ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთ ლამაზ დღესასწაულს მოუთმენლად ელის და საგანგებოდაც ემზადება ამ დღის აღსანიშნავად. ეს წმ. ვალენტინის მიერ დამკვიდრებული დღესასწაულია - ვალენტინობა, რომელიც ხასიათდება ლამაზი ლეგენდითა და საჩუქრებით.
წმ. ვალენტინი შეყვარებულთა მფარველად ითვლება. ამ დღეს ამერიკასა და ევროპაში უკვე რამდენიმე საუკუნეა აღნიშნავენ, თუმცა ვალენტინობის სამშობლოდ იტალია ითვლება.
იტალია
სიყვარულის დღის აღნიშვნის კერა სწორედ რომ იტალიაა, ეს ხომ თვით რომეოსა და ჯულიეტას სამშობლოა. შექსპირის უკვდავი ნაწარმოების წყალობით პატარა იტალიური ქალაქი ვერონა გახდა ნამდვილი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო. ასე ითვლება, რომ 14 თებერვალს ვინც დატოვებს წერილს ჯულიეტას აივნის ქვეშ, მის ცხოვრების თანამგზავრთან ერთად სამუდამოდ ბედნიერი იქნება, ხოლო ვინც მარტოა, ნამდვილ სიყვარულს იპოვის. ქალაქის მოედანზე კი, ფესტივალის დღეებში გულის ფორმის რომანტიკული ბაზრობა იმართება.
აქ წმინდა ვალენტინის დღე ითვლება „ტკბილ დღედ“. ამიტომ შეყვარებული იტალიელები ერთმანეთს ჩუქნიან კანფეტებსა და შოკოლადებს, საგანგებოდ გამომცხვარ ტკბილეულს, ხოლო სასიყვარულო ბარათები იგზავნება აუცილებლად ფოსტით, გამომგზავნის მისამართის მითითების გარეშე.
საფრანგეთი
უდავოა, რომ პარიზი - ეს არის სიყვარულის დედაქალაქი. დაწყებული რომანტიკული სეირნობიდან სენის სანაპიროზე, დამთავრებული ვახშმით ილ სეინტ ლუისში. შეყვარებულ წყვილებს აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
პარიზის მთავარ საგამოფენო დარბაზში განთავსებულია ელექტრონული ტაბლო, სადაც 14 თებერვალს ყველა შეყვარებულს შეუძლია სასიყვარულო შეტყობინების დატოვება.
ფრანგები ყველაზე ხშირად სწორედ ამ დღეს სთხოვენ ცოლობას მეორე ნახევრებს. ამისთვის ძვირად ღირებულ რესტორნებში მაგიდას ჯავშნიან. ვალენტინობის დღის საჩუქრების ჩამონათვალში კი აუცილებლად შედის ქალის თეთრეული, სამოგზაურო პაკეტი, ყვავილები და მისალოცი ბარათები ლექსებით, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის იბეჭდება.
საფრანგეთში წმინდა ვალენტინის დღეს ფრანგები ატარებენ ყოველწლიურ კონკურსს ყველაზე ხანგრძლივ კოცნასა და სერენადაზე.
ჰოლანდია
ქისა თუ სიცოცხლე? - ასე უწოდებენ ხუმრობით ჰოლანდიელები ვალენტინობის დღეს თავიანთ ქვეყანაში. ჰოლანდიაში ამ დღეს გოგონას თავად შეუძლია მივიდეს შეყვარებულთან და სთხოვოს, რომ გახდეს მისი მეუღლე. უარი კი მდიდრული კაბით უნდა ანაზღაურდეს. თუ ის არ დათანხმდება, მაშინ არშემდგარ პატარძალს
უნდა მიართვას წითელი აბრეშუმის კაბა.
ამ დღეს შეყვარებულები აქ ერთმანეთს გამხმარ თეთრ ყვავილებს უგზავნიან, ძირითადად კი, გაგზავნილი თაიგულებიდან ვარდი ლიდერობს.
ავსტრია
ავსტრიაში წმინდა ვალენტინის დღეს შეყვარებული და დაოჯახებული წყვილებიც კი მიემგზავრებიან პატარა და სტუმართმოყვარე ქალაქ კრომბახში, რომელიც მეზობელ ბავარიაში, მიუნჰენთან ახლოს მდებარეობს. უამრავ შეყვარებულ წყვილს სურს იქ მოხვედრა, რადგან სწორედ კრომბახშია წმინდა ვალენტინის სახელზე აგებული ტაძარი. ოდესღაც ტერნიელი ეპისკოპოსი ჯვრისწერის ცერემონიისას შეყვარებულ წყვილს ულამაზესი ყვავილების თაიგულებს ჩუქნიდა. ახლა კი პირიქითაა – შეყვარებულებს მიაქვთ ყვავილები წმინდა ვალენტინის ტაძარში.
