გუსტავ კლიმტი- არაერთი ადამიანის საყვარელი მხატვარი, რომლის ნახატებიც სინაზის, რომანტიკის, სიშიშვლის, მშვენიერების და სილამაზის ტრიუმფია.
ეს სიმპათიური გენიოსი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა, სადაც მამაც და ძმებიც ხატვით იყვნენ დაკავებულნი.
თავიდან ადგილობრივი შენობების მოხატვაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი გაცილებით სერიოზული შემოთავაზებები მიიღო.
1885-86 წლებში უკვე ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად ვენის „ბურგთეატრსა“ და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს აფორმებდა. მუშაობის დასრულების შემდეგ იმპერატორმა ფრანც იოსიფმა კლიმტი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.
გუსტავის ერთ-ერთი ცნობილი და ამავდროულად, გამორჩეულად რომანტიკული ნახატი ალბათ ყველა ადამიანს უნახავს.
„კოცნა“ - ამ დროისთვის მისი ორიგინალი ვერსია ბელვედერის სასახლეში ინახება.
უფსკრულის პირას მდგომი წყვილი, ბუნების სილამაზე, ვნება, რომელიც საზღვრებს სცილდება... წარმოუდგენელია იმის სრულად ჩამოთვლა ან აღწერა, რაც ამ ნახატის ყურების დროს მთელი სისავსით შეიძლება იგრძნოს ადამიანმა.
ამ შედევრის შექმნის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ასე, მაგალითად: შეიძლება კლიმტმა დაგვაბნია, როცა განაცხადა, საკუთარი თავი არასდროს დამიხატავსო, რომ არ გვეეჭვა მთავარი. დიახ, არსებობს ვერსია, რომ ნახატზე სწორედ კლიმტია გამოსახული თავისი სიყვარულის ობიექტთან ერთად. თუმცა, მკვლევართა აზრით, ეს იყო შურისძიება.
რატომ? ამბობენ, რომ „კოცნა“ ერთმა ცნობილმა გრაფმა თავისი სატრფოსთვის შეუკვეთა მხატვარს. მისცა მედალიონი ქალის პორტრეტით და უნდოდა, ტილოზე მისი და მისი სატრფოს ვნებიანი კოცნა ყოფილიყო გამოსახული.
მხატვარმა შეკვეთა შეასრულა, გრაფი კმაყოფილი დარჩა, თუმცა გაუჩნდა კითხვა - ნახატზე ქალი კოცნითვე რატომ არ პასუხობდა.
კლიმტმა უპასუხა, რომ სცადა, სურვილი გამოეხატა, რადგან თავად კოცნის უდიდესი ნეტარების გადმოცემის უნარი უბრალო ფუნჯს არ შესწევს.
მათი ვერსიით, „კოცნის“ საიდუმლო შემდეგში მდგომარეობდა: მხატვარს ტილოზე მუშაობისას თავად შეუყვარდა მედალიონზე გამოსახული გოგონა. ხატვის დროს ეჭვიანობამ შეიპყრო და ამიტომ დახატა არა კოცნა, არამედ კოცნის მოლოდინი - ამით ერთგვარად შური იძია გრაფზე, რომელსაც მისთვის სასურველი ქალის სიყვარული ხვდა წილად.
კაშკაშა ოქროსფერი - მხატვარს ყველა სხვა ფერზე მეტად უყვარდა, რაც მის ნახატებში ნათლად ჩანს.
საბედისწერო ქალები - ისინი დღეს კლიმტის ნახატებმა შემოგვინახეს. ერთ-ერთი მათგანია „დანაე“. ემოციების ქარიშხალში მოქცეული, ლოყებშეფაკლული შიშველი გოგონა ჟღალი თმით და თეთრი ფერის კანით.
მხატვრის პირადი ცხოვრება ამაღელვებელი და უცნაური გახლდათ. მას ქალის სხეულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მხოლოდ კი არ მოსწონდა, ცდილობდა, ფუნჯით გამოეხატა ის, თუ როგორ აღმერთებდა ამ ქმნილებას.
კლიმტის ცხოვრებაში ამბოხის დრო დადგა, როცა ძმა და მამა გარდაეცვალა. იმ პერიოდში ჩამოაყალიბა ავანგარდული ჯგუფი „სეცესიონი“ და კონსერვატიული საზოგადოება შემოიკრიბა. წლების შემდეგ მას აუბუნტდნენ. დიახ, მის ნამუშევრებს ეროტიკის სიჭარბეს და მოტივების აღრევას ვერ პატიობდნენ.
