რამდენიმე წლის წინ წარმოშობით გერმანელი დიზაინერი, ფოტოგრაფი და Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა. მას შემოქმედსა და მოდის გენიასაც უწოდებდნენ. ბოლო დროს დიზაინერი თავს ცუდად გრძნობდა. ის ჩვენებებს ყოველთვის ესწრებოდა, თუმცა Chanel-ის 2019 წლის კოლექციის ახალ ჩვენებაზე აღარ გამოცხადდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მაშინ უამრავი ადამიანი დაინტერესდა, თუმცა მოდის სახლში მომუშავე პერსონალმა განაცხადა, რომ ლაგერფილდი გადაიღალა და ყველაფერი მხოლოდ გადაღლილობის ბრალი იყო.
„ჩემი ერთადერთი ამბიციაა - ცხოვრებაში ყოველთვის 28 ზომა ჯინსი მეცვას“ - განუცხადა ერთხელ კარლმა ჟურნალისტებს.
მას არ ჰყავდა შვილები, არ უყვარდა სმა და არ ეწეოდა.
როგორც ამბობენ, მისი ოჯახი შეძლებული იყო და კარლი ფუფუნებაში იზრდებოდა. მისი პირველი კოლექცია განხილვის საგნად იქცა, თუმცა დადებითად არ გამოხმაურებიან. ამან კარლი სულაც არ შეაშინა და თავისი პატარა მაღაზია გახსნა.
დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა და წარმატების მოზიდვა აღარ გასჭირვებია. ქმნიდა სამოსს, აქსესუარებს, სუნამოებს. მონაწილეობას იღებდა თოჯინების დიზაინის შექმნაშიც და ეს საქმეც მშვენივრად გამოსდიოდა.
2001 წელს 40 კილოზე მეტი ჰქონდა დაკლებული. მას სურდა, გარეგნობაში მკვეთრი ცვლილებები შეეტანა და ჩაეცვა იმ ზომის სამოსი, როგორიც სურდა.
გთავაზობთ მის ფრაზებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს:
„უკვე ოცი წელია, რაც დღიურს ვაწარმოებ. ძალიან საინტერესოა, რა ხდებოდა შენს თავს რამდენიმე წლის წინ. ჩვენ უამრავ რამეს ვივიწყებთ, თუმცა უმნიშვნელო დეტალებიც წლების შემდეგ საოცარ მნიშვნელობას იძენს“.
„უნდა აკეთო ის, რაც ბედნიერს გაგხდის. დაივიწყეთ ფული და სხვა ხაფანგები, რომლებსაც წარმატებულობის მწვერვალზე აჰყავხართ. თუ ბედნიერი ხარ სოფლის მაღაზიაში მუშაობით - იმუშავე, ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ“.
„ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მე ნამდვილად მჯერა, ეს არის დედის სიყვარული შვილების მიმართ“.
"ჩვეულებრივ, მე ვიღვიძებ 7-ის ნახევარზე. ცხრამდე საწოლში ვნებივრობ და ვკითხულობ. შემდეგ კიდევ მინდება ძილი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რადგან სამუშაო მაქვს. როდესაც პატარა ვიყავი, ძიძამ მითხრა: "ის ადამიანები, რომლებიც დილით ადრე არ იღვიძებენ, ვერასოდეს გახდებიან წარმატებულები".
"ნებისმიერი 40 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც სექსზე ლაპარაკობს, ვულგარულად გამოიყურება".
დაბოლოს: "მე არასოდეს განვიკითხავ ქალებს, რომლებსაც კარგი ცხოვრება სურთ. უბრალოდ, არ მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც წუწუნებენ, რომ ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ... თავად კი უყურებენ მხოლოდ მოვლილ ქალებს ლამაზ კაბებში, გრძელი თმით, მომაჯადოებელი პარფიუმის სურნელით და ხელებზე აკურატულად წასმული ლამაზი მანიკიურით... ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო... სისულელეა! სილამაზე მოითხოვს ფულს!..."
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>