ტვიგი - გოგო, რომელიც მასიური ანორექსიის მიზეზი გახდა - Marao

ტვიგი - გოგო, რომელიც მასიური ანორექსიის მიზეზი გახდა

2019-02-01 10:24:51+04:00

60-იან წლებში ვერავინ იფიქრებდა, რომ ზედმეტად გამხდარი და დიდი თვალების მქონე გოგონა მოდის ოლიმპს დაიპყრობდა. გაიცანით, ტვიგი!
ლესლი ჰორნბი 1949 წლის 19 სექტემბერს ლონდონის გარეუბანში დაიბადა. ოჯახში მესამე ბავშვი იყო. ყველაზე პატარა და ყველაზე გამხდარი ყველაზე პოპულარული გახდა, თუმცა, მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. თინეიჯერი სკოლის შემდეგ სილამაზის სალონში მუშაობდა. ერთ დღესაც სალონში ანტიკვარიატით მოვაჭრე ჯასტინ დე ვილნევი შევიდა და ლესლის დანახვაზე აღფრთოვანებით აღმოხდა: "შენ მოდელად უნდა მუშაობდე!"

"წკეპლა"

ინგლისელები სიტყვის პატრონები არიან და ნათქვამი საქმედ იქცა. პირველი ფოტოსესია იმავე სალონში შედგა, სადაც ლესლი მუშაობდა. უფრო სწორად, ეს იმ სალონის რეკლამა იყო. ლესლის თმა ბიჭივით შეკრიჭეს, თვალები კი მაკიაჟით მეტად გამოუკვეთეს. ფოტოგრაფმა, რომელმაც პირველი ფოტო გადაუღო, უწინასწარმეტყველა, რომ იგი სუპერვარსკვლავი გახდებოდა. სახელი ტვიგიც ("წნელი", "წკეპლა") მან შეარქვა.

ტვიგიმანია

1966 წელს სარეკლამო ბროშურამ მთელი ქვეყანა მოიარა და ყველა ტვიგიზე გადაირია. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ქალების ჟურნალებში, მაისურებზე, ჩანთებზე. Daily Express-მა გოგონა წლის სახედ აღიარა. ბარბის თოჯინების კოლექციაში არსებობს ბარბი-ტვიგი.

ტვიგის შემხედვარე, გოგონები შიმშილობით იკლავდნენ თავს. სურდათ, 40 კილომდე დაეკლოთ წონაში. ტვიგის დედოფლობის ეპოქაში მისი მიმდევარი გოგონების ქუჩაში შიმშილით გამოწვეული გულის წასვლები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა, მათ არც მამაკაცები ჩამორჩებოდნენ, ყველას სურდა, ტვიგის საყვარელი მამაკაცი გამხდარიყო.

არსებობს აზრი, რომ მოდელები გონებასთან არ მეგობრობენ, რასაც ტვიგიზე ვერ ვიტყოდით. ინტერვიუებში მუდამ ამბობდა, რომ მოდელი "ლამაზი სამოსის საკიდია", მას კი სერიოზული საქმიანობით სურდა სახელი გაეთქვა. "დედაჩემი "ვულვორტში" მუშაობდა, მამაჩემი ხელოსანი იყო. როცა მოდელი გავხდი, დიდხანს ვერ გამეგო, რა სამყაროში მოვხვდი".

მოდელობიდან მსახიობობამდე

სამოდელო ბიზნესის დასრულების შემდეგ ტვიგი მსახიობი გახდა. ამერიკელმა რეჟისორმა კენ რასელმა "ბოიფრენდში" მთავარი როლი შესთავაზა. ფილმი XX საუკუნის მიუზიკლის საფუძველზე შეიქმნა. სხვათა შორის, კინოკრიტიკოსებმა ექსმოდელის ნიჭი დააფასეს და მან ორი "ოქროს გლობუსიც" მიიღო. შემდეგ სცენაზე მოსინჯა თავი და ელიზა დულიტლი განასახიერა "პიგმალიონში".

პირადი ცხოვრება

ამბობენ, რომ, როცა ერთ სფეროში გიმართლებს, მეორე ჩრდილში რჩება. ასე იყო ტვიგის შემთხვევაშიც. პროფესიაში წარმატებულმა პირადი ცხოვრება ვერ აიწყო. მამაკაცებისგან უყურადღებოდ არ იყო, მაგრამ... პირველად ჯასტინს გაჰყვა ცოლად, შემდეგ კინოპარტნიორ მაიკლ უიტნიზე დაქორწინდა. წყვილს გოგონაც კი ეყოლა, მაგრამ მამაკაცი უფრო მეტ დროს ალკოჰოლთან ატარებდა, ვიდრე ოჯახში. ისინი დაშორდნენ...

გადაღებების პარალელურად, ტვიგი მღეროდა კიდეც. ცნობილია მისი კომპოზიცია, რომელსაც შვილთან და ბრაიან ადამსთან ერთად ასრულებს.

მესამე და სამართალი

ახლა ტვიგი მსახიობ ლეი ლოუსთან ერთად ცხოვრობს. ეს მისი მესამე ქმარია. ერთმანეთი ფილმის გადაღებისას გაიცნეს. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.

ტვიგი დღეს

ჩვენს სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. მუდმივი მხოლოდ სიყვარულია. ზოგიერთს ტვიგი ახლაც უყვარს და ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მისი ფოტოების გარეშე. მას კი სიბერეზე საკუთარი მოსაზრება აქვს: "სიბერე არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადაყარო, თბილი ფლოსტები და ფლანელის შარვალი გეცვას და თბილ პლედში გაეხვიო. ახალგაზრდა შეგიძლია 70 წლის ასაკშიც იყო. ფრედ ასტერი (ამერიკელი მსახიობი და მოცეკვავე) 72 წლის იყო, როცა მას 20 წლის შევხვდი და უგონოდ შემიყვარდა".

როცა ტვიგი 60 წლის გახდა, ფლორისტებმა ვარდის ახალი სახეობა გამოიყვანეს და "ტვიგი" დაარქვეს. 1998 წლიდან ახალი პროფესია აითვისა, ტელეშოუ Twiggy’s people მიჰყავდა. იგი დღესაც პოპულარულია, იღებენ რეკლამაში, გამოდის ტელევიზიით და ტკბება ცხოვრებით.

2018 წელს ტვიგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი გახდა. სამეფო ჯილდო ქველმოქმედებაში, მოდასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

წყარო: historytime.ru