ვინ თქვა, რომ მამაკაცები საუკეთესო გამომგონებლები არიან? უბრალოდ, ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ. მარგარეტ ნაიტი ის ბედნიერი მანდილოსანია, რომელსაც 30 პატენტი ჰქონდა. ის მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე ცნობილი გამომგონებელია. მას კოლეგებმა "ედისონი კაბაში" შეარქვეს.
მარგარეტ ნაიტი 1838 წლის 14 თებერვალს ამერიკაში, ქალაქ იორკში (მენის შტატი) დაიბადა. 12 წლის იყო, როცა პირველი აღმოჩენა შეიმუშავა. მარგარეტი ბავშვი იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დაობლებულმა ძმებთან ერთად საფეიქრო ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. ერთ დღეს მუშას ხელი მოჰყვა დანადგარში და დასახიჩრდა. გოგონა დიდხანს დარდობდა მომხდარს და დაამზადა აპარატი, რომელიც დანადგარში უცხო სხეულის მოხვედრისას დანადგარს გამორთავდა. მარგარეტის გამოგონება დაუყოვნებლივ დანერგეს ფაბრიკაში.
| |
მარგარეტის ყველა აღმოჩენაზე რომ არ შევჩერდეთ, მხოლოდ ერთს მოგიყვებით. მარგარეტმა გამოიგონა ქაღალდის ჩანთა-პაკეტები, რომლებსაც დღესაც აქტიურად მოვიხმართ. "უამრავი თავისუფალი დრო მქონდა და ვფიქრობდი, რა შემექმნა, რომ საყიდლებზე წასულს ხის ყუთი არ მეთრია, რძის, ყველის, ხორცის ან პურის ჩასადებად". მარგარეტმა რევოლუცია მოახდინა, მან დაამზადა ქაღალდის პაკეტი, რომელსაც მართკუთხედი, ბრტყელი ძირი ჰქონდა. მიღწეულით გაბედნიერებული ქალი სახელოსნოს ეწვია და მუშას რამდენიმე ნიმუში დაამზადებინა. პირველივე ეგზემპლარი იდეალური გამოდგა, მაგრამ... პროცესს დაესწრო ვინმე ჩარლზ ანანი, რომელმაც გადაწყვიტა, ქალის აღმოჩენა მიესაკუთრებინა. აბა, ვინ დაიჯერებდა, რომ ასეთ საჭირო ნივთს ქალი მოიგონებდა, მას კი ამ გამოგონებით მილიონების შოვნა შეეძლო. ასეც თქვა სასამართლოზე: "ეს რისი გამომგონებელია, ეს ხომ ქალია?!".
მარგარეტი სამართლიანობის აღსადგენად ვაშინგტონში გაემგზავრა. სასამართლოში წარადგინა დღიური, სადაც დაწვრილებით ჰქონდა აღწერილი თარგები, ნიმუშები, ვარიანტები, ჩანაწერები, მოდელები. სასამართლო 16 დღე მიმდინარეობდა. მართლა ვერავინ იჯერებდა, რომ ასეთ მარტივ და გამოსადეგ ნივთს ქალი მოიფიქრებდა და დაამზადებდა. ნაიტმა საქმე მოიგო და ადვოკატის დახმარებით, გამოგონება დააპატენტა კიდეც. ამბობენ, რომ ქალმა გამოგონება კომპანია Eastern Paper Bag Co-ს მიჰყიდა და იმ პერიოდისთვის ზღაპრული თანხა, 50 ათასი დოლარი მიიღო. თუმცა, ეს ინფორმაცია საეჭვოა, რადგან გარდაცვალების შემდეგ ქალს პირად ანგარიშზე მხოლოდ 270 დოლარი და 50 ცენტი ჰქონდა.
1971-1913 წლებში მარგარეტი ნაყოფიერად მუშაობდა. მას უამრავი, თითქმის 100-მდე გამოგონება ეკუთვნის და 30 პატენტი ჰქონდა მიღებული. სამწუხაროდ, ქალმა თავი გამოგონებას მიუძღვნა, არც გათხოვილა და არც შვილები გაუჩენია.
მარგარეტი 76 წლის ასაკში, 1914 წელს გარდაიცვალა. 1871 წელს დედოფალმა ვიქტორიამ საპატიო ლეგიონერის ორდენით პირადად დააჯილდოვა. 2006 წელს კი გამომგონებელთა ნაციონალურ მუზეუმში მარგარეტ ნაიტს საპატიო ადგილი მიაკუთვნეს.