რა მოხდებოდა და როგორი იქნებოდა მსოფლიო იმ ადამიანებს რომ არ ეარსებათ, რომლებმაც მსოფლიოს საზღვრები შეცვალეს და კაცობრიობის ისტორიას უდიდეს ლიდერებად შემორჩნენ? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის არც თუ ისე მარტივია.
წარმოგიდგენთ 5 ლიდერს, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი/ჯუღაშვილი (1878-1953 წწ) დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ბიჭი, რომელიც ჯერ გორის, შემდგომ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდებოდა. თუმცა ადამიანი, რომელიც ბევრისთვის შესაძლოა სასულიერო ცხოვრებასთან ასოცირდებოდა, „კომუნისტური პარტიისა“ და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უდიდეს ლიდერად მოგვევლინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია, იგი ისტორიას მაინც დარჩება როგორც ლიდერი, რომელმაც კაცობრიობა ნაცისტური გერმანიისგან იხსნა.
კაცი, რომელმაც ფაქტობრივად, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და შემზარავი ომი დაიწყო, დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში და ლინცთან ახლოს გაიზარდა. 1913 წელს, საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. მან პოლიტიკური მოღვაწეობა 1919 წელს დაიწყო, 1921 -ში კი უკვე ნაცისტური პარტიის ლიდერი გახდა. „ხორცშესხმული ეშმაკი“,როგორც მას მოიხსენიებდნენ, დიდი გერმანული რაიხის კანცლერი იყო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება. გერმანული რაიხის მიერ ოკუპირებული უამრავი ქვეყანა გახდა. ოკუპირებული ქვეყნებში შედიოდა: ალბანეთი, ჩეხო-სლოვაკია, ბელგია, ფინეთი და ა.შ ნაცისტური პარტიის ლიდერი, ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი, ჩვენი რუბრიკის იმ ლიდერებს შორისაა, რომელთაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს, თუმცა ჰიტლერი, ისტორიაში ყველაზე სასტიკ ლიდერად დარჩება.
მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს დასაპყრობად დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მოახერხა. იგი ამარცხებდა მეზობელ ტომებს და იერთებდა მათ. დროთა განმავლობაში კი უდიდესი და უძლეველი მმართველი გახდა. იგი წარმატებული სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მომნღოლთა იმპერია ერთ-ერთი უდიდესი იმპერიაა კაცობრიობის ისტორიაში. იმპერია თავის ზენიტში, გადაჭიმული იყო 11-12 მილიონ კვადრატულ მილზე. ეს ტერიტორია უტოლდება აფრიკის მთლიანი კონტინენტის ფართობს და მეტია იმაზე, რაც ჩრდილოეთ ამერიკას უჭირავს. მისი ძალაუფლება მთელ აზიასა და ევროპის უდიდეს ნაწილზე გავრცელდა. ჩინგიზ ყაენის იმპერიაში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და ტიბეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 წელიწადში მონღოლთა არმიამ უფრო მეტს მიაღწია და დაიპყრო, ვიდრე რომაელებმა - 4 საკუნეში. ჩინგიზ ყაენის დაბადების ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია, მაგრამ არსებობს მისი გარდაცვალების თარიღი (1227). აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგაც მონღოლები უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ და მათი ძლევამოსილება არ შესუსტებულა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩინგიზ ყაენმა კარგად ჩამოაყალიბა მართვის სისტემა, რომლითაც იგი მთელს აზიასა და ევროპის ნაწილს აკონტროლებდა.
„ალექსანდრე დიდი“ ასე მოიხსენიებდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მხედართმთავარს, რომელმაც იმ დროისთვის თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო. აღსანშნავია, რომ მან ადრეულ ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება, თუმცა იგი თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ გამოცდილ და განსწავლულ ადამიანად ითვლებოდა. ამაში დიდი წვლილი მის აღმზრდელს, გამოჩენილ ფილოსოფოსს, არისტოტელეს მიუძღვის. მისი დამსახურება ალექსანდრეს აღზრდაში იმდენად დიდია, რომ მისი მამა, ფილიპე ღმერთებს მადლობას სწირავდა არა იმისთვის, რომ ვაჟი ეყოლა, არამედ იმისთვის, რომ ის არისტოტელეს ეპოქაში შეეძინა. ალექსანდრეს სურვილი იყო შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, რომელსაც საფუძვლად სამი ერთიანობის პრინციპი დაედებოდა. ეს პრინციპებია: ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური. სწორედ ეს განასხვავებს ალექსანდრეს სხვა პოლიტიკოსებისაგან. ამ პრინციპების საფუძველზე ამბობენ რომ ალექსანდრე იყო პირველი ადამიანი, რომელსაც გლობალიზაციის მცდელობა ჰქონდა.
- წარმოშობით კორსიკელი, საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იგი განსაკუთრებით პოპულარული საფრანგეთის რევოლუციის დროს გახდა, როდესაც ოპერაციას აჯანყებულთა წინააღმდეგ წარმატებულად უხელმძღვანელა. ამის შემდგომ, იგი მალევე საფრანგეთის პირველი იმპერატორი ხდება. მას უამრავი წარმატებული ომი ჰქონდა. ავსტრიასთან გამართული ბრძოლის შემდეგ, ავსტრია იძულებული გახდა, რომ იტალიის დიდი ნაწილი საფრანგეთისთვის გადაეცა. თუმცა იყო წარუმატებლობებიც. მათგან ყველაზე გამოსარჩევი 1812 წელს რუსეთში ლაშქრობაა, სადაც ნაპოლეონმა ვერ მოახერხა ქალაქის ბოლომდე აღება. ამის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მათთვის უჩვეულოდ ცივი კლიმატი გახლდათ, რასაც მისმა ჯარისკაცებმა ვერ გაუძლეს. ამის შემდეგ ნაპოლეონი ანტიფრანგულმა კოალიციამ დაამარცხა და იგი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს . ცოტა ხანში კი იგი ბრუნდება და ისევ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელთ, თუმცა მხოლოდ 100 დღით. საბოლოოდ კი ნაპოლეონი ვატერლოოსთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც ის წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს და ექვსი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად მისი მოღვაწეობის ამგვარი დასასრულისა, ნაპოლეონი საფრანგეთის ისტორიის (და არა მარტო) უდიდესი ფიგურაა. მისი კვალი კი მსოფლიო ისტორიაში საკმაოდ დიდია.
ლაშა ჯავახიშვილი