ავსტრიაში დიდი ხნის წინ დამკვიდრდა ტრადიცია: მამაკაცები ვალენტინობის დღეს თავიანთ ქალბატონებს ულამაზეს ყვავილებს ჩუქნიან. ტრადიციის თანახმად, ყვავილები ყურადღებით უნდა შეირჩეს – თაიგულში ის ყვავილები უნდა იყოს, რომლის სურნელი „მეორე ნახევარს“ ყველაზე მეტად უყვარს.
ავსტრიელი მამაკაცები და ბავშვები ამ დღეს უსაჩუქროდ რჩებიან, ყურადღების ცენტრში მხოლოდ ქალები არიან. ამიტომ ვალენტინობა ავსტრიაში ქალთა დღედაც მოიხსენიება და ყვავილების გარდა, ისინი შოკოლადის კანფეტებითა და სამკაულებით საჩუქრდებიან. აქაც აუცილებელია გულის ფორმის სასიყვარულო ბარათი-ვალენტინი, თუმცა, ყვავილები მაინც უმთავრესია.
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ში არსებობს ტრადიცია, რომ არა მარტო შეყვარებულს, არამედ საყვარელ მეგობრებსა და ნათესავებსაც უნდა მიულოცო. აქ ვალენტინობას რესტორანში ან კლუბში ატარებენ. სკოლაში გულის ფორმის მისალოცებს ამზადებენ, რომლებსაც ობოლ ბავშვებს ჩუქნიან.
14 თებერვლის ერთ-ერთ სიმბოლოდ წითელი და თეთრი გულის ფორმის კარამელის კანფეტები ითვლება. მათი წარმოება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში შაქარი ღირდა წარმოუდგენლად ძვირი. ამიტომ „განსაკუთრებულ საჩუქარს“ წარმოადგენდა კანფეტები, კერძოდ კი, მარცეპანი. დროთა განმავლობაში ტკბილეულზე ფასებმა დაიწია, ხოლო ტრადიცია უცვლელად დარჩა.
ინგლისი
ინგლისში გასათხოვარი გოგონები 14 თებერვალს დგებიან დილით ადრე, მზის ამოსვლამდე და იყურებიან ფანჯრიდან. ამ ტრადიციის თანახმად, პირველი მამაკაცი, რომელსაც ისინი დაინახავენ, გახდება მათი რჩეული.
თუ 14 თებერვალს თქვენ აღმოჩნდით ინგლისში, არ გაგიკვირდეთ, როდესაც ნახავთ ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც სასიყვარულო ბარათს უწერს თავის შინაურ ცხოველს. ინგლისელებისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ სიყვარულში გამოუტყდნენ არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ოთხფეხა სახლის ბინადრებსაც.
ბრიტანელებმა შემოინახეს ძველი ადათი: ამ დღეს ისინი ბავშვებს აცმევენ დიდების ტანსაცმელს. ასე გამოწყობილნი ისინი დადიან სახლიდან სახლში, მღერიან და ულოცავენ შეყვარებულებს სიყვარულის დღესასწაულს. ამ ქვეყანაში ვალენტინობის ტრადიციული საჩუქარი წითელი ვარდები და ტკბილეულია. გოგონები შეყვარებულებისთვის გულის ფორმის გემრიელ ნამცხვარს აცხობენ. ამით სიყვარულს და თავიანთ კულინარიულ უნარებს უმტკიცებენ. კიდევ ერთი პოპულარული საჩუქარი რბილი სათამაშოებია.
იაპონია
იაპონიაში ვალენტინობა მამაკაცების დღეა. ძმებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მამებს აუცილებლად ჩუქნიან ერთი სახეობის შოკოლადს, მეორეს კი - შეყვარებულებსა და ქმრებს. სწორედ ამ დღეს შეუძლიათ შეყვარებულ იაპონელ გოგონებს სიყვარულში გამოუტყდნენ რჩეულ ბიჭებს.
განსაკუთრებულ საჩუქრად ითვლება წმინდა ვალენტინის ფორმის შოკოლადი – „გირი ჩეკო“. ამ შოკოლადის ჩუქებით ქალი სიყვარულში უტყდება მამაკაცს. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი დღეა იაპონიაში, როდესაც ქალს შეუძლია პირველმა გამოამჟღავნოს თავისი გრძნობა მამაკაცის მიმართ და არ იყოს დამცირებული. მამაკაცმა მას უნდა გაუკეთოს რაიმე საჩუქარი და დაპატიჟოს სავახშმოდ, ხოლო ერთი თვის შემდეგ აჩუქოს საპასუხო საჩუქარი – თეთრი შოკოლადი.
ამ დღეს იაპონელები აგრეთვე ატარებენ კონკურსს – ყველაზე ხმამაღალ სიყვარულის ახსნაში. ამისათვის კი ახალგაზრდები სპეციალურად ამაღლებული ადგილიდან რიგრიგობით იძახიან სასიყვარულო ფრაზებს. ვინც ამას გააკეთებს ყველაზე ხმამაღლა, სწორედ ის იქნება გამარჯვებული.