გაბრიელ გარსია მარკესს თავისი მომავალი ცოლი მაშინ შეუყვარდა, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. თუმცა, პირველივე შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ მასზე დაქორწინდებოდა. ერთად 55 წელი იცხოვრეს.
"ახლაღა მივხვდი, რომ ყველა ჩემი დაწერილი ლექსი თქვენ გეძღვნებათ. გახდით ჩემი ცოლი!" - უთხრა ახალგაზრდა გაბრიელ გარსია მარკესმა საცეკვაო დარბაზში პატარა მერსედეს ბარჩა პარდოს. "თანახმა ვარ, უბრალოდ, დამელოდეთ, სანამ სკოლას დავამთავრებ" - სერიოზულად უპასუხა გოგონამ. ეს ამბავი 1945 წელს, კოლუმბიის ქალაქ სუკრაში მოხდა.
გაბრიელ გარსია მარკესი 1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში დაიბადა. მამამისი ტელეგრაფისტი იყო და ოჯახი რომ გამოეკვება, ხშირად ორ ცვლაში მუშაობდა. გაბრიელი დედას აღმერთებდა. მის გარდა, დედას კიდევ 10 შვილი ჰყავდა და ბიჭს არასდროს ჰყოფნიდა დედის ყურადღება. გაბო დროის უმეტეს ნაწილს ბებიასთან ერთად ატარებდა. მომავალში მწერალი ბებიას ხშირად გამოიყენებს თავის ნაწარმოებებში, როცა გვარის ძლიერი ქალის აღწერა სურს. მწერალი თავის ბაბუასაც ხშირად აცოცხლებს თვის ნაწარმოებებში. ბაბუა კი პოლკოვნიკი, სამოქალაქო ომის მონაწილე იყო.
გაბრიელი საპაკირას ინტერნატში სწავლობდა. იურისტობა სურდა და ბოგოტას უნივერსიტეტში ჩააბარა. