სხვადასხვაგვარი კლუბი არსებობს, მაგრამ ის, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, ყველასგან განსხვავებულია. ამ კლუბის წევრები, ძირითადად, მუსიკოსები არიან და 27 წლის ასაკში ასრულებენ სიცოცხლეს.
კლუბის დამაარსებელი რობერტ ჯონსონი იყო. მუსიკოსი 19 წლიდან წერდა მუსიკას. 29 სიმღერა დაწერა, მაგრამ ალბომი არ გამოუცია. საერთოდ, მის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა სიცოცხლეში...
ოფიციალური ვერსიით, 27 წლის რობერტი მეგობარი გოგონას ქმარმა მოკლა. არაოფიციალურით, მოწამლეს, ძაღლმა დაგლიჯა... გარდაცვალების შემდეგ მისი სიმღერები მომენტალურად გახდა პოპულარული. მათ ერიკ კლეპტონი, ბობ დილანი, Led Zeppelin-ი და the Doors-ი უკრავდნენ. სხვათა შორის, კლუბი 27-ის წევრების გარდაცვალება მუდამ ბურუსითაა მოცული. ერთი კონკრეტული დასკვნა არ არსებობს. მკვლელობა, თვითმკვლელობა, მაფია, ფაშისტები, პოლიციის აგენტები...
შემდეგი ჯონს ბრაიანი იყო, Rolling Stones-ის დამაარსებელი. კლუბის მომდევნო წევრების ცხოვრებაში ერთი და იგივე სქემა განმეორდება: დასამახსოვრებელი, წარმატებული, ვარსკვლავური დაავადება, ნარკოტიკები...
შემდეგ იყო 3 ტრაგედია, რომელიც მეხის გავარდნას ჰგავდა: ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი.
1970 წლის 19 სექტემბერს, ლონდონში, სასტუმრო "სამარყანდში" გარდაცვლილი იპოვეს ჯიმი ჰენდრიქსი. ოფიციალური ვერსიით, ძილის წამალი დალია და ნარწყევმა დაახრჩო. ამ სიმპტომს მოგვიანებით "როკერის სიკვდილს" შეარქმევენ. თუმცა, უამრავი ფაქტი არსებობს, რომელიც ფაქტად დარჩა. ჰენდრიქსი ბინძურ სამოსში ჩაცმული აღმოაჩინეს საწოლში. ფილტვებში დიდი რაოდენობის წითელი ღვინო აღმოუჩინეს, სისხლში - მცირე ალკოჰოლი. გარდაცვალება 5:30-ზე დადგა. მისმა მეგობარმა ქალმა პოლიციაში 6 საათის შემდეგ დარეკა. 10 ადამიანი იკვლევდა მისი გარდაცვალების საიდუმლოს და არაფერი გაირკვა.
16 დღის შემდეგ, 4 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში იპოვეს გარდაცვლილი ჯენის ჯოპლინი. ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკები; მეორით - თვითმკვლელობა, რაც საეჭვოა. ჯენისი გათხოვებას აპირებდა, გამოდიოდა მისი მეოთხე ალბომი, რომელიც ძალიან მოსწონდა.
1971 წელი, პარიზის კაფე. ბიჭები ლუდს მიირთმევენ. როცა ჯოპლინისა და ჰენდრიქსის გარდაცვალებას განიხილავდნენ, ჯიმ მორისონმა თქვა: - შეიძლება მესამე მე ვარ...
სამწუხაროდ, არ შემცდარა. მორისონი 3 ივლისს ნაქირავები ბინის აბაზანაში აღმოაჩინეს გარდაცვლილი. ოფიციალური ვერსიით, გულის უკმარისობა, არაოფიციალურით - ჰეროინის გადაჭარბებული მოხმარება გახდა გარდაცვალების მიზეზი. მიხვდით, ალბათ, რომ ჯონიც 27 წლის იყო. 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა ჯონის შეყვარებულიც, ისიც ჰეროინის გადაჭარბებული მოხმარების შედეგად.
დრო გადიოდა. თავისუფალი სიყვარულისა და ნარკოტიკების ეპოქა შეიცვალა, მაგრამ კლუბი 27 აგრძელებდა არსებობას. 1994 წლის 5 აპრილს "ნირვანას" 27 წლის ლიდერი კურტ კობეინი გარდაცვლილი იპოვეს. ჰეროინის მიღების შემდეგ მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამორჩეულ შვიდეულს ემი უაინჰაუსი ასრულებს. ხულიგანი მომღერალი, ბავშვური სულით. "გრემის" ხუთგზის მფლობელი 2011 წლის 23 ივლისს 27 წლის ასაკში ალკოჰოლისგან მოიწამლა.
პარანორმალური ახსნა: 70-იან წლებში ბევრი მეცნიერი იკვლევდა 27 წლის ასაკში გარდაცვალების ფაქტებს და ასეთი ახსნა მოუძებნეს: "ციფრი 27 უსიამოვნო ასაკია ადამიანის ცხოვრებაში. ის ჯამში (2+7) 9-ს გვაძლევს, რაც ლილიტის, იგივე შავი მთვარის რიცხვია. ყველა ასაკი, რომელიც 9-ზე იყოფა, ლილიტის ციფრია. 27 განსაკუთრებულად ტრაგიკულია. უამრავი ხელოვანი (მუსიკოსი, მხატვარი, მსახიობი) ადამიანი გარდაიცვალა 27 წლის ასაკში".
იმედია, კლუბი 27-ის კარი მჭიდროდ დაიხურა და მის კარს აღარავინ შეაღებს.
წყარო: zachem.com.ua