ერთხელ ვიღაცამ მითხრა, ოჯახის შექმნამ თუ უღელში შეგაბა, იქ ყველაფერი თავიდანვე განწირულია, რადგან ხშირად, მასზე ტვირთი არათანაბრად ნაწილდება და დიდი წილი ქალის საზიდიაო, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ასე ხდება - წყვილები უღლდებიან, მხრებზე სტრეოტიპებს შემოილაგებენ და ბოლოს ტარებით იღლებიან.
გათხოვების შემდეგ ქალების დიდი ნაწილი უარს ამბობს კარიერაზე (თუმცა უარის თქმა საჭიროც არაა, ისედაც ყველაფერი აშკარაა, წესია ასეთი). 10 წლის წინ ჩემი მეგობარი რომ გათხოვდა და თმები შეიღება, არავის გაგვკვირვებია, მაგრამ თმებს ჯერ ოთახების კედლები, მერე ექსტერიერი მიაყოლა და ისე გადაიქცა მეოჯახე ქალად, ვერავინ შევამჩნიეთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გადის წლები და მისი ცხოვრება ნელ-ნელა ისევე ფერმკრთალდება, როგორც წლების წინ შეღებილი სახლის კედლები. საკუთარი სურვილები და ოცნებები 4 ადამიანში ულუფებად გაანაწილა და ახლა თავისი მიზნების განხორციელებას სამ შვილში ხედავს.
საკუთარ სამყაროში არ ჩაკეტილა, რადგან საკუთარი აღარაფერი დარჩა. სახლში ჩაიკეტა, რომლის ოთახებსაც ისევ ისეთი რუდუნებით ღებავს, როგორც ადრე და იმედი აქვს, რომ მასთან ერთად თვითონაც ახალ სიცოცხლეს შეიძენს, თუმცა ცდება, რადგან მისი გემოვნებით საღებავიც კი არ აურჩევია. ერთი ოთახის ფერი მეუღლემ აარჩია, მეორე -ერთმა შვილმა, მესამე - მეორე შვილმა და ასე ცხოვრობს სხვის ფერებში, სხვისი ოცნებებით.
ასეთი ქალების უმეტესობას მეგობრებისთვის, ანუ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა რომ უჭირს, მოგეხსენებათ და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად გასაკვირი უნდა იყოს, ერთ დღესაც თუ დაგირეკავთ და გეტყვით:
- ჩიტო, სასწრაფოდ ჩემთან უნდა გაჩნდე, ტყეში ვარ მარტო და მგონი, დავიკარგეო.
ტყეში? მარტო? მარტო! სამი შვილის დედა! მარტო!!!
სოფომ რომ დამირეკა და ტყეში დაკარგვის ამბავი მახარა (უხაროდა!), მთელი გზა ვფიქრობდი, ალბათ თავისმა გადარეულმა შვილებმა ნატურალური საკვები მოსთხოვეს, პირდაპირ ტყიდან-მეთქი.
ბევრი მინიშნების, მანქანის სიგნალებისა და ტურებივით ღმუილის შემდეგ ვიპოვე და კითხვაზე, აქ რა დაგრჩენია-მეთქი, არ გაინტერესებთ, რას მპასუხობს? თავგადასავლებიო.
თავგადასავლები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ გასამშვილიანების შემდეგ ეს სიტყვა და მის შინაარსთან დაკავშირებული ამბები საერთოდ დაივიწყა.
ჯერ გამიკვირდა, მერე რომ მივხვდი, საღ გონებაზე იყო, არიქა, გვეშველა-მეთქი, გამიხარდა, მაგრამ მოულოდნელად ტირილი აუტყდა და სადარდებელი გამიზიარა. ზუსტად ის, რაც ზემოთ გიამბეთ. თურმე, წიგნი წაუკითხავს და მთავარ გმირში საკუთარი თავი დაუნახავს. დაუნახავს ის სამწუხარო რეალობა, რასაც სირაქლემასავით ემალებოდა. ვცდილობდი, დამემშვიდებინა, მაგრამ არაფერმა გაამართლა. ბოლოს ვკითხე, მაშინ შენ მითხარი, რით დაგეხმარო-მეთქი.
- ვარდისფერი გვირილა მინდა - შემომხედა აცრემლებულმა.
- რა გინდა?
- ფეინთბოლის თამაშიც...
- რაებს იძახი? საიდან მოგაქვს?
- ჰო, იმ წიგნიდან... არა, პიჟამა-ფართი, პიჟამა-ფართი მინდა! - გადაიფიქრა უცებ.
- პიჟამა-ფართი გვინდა! - გამეცინა და ფეხი გაზს დავაჭირე, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი, რა წიგნი იყო ასეთი, სოფოს სახლის კედლების ვირტუალური დანგრევა რომ შეძლო.
წიგნი, რომელმაც ჩემს მეგობარს სტიმული მისცა, თეა ინასარიძის „გათხოვილის დღიურია“, რომელიც ახლა ჩემ წინ დევს და შემდეგ მკითხველს ელოდება, რათა მასაც დაეხმაროს ოცნებების ახდენაში, ტყეში თავი დააკარგინოს და მერე ნამდვილი „მე“ აპოვნინოს. დაანახოს, რომ ცხოვრებაში მთავარი კედლის ფერები კი არა, ის ამბებია, რაც ამ კედლებში ხდება და სანამ მაცივარზე მიკრული სიიდან შესრულებულ „დავალებებს“ პირნათლად „აპლიუსებ“, გავიწყდება, რომ საკუთარ თავს ტახტზე მჯდარი ქმრის თვალითაც უნდა შეხედო და თმა მაინც შეისწორო. თუ გაიხსენებ, როგორი იყავი დაქორწინებამდე, იმასაც მიხვდები, რომ „ცოლქმრობა არ ხდის პარტნიორებს ერთმანეთის საკუთრებად და რეალურად, ყველას აქვს უფლება, იბრძოლოს თავისი გრძნობებისთვის.“
მე, როგორც გაუთხოვარ გოგოს, ამ წიგნმა მითხრა, რომ მთავარი საკუთარი ადამიანის პოვნაა, რომელიც მზადაა, შენს სიხშირეზე გადმოეწყოს. საუკეთესო შემთხვევაში კი თვითონაც შენს ტალღაზე უნდა იყოს.
ლიტერატურული ფესტივალის კატალოგიდან, 30 და 31 მაისს წიგნს შეიძენთ სპეციალურ ფასად, 5.39 ლარად. იხილეთ ბმული: https://biblusi.ge/products/book/gaTxovilis-dRiuri/