ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მსოფლიო ას წელზე მეტია აღნიშნავს. თავიდან ეს დღე სოციალისტის, გერმანელი კლარა ცეტკინის ინიციატივით აღინიშნა დანიაში, კოპენჰაგენში, ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში კი ის სახელმწიფო დღედ გადაიქცა.
არაერთ ქვეყანაში ეს დღე კვლავ აღინიშნება, ბევრგან ის დასვენების დღეა. მართალია, არის მოსაზრება, რომ ამერიკელი ფეიქრები არიან ჭეშმარიტი დამფუძნებლები 8 მარტისა (ეს ისტორია 1857 წელს დაწყებულა), მაგრამ ის მაინც კლარა ცეტკინთან დაკავშირებულ დღედ რჩება.
კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის სახელები დღევანდელი ახალგაზრდობისთვის ნაკლებად ცნობილია. ის, ვინც საბჭოთა სკოლებში სწავლობდა, ამ ორ ქალბატონს გულმხურვალე რევოლუციონერებად იცნობს. თუმცა, ორივე მათგანის პირადი ცხოვრება, მათი პოლიტიკური საქმიანობის მსგავსად, ძალიან მგზნებარე და ვნებით აღსავსე იყო.
ველური კლარა
ლაიფციგის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული 18 წლის კლარა აისნერისგან ბრწყინვალე პედაგოგი ვერ დადგა, როგორც ამას მისი მასწავლებლები იმედოვნებდნენ. გამოსაშვები საღამოდან რამდენიმე თვეში გოგონა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. მშობლები შოკში იყვნენ და მისი შინაპატიმრობით დასჯაც სურდათ, მაგრამ კლარას მტკიცე ნებისყოფა აღმოაჩნდა. მისი იდეოლოგი, ოდესელი პოლიტიკური ემიგრანტი ოსიპ ცეტკინი თანასწორუფლებიანობის შესახებ ისე მჭევრმეტყველობდა, რომ გოგონა მას თვალს ვერ წყვეტდა.
ის ლამაზი არ იყო, თუმცა ინტელექტი ძალიან მიმზიდველს ხდიდა. როდესაც მიხვდა, რომ კლარას შეუყვარდა, მისგან თავი შორს დაიჭირა. კლარა კი დანებებას არ აპირებდა. მალე ის "ველურადაც" მონათლეს. ეს ზედმეტსახელი მას მეგობრებმა იმ გზნებისთვის შეარქვეს, რომელსაც ის რევოლუციური იდეების გავრცელებაში იჩენდა.
1880 წელს ოსიპი გერმანიიდან გააძევეს, ის საფრანგეთში გადავიდა. კლარა კი პარტიულ დავალებებს ავსტრიასა და შვეიცარიაში ასრულებდა. ის საყვარელ მამაკაცთან ჩასვლას ცდილობდა, მაგრამ პარიზში გამგზავრების ნებართვა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მიიღო. მან მალევე იპოვა ოსიპი, საცხოვრებლად მასთან გადავიდა და ცეტკინის გვარიც მიიღო, თუმცა მათი ქორწინება ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა.
ოსიპი თავს დროებითი სამუშაოთი ირჩენდა, მაგრამ კლარას სირთულეები არ აშინებდა. მათ ორი შვილი ეყოლათ. კლარამ დროებით პოლიტიკური მოღვაწეობა მიატოვა და ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობდა. როდესაც ოსიპი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, კლარა 32 წლის იყო, თუმცა 45 წლის ქალს ჰგავდა.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ კლარა შვილებთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა. ის შტუდგარდში დაბინავდა, სადაც გაზეთ "თანასწორობის" პასუხისმგებელი მდივანი გახდა. გამოცემის ბიუჯეტი მუდმივი მხატვრის დაქირავების საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ კლარა დროებით სამუშაოს აკადემიის სტუდენტებს სთავაზობდა. ასე გაიცნო მან 18 წლის მხატვარი გეორგ ფრიდრიხ ცუნდელი. გაგრძელება