავდახრილებმა უნდა იარონ, ქვრივებმა თვალები აქეთ-იქეთ არ უნდა აცეცონ. აქ თუ თხოვდები, „რაღა დროს სიყვარულია“.
ამის პარალელურად, ეს ქვეყანა სავსეა „აჩიკოებით“ (ვიტყვი მაინც ), „ზაზასნაირებით“ საყვარლების გაჩენისა და ცოლზე ძალადობის ლეგიტიმური უფლებებით. ჰოდა, იქ, სადაც გაეროს ბოლო კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და 7-დან ერთი ოჯახში თავს დაუცველად გრძნობს, გასაკვირი არაა, რომ "ჩცდ"-ის ზაზას პერსონაჟის საქციელი მაყურებლების დიდმა ნაწილმა ირაციონალურად, „კინოა რაად“ და „გულშემატკივრისთვის თავზე ლაფის დასხმადაც“ კი შეაფასა. ალტერნატიულ „სადაქალოში“ ქელეხს გადავრჩით, თუმცა, ეჭვგარეშეა, ჩვენი,რეალური „ქართველი ვაჟკაცები“ არც სცენარისტების ლანძღვა-გინებას დაიშურებენ და არც მსახიობებს დააკლებენ, თუმცა ზაზას არც ქეთის მკვლელობას შეარჩენდა გაშმაგებული გულშემატკივარი, რაც ნიშნავს, რომ სერიალმა მისია შეასრულა, გზავნილები სწორი შერჩეულია. არც ისე დამაჯერებელი, მაგრამ დროული.
თუმცა, უცებ მთელი ქვეყანა აკუტაგავას „კაპების ქვეყანაში“ რომ აღმოვჩნდეთ და თავდაყირა დავდგეთ, იქნებ უკეთესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში აღარაფერი დარჩა მოსაწონი ისეთ მდგომარეობაში, როგორადაც აღვიქვამთ. ჰოდა, ტელეეკრანებიდან მსგავსი სიგნალების გავრცელებამ იქნებ შეგვახსენოს, რომ ძალადობა და მით უფრო, მკვლელობა „ვაჟკაცობის“ სახელითაც დანაშაულია, თან ისეთი, მთელი ცხოვრება რომ გაგყვება და იმ უკურნებელი სენივით გტანჯავს, რომელიც არც გკლავს და არც გაცხოვრებს. ასეთი მუდმივმტანჯველი ტკივილი ქეთისაც სამუდამოდ გაჰყვება. მის ტკივილს სინდისის ქენჯნა ერქმევა, რომელიც ბედნიერების ყოველ წამს გაახსენებს ღალატსა და პატიებას. ამ ორიდან უკანასკნელი უფრო გაანადგურებს. ასე ხდება ზოგადად, როცა პასუხს არ გაგებინებენ, შიში გადაიქცევა ჯერ გაკვირვებად, შემდეგ სინანულად და თვითონ იწყებ საკუთარი თავის წამებას.
ზაზას პერსონაჟი ვისთვის ზნემაღალ პიროვნებად, ვისთვის კი „ქალაჩუნად“ წარმოგვიდგა, მაგრამ ჩაძინებული ქეთის მობილურზე მიღებული შეტყობინება მე მაინც ქეთის სიზმარი ან ჰალუცინაცია მგონია. ერთი კი ცხადზე ცხადია, ზაზა არაქართულად, თუმცა არა არაკაცურად მოიქცა, დააბნია სრულიად საქართველო, იქაურიც და აქაურიც.
ვამბობ, საქართველოში არ აპატიებდნენ-მეთქი, სინამდვილეში ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მისი სიმწირით ვერც ამერიკა დაიკვეხნის. გასული წლის 7 მაისს ჟურნალმა The New Yorker-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ოთხი ქალი ჰყვება, რომ მათი ყოფილი პარტნიორის, ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის, ერიკ შნაიდერმანის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არაერთხელ ყოფილან. შემთხვევები 2013-2017 წლებში ხდებოდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ გენპროკურორმა თანამდებობა დატოვა. ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს, ზოგიც დასჯილა, ბევრიც - არა. მთავარი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, რომ როცა საქმე ძალადობას ეხება, არ არსებობს „ოჯახური“, „შინაური“ და მსგავსი ტერმინები. ძალადობა ყველას საქმე ხდება, ცოლის დაქალების, მათი დედების, პოლიციის და მეზობლებისაც კი.