ეროტიკული ალეგორიების ოსტატის ეს არანაკლებ ცნობილი ნახატებიც მის პირად ცხოვრებას უკავშირდება. მათგან განსაკუთრებულია "ფრეიას ცრემლი". ოქროს ცრემლებით ატირებული მშვენიერი ქალი... ამ ნახატზე სევდაც კი ბრწყინავს...
განსაკუთრებულ ისტორიას უკავშირდება ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი: მას „ოქროს ადელს“ და ავსტრიულ „მონა ლიზასაც“ უწოდებენ. პორტრეტის შესანარჩუნებლად ავსტრიელებმა რა არ გაიღეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და სევდიანი გაცილებაც კი მოუწყვეს.
ადელი 18 წლის ასაკში იძულებული გახდა, რომ მასზე გაცილებით უფროს მამაკაცს - ფერდინანდ ბლოხ-ბაუერს გაჰყოლოდა ცოლად. ის იყო ნაკითხი და ჭკვიანი ქალბატონი, რომელსაც გუსტავ კლიმტი უგონოდ შეუყვარდა. ქალების მოყვარულ გუსტავსაც უყვარდა ის, თუმცა სიყვარულმა დიდხანს არ გასტანა.
„ადელი რომანტიკული ქალბატონი გახლდათ, ოთხ ენაზე კითხულობდა კლასიკას. გათხოვების შემდეგ მოდური სალონი შექმნა, სადაც პოეტები, მწერლები და ვენის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. სწორედ ამ სალონში გაიცნო გუსტავ კლიმტი“.
ფერდინანდმა გადაწყვიტა, ჭორებისა და ატეხილი აჟიოტაჟის გამო შური თავისებურად ეძია.
გამოცხადდა კლიმტთან და ადელის პორტრეტი შეუკვეთა. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეკვეთა. მოთხოვნა გულისხმობდა 100 ესკიზის მომზადებას. დაე, იმდენ ხანს ხატოს ადელი, ვიდრე არ შეეზიზღება - ფიქრობდა ფერდინანდი.
თანხმობის შემდეგ კლიმტი უარს ვეღარ იტყოდა, რადგან ეს გაკოტრებას უქადდა.
პირობა შესრულდა. 100-მდე ესკიზი შეიქმნა, რასაც 4 წელი დასჭირდა. ამასობაში კლიმტის და ადელის გრძნობები განელდა.
ადელი ხშირად ეწეოდა, მალევე გარდაცვლილ შვილებზე დარდობდა. ქმარი კი სიცოცხლის ბოლომდე არ უმხელდა, რომ მის ღალატზე ყველაფერი იცოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ცოლი არ ჰყოლია, კლიმტი მარტო არც გარდაცვალების დროს ყოფილა. არსებობდა ქალბატონი - ემილია ფლიოგე, რომელიც მისი რძლის და გახლდათ. ის მოდების სახლის მფლობელი იყო. ემილია მრავალჯერ გახდა მისი მუზა. იყო მის გვერდით ბოლო წამამდე, მაგრამ არასდროს ჰქონია ცოლის სტატუსი.
კლიმტის მკვლევართა აზრით, მხატვარსა და მის მუზას პლატონური ურთიერთობა ჰქონდათ და ეს მაშინ, როცა კლიმტს უამრავი საყვარელი ჰყავდა, თან არა მარტო მენატურე ქალები, არამედ ვენის მაღალი საზოგადოების ქალბატონებიც...
ასეა თუ ისე, სწორედ ემილიას კალთაში დალია სული 52 წლის კლიმტმა, საკუთარ სახელოსნოში, იქ, სადაც ინსულტმა და პნევმონიამ სძლია.
გუსტავ კლიმტმა ვერ დაამარცხა ავადმყოფობა, მაგრამ დაამარცხა დრო და ყველა განზომილება, რადგან მის ნახატებში მისი ყოველი ემოცია და სულია. ის დღემდე არის ინსპირაციის წყარო და რაღაც ახლის დასაწყისი.
„მე ვარ მხატვარი, რომელიც დილიდან დაღამებამდე ხატავს. ვისაც სურს, რამე გაიგოს ჩემზე, ყურადღებით შეხედოს ჩემს ნახატებს"...
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 6 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი და პაბლო პიკასო. 24 ივნისიდან გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ პაბლო პიკასოს ორი რჩეული ტილო - "კოცნა" და "ავინიონელი ქალიშვილები". ასევე, დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13