ბლოგი

ნანიკოს ბლოგი: ყავის ნალექი, მანტრა და კარმა - ბედისწერის ძებნა ჩვენს რეალობაში

ნანიკოს ბლოგი: ყავის ნალექი, მანტრა და კარმა - ბედისწერის ძებნა ჩვენს რეალობაში
შავი ნალექიანი ყავა, კაროლი ჯვარი, მანტრა და კარმა - ეგზისტენციალური, ანუ შეუცნობელი სამყაროს ძიება ზუსტად იმდენი წლისაა, რაც ადამიანი განვითარდა და ბედისწერის არსს ჩასწვდა.
ბოლო დროს, ასტროლოგია საკმაოდ ტრენდულ მეცნიერებად იქცა, უფრო სწორად, ყოველდღიურ საფიქრალად.
მთვარის ფაზები, წარმატებისა და წარუმატებლობის ვადები, პირადი ბედნიერების თილისმები და მძიმე ყოფასთან საბრძოლველად, კარიერის დამხმარე ნახევრად ძვირფასი ქვები, ფენ-შუის სიმბოლიკები და სხვა უამრავი რამ ინტერნეტგამოცემებში მთავარი საკითხავია.
ათასობით გამომწერი
და მკითხველი დღითი დღე უფრო მეტად ცდილობს, გაერკვეს ვარსკვლავებით სავსე გალაქტიკაში და პლანეტების განლაგებით ამოხსნას ის, რასაც ბედისწერას ეძახიან.

სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბედისწერას ჩვენ თვითონ ვჭედავთ. ეზოთერიკოსები გვარწმუნებენ, რომ ჩვენი დაბადების თარიღიდან, წუთიდან და წამიდან გადაუშლელი, ჯერარნანახი წიგნივით იშლება ჩვენი მომავალი ცხოვრება. ჩემი მეგობრების უმეტესობა პლანეტების ენით საუბრობს. ყოველ იმედგაცრუებას კარმას ეძახიან და კარმული ვალების გასტუმრებაზე ოცნებობენ.

გოგოების ჩასხდომა და „ჭორაობა“ შავი, არომატული ყავის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. გასართობად ფაიფურის თეთრ ჭიქებსაც ვატრიალებთ და ვიწყებთ ფიგურების ახსნას და მომავლის ჭვრეტას მშვენიერი, მრავალფერიანი ფანქრებივით ერთფეროვანი ცხოვრების გასაფერადებლად. ამის შემდეგ გრძელდება ინტერნეტში გაბნეული ინფორმაციის შეგროვება.
მერე კარტის დაყრა მოდის ჩვენეული რიტუალის მიხედვით და კაროლი ჯვრის ადგილის დადგენა დანარჩენ 35 კარტს შორის ყველაზე საჭირბოროტო და საკვანძო საკითხია.

განსაკუთრებულად მისტიკურს ხდის ამ ყველაფერს ინდური მანტრების ჟღერადობა. ეს ყველა რიტუალი უცნობი ბედისწერის ამოხსნას ემსახურება. ჩვენთვის უცნობი მომავლის ჭვრეტის ინტერესი ერთფეროვნებითა და სირთულეებით დახუნძლული ცხოვრების შემსუბუქების მცდელობაა.

365 დღის 36 კარტში ჩატევა რომ წარმოუდგენელი შეთავაზებაა, გასაგებია, მაგრამ ინტერესი მაინც დიდია. არც ნალექში გაყვანილი ცხელი წყლის უდაბური გზების გვწამს, თუმცა ნუგეშს ვეძებთ შავ ყავაში. კაროლი ჯვარი კი მართლაც საკვანძო საკითხია. ხშირად რეალური ობიექტი სულაც არ არსებობს, მაგრამ კარტის წყებაში ამოსული კაროლი დამა გულთან ერთად დამაიმედებელი პროგნოზია.
ყველა ქალი ხომ ოცნებობს, გვერდით ჰყავდეს კაცი, რომელსაც უბრალოდ თავს ჩამოაყრდნობს და დამქანცველი სამუშაო დღის ბოლოს ჩახუტებით აღიდგენს ძალებს. ამ ოცნებებში მახსენდება ჩემი კარმა და ყველაფერი თავიდან იწყება.

კითხვები: როდემდე, რატომ? -კოსმოსში უპასუხოა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს „თავისუფალი მოქალაქეები“ ვართ და ჯილდოს ვიმსახურებთ, მიწიერი წვალება და ლოდინი ისევ აქტუალურია. ღიად დარჩენილ საკითხს მოთმინება, შეუცნობადი კანონზომიერება და იმედი დახურავს.
როცა 36 კარტი კარიერულ წინსვლას, პირად ბედნიერებასა და მშვიდ პერიოდს გვიჩვენებს, ყავის ნალექშიც შესაბამისი ფიგურები გახდება ხილული და კარმა თავის მარწუხებს მოუშვებს.

მანამდე კი, გარბის დრო, რომელსაც მეტი საქმე არ აქვს. მისი ერთადერთი დანიშნულებაა - უნდა იაროს. ჩვენ კი ხვალ ისევ ყავის ნალექს, კარტს და კარმას მივანდობთ ბედს.
დრო გადის...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
მართალი
ასტროლიგებს უფრო მეტი მრევლი ჰყავს, ვიდრე ეკლესიას
16:43 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
თედო
უკვე მიყვარს ეს გოგო! ხშირად წერეთ
16:00 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93