ნერჯა ბჰანოტი - გმირი გოგონა ინდოეთიდან. ის მხოლოდ 22 წლის იყო, თუმცა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი თავის გმირობას შეეწირა. მისი ისტორია ბევრისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო...
ნერჯა ბჰანოტი ინდოეთის ქალაქ ჩანდიგარში დაიბადა, თუმცა მუმბაიში გაიზარდა, პუნჯაბი ბრაჰმინის ოჯახში. მამა ჟურნალისტი იყო, დედა - დიასახლისი. ადრეული განათლება ჩანდიგარში მიიღო, მოგვიანებით კი სწავლა მუმბაიში განაგრძო. სწორედ მუმბაიში შეამჩნიეს მისი იდეალური გარეგნობა და მოდელობაც შესთავაზეს. აქედან დაიწყო გოგონას სამოდელო კარიერა და ცნობილი ბრენდების სახეც გახდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა...
1986 წელს ნერჯა 21 წლის იყო, როდესაც მამამ მომავალი ქმარი გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ნერჯა დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი იყო, მამას წინააღმდეგობა არ გაუწია. ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა, ნერჯა ქმარს გაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას გადაწყვეტილებას ოჯახმა მხარი დაუჭირა, ნერჯა ფიქრობდა, რომ მამას გული ატკინა. მან წერილი მისწერა მამას, სადაც წერდა, რომ უფროსი ბჰანოტი ქალიშვილით იამაყებდა.
ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ ამერიკულმა ავიაკომპანიამ Pan Am თავისი აზიელი კლიენტების უკეთ მომსახურებისთვის გადაწყვიტა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი ინდოელი ყოფილიყო. სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა ნერჯამ ბორტგამცილებლად მუშაობის დაწყება.
1986 წლის 5 სექტემბერს, დილის 5 საათზე Pan Am 73-ის თვითმფრინავი მუმბაიდან აშშ-სკენ მიფრინავდა. როდესაც ის პაკისტანში, ყარიჩის აეროპორტში დაფრინდა, მასში ოთხმა შეიარაღებულმა პირმა შეაღწია და ეკიპაჟის წევრები და მგზავრები მძევლად აიყვანა. ისინი მათი ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ამ დროს ბორტზე 361 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იყო... ნერჯა კი უფროსი ბორტგამცილებელი გახლდათ.
ტერორისტების ბორტზე გამოჩენისას თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდნენ: პილოტი, მისი დამხმარე და ბორტინჟინერი, რომელთაც სწორედ ნერჯამ აცნობა შეიარაღებული ხალხის თვითმფრინავში შეღწევის ამბავი. მათ მოახერხეს თვითმფრინავიდან მალულად გაღწევა და გაქცევა. ნერჯა კი დარჩა და ეკიპაჟის დარჩენილი წევრების ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ თავზე აიღო...
ის და ეკიპაჟის სხვა წევრები ცდილობდნენ, მგზავრები უსაფრთხოდ და მშვიდად ყოფილიყვნენ. გამტაცებლები უმოწყალოდ ხოცავდნენ მათ, ვისაც ამერიკის პასპორტს აღმოუჩენდნენ. სწორედ ამიტომ ნერჯამ მგზავრების პასპორტები გადამალა და ამით 41 ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
17 საათის შემდეგ გამტაცებლებმა სროლა ატეხეს, შეშინებული მგზავრები კი თავის გადარჩენას ცდილობდნენ. ეკიპაჟის წევრებმა სიცოცხლის რისკის ფასად ავარიული თვითმფრინავიდან ხალხის გაყვანა დაიწყეს. როდესაც ნერჯა 3 ამერიკელი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, მას ტერორისტმა ესროლა. ის ბავშვებს სხეულით გადაეფარა... გოგონას დახმარებას ეკიპაჟის 2 წევრი შეეცადა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე ნერჯა დაიღუპა.
ტერორისტები ორგანიზაცია "აბუ ნიდალის" წევრები იყვნენ. ისინი პაკისტანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. გატაცებული ბორტიდან გადარჩენილი 7 წლის ბავშვი დღეს ერთ-ერთი მთავარი ავიახაზების კაპიტანია. როგორც ის ამბობს, სწორედ ნერჯა ბჰანოტის დამსახურებით არის ცოცხალი და მისი საქციელით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა, ამ საქმეს გაჰყოლოდა.