ყოველი დღე სიყვარულის არაა? როგორიც ვცდილობთ, რომ იყოს - ზუსტად ისეთია.
აი, 14 თებერვალიც მოვიდა. მარტოხელები single party-ს აწყობენ...
შეყვარებულები კი რამდენიმე მიმართულების ადამიანებად იყოფიან:
1● ის, ვინც მუდმივად ორგანიზებული ხვდება 14 თებერვალს, ვერანდაზე ვახშმით და საჩუქრებით დატვირთული, ან რამე კიდევ უფრო კრეატიულს მოიფიქრებს, რომ სამუდამოდ გახსოვდეს.
2● ვინც ვარდების თაიგულს და დათუნიას გაჩუქებს და მანამდე მთელ ქუჩებს მოივლის (ამ დროს ქუჩაში მყოფები უნებურად ვუყურებთ და გვეღიმება).
3● ისინი, რომლებიც ტელეფონზე რეკავენ და ისე გვილოცავენ...
4● ინტერნეტში სულ ბრჭყვიალა და ია-ვარდით მოფენილი გიფებით რომ აგავსებს.
5●"იმფერი რომ იყო ვალენტინი, თუ იცი?" - ეს ერთი პოსტი და სხვა მრავალი. აცადე, შე კაცო, ხალხს, რამფერიც უნდა ყოფილიყო, ხომ უხარიათ სიყვარულის დღე.
6●ის, ვინც წინასწარ გეუბნება, რომ ვალენტინობა რაღაც არასაჩვენოა და სულაც არ ნიშნავს მისთვის არაფერს = არც მოგილოცავ, არც რამეს გაჩუქებ, მაგრამ თუ მაინცდამაინც ამაღლებული განწყობა გაქვს - ჯერ სახლში და მერე ვნახოთ.
7●ისინი არ გადაშენებულან და მაინც არსებობენ. აი, ისინი - შეყვარებულს რომ ვალენტინობის მოახლოების დროს შორდებიან და თავს იზღვევენ. ალბათ, ისინიც ისევ არიან, ვინც ათას მიზეზს მოიგონებს გამოსაძვრომად და ის ერთეულებიც, ვისაც უბრალოდ ერიდება, ვერაფერს რომ ვერ უყიდის საყვარელ გოგოს.
დიახ, ყოველი დღე სიყვარულით სავსე შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველი დღე არ ეკუთვნის სიყვარულს. ზოგჯერ დღეები უსუსურობას, უმწეობას, უსიყვარულობას, გულგატეხილობას ან შიშს უფრო ეკუთვნიან. ესეც იმიტომ, რომ სიყვარულით სავსე დღეები უფრო დააფასო.
და რაც უფრო ვშორდებით ღმერთს, ის სიყვარულით სავსე დღეებიც უსიყვარულოს შეიძლება უდრიდეს.
ის დღეებიც უსიყვარულოა, რომ გვგონია, გვიყვარს და ვცდებით. როცა არჩევანს არასწორად ვაკეთებთ.
და არის სიყვარულით სავსე დღეები, რომლებსაც ვერაფერი შეედრება. ისინი ძლივს მოპოვებული ბედნიერებასავით უნდა დაიჭირო და გულში ჩაიკრა.
მარტოობაზე მარტო ბუზღუნს სჯობს დაქალი ნახოთ და კინოში სახალისო ფილმს უყუროთ. იქ გულსაც მოიოხებთ წუწუნით და კმაყოფილებიც დარჩებით. სახლში დამალვა, "მთელი დღე ძილი" და ბალიშზე ჩამხობა არასდროსაა გამოსავალი.
გილოცავთ ვალენტინობას.