ზოგჯერ ისეთი ოცნებებიც ახდება, იმედის გაცრუების შიშით ჩაფიქრებაც რომ ვერ გაგიბედავს და არც დაგიშვია, თუ ეს შეიძლება შენს თავს მოხდეს. მერე ეს სანახევროდ გამომცხვარი ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებები გონებაში ათას რამეს გიცვლის და ცხოვრებას სულ სხვა მხრიდან გაჩვენებს, მით უფრო მაშინ, როცა, ოცნება ახალ მობილურს ან კომპიუტერს კი არა, უცხო ქვეყანაში მოგზაურობასა და ხელოვნებას ეხება.
თუ პრაღაში ერთხელ მაინც ყოფილხართ, აღარც კლიმტის სენტიმენტალურობა გაგაკვირვებთ და არც კაფკას არაამქვეყნიურობა. ამ ზღაპრის ნისლში გახვეულ ქალაქს შეუძლია სამყაროში ყველაზე რომანტიკული განწყობა შეგიქმნათ, მაშინაც კი, „წვეთიც თუ არ არის თქვენში რომანტიკა“. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩეხეთში ფეხი პირველად დავდგი და მსოფლიოს უამრავი ტურისტის ოცნება ისე მივითვისე და ავიხდინე, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ ახლა, ამ ქალაქ-მუზეუმში, პრაღაში, ზუსტად იმ ქუჩებში შემეძლო სიარული, სადაც „მეტამორფოზა“ დაიწერა და „კოცნა“ დაიხატა...
ამ იდეით აჟიტირებულს მინდოდა მთელი დღეები ხეტიალში გამეტარებინა, ამიტომაც სასტუმროში ბარგი დავაბინავე და გარეთ გამოვვარდი. უცებ ხელებისა და ცხვირის წაყინვა რომ ვიგრძენი, პირველი იმედგაცრუებაც ვიწვნიე, თუმცა არც ამას შევუშინებივარ, რადგან წინ კარლის ხიდის საოცრებათა სამყარო, ჯადოსნური კოშკურა (მართლა ჯადოსნურია!), რატუშას საათი და ათასი რამ მელოდა, მაგრამ სანამ ტურისტულ ადგილებამდე მივაღწევდი, სუვენირების უამრავ მაღაზიას ავუარ-ჩავუარე გვერდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ თითოეული მათგანიდან კლიმტის ნახატები იმზირებოდნენ. ჰო, აი, ამიტომ ეძახიან ამ ქალაქს მუზეუმს-მეთქი გავიფიქრე და გადავწყვიტე, ერთ-ერთ მათგანში მაინც შემესეირნა.
ყველაზე ძველებურად „გამოწყობილი“ ანტიკვარიატის მაღაზია ამოვარჩიე, რომელსაც ფანჯრები ძველი გაზეთებითა და წერილებით ჰქონდა დაფარული. გამყიდველი შუა ხნის ბრძენი (ეს დიაგნოზი ერთი მზერით დავუსვი) კაცი იყო. ცოტა გამიკვირდა, არც გამიღიმა და არც კითხვებით შევუწუხებივარ. მეც მეტი რა მინდოდა, დავდექი და ხელნაწერებისა და კედელზე გაკრული ნახატების თვალიერება დავიწყე. კლიმტის უამრავ ნახატს შორის ამაყად იდგა ლეონარდო და ვინჩის „ქალი ყარყუმით“. ეს რეპროდუქცია იყო, მაგრამ უცებ იმდენად დიდი ძალა ვიგრძენი, მომინდა მეყიდა და წარმოვიდგინე კიდეც, როგორ დავკიდებდი ჩემს ოთახში. აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ ნახატის ასლსაც აქვს სიცოცხლე და იმავე ენერგეტიკას ატარებს, რასაც ორიგინალი. ლეონარდოს ამავე ნახატის ისტორიას ატარებდა ჩემ წინ მყოფი ასლიც და მისი მილიონობით სხვა რეპროდუქციაც. ნახატს ისე ვაკვირდებოდი, თითქოს ვცდილობდი, მასში ჩამალული საიდუმლო ესკიზებიც ამომეკითხა და უცებ დახლიდან მომღიმარი ბრძენი გამყიდველი დავლანდე.
- საიდან ხარო, მკითხა მოულოდნელად. ჩემდა გასაოცრად, საქართველოს შესახებ ბევრი რამ სმენოდა (თუმცა რაღა გასაოცრად, აკი გითხარით, ბრძენი იყო-მეთქი). ბოლოს მითხრა, შენს ქვეყანაში ამ ნახატს 15 ევროდ გაგატანო. ცხადია, ტურისტს ამდენი ფული არ მქონდა და იმ მომენტში ვერც ყიდვას შევძლებდი. ვიტყოდი, მაღაზიიდან იმედგაცრუებული გამოვედი-მეთქი, მაგრამ იქ რაიმეს ყიდვის სურვილი ოცნებაშიც ვერ გამევლო, ამიტომაც თავი ჯერ ხელში ავიყვანე, შემდეგ მეტროში ჩავიყვანე და კვლავ განვაგრძე პრაღით ტკბობა.
მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და ეს ამბავი მიმავიწყდა კიდეც. მხოლოდ მაშინ გამიელვა გონებაში, შემთხვევით იმავე ნახატს აქაც ერთ ჯიხურში რომ მოვკარი თვალი. მასთან შეხვედრა ისე გამიხარდა, თითქოს „ქალი ყარყუმით“ კი არა, პრინცი თეთრი რაშით ყოფილიყოს. გადავწყვიტე, ამჯერად მაინც არ გამეშვა მისი შეძენის შანსი და იმ ბრძენი გამყიდველის სამფლობელოში ჩასახული ოცნება საბოლოოდ მოხუც ბებოსთან ახლაღა გამოცხვა და ნახატიც უკვე ჩემს ოთახს ამშვენებს. ასეც ხდება ხოლმე, ოცნება, რომელიც პრაღამ ვერ ამიხდინა, საქართველოში ამისრულდა.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: "მონა ლიზა", "ქალი ყარყუმით", "საიდუმლო სერობა". ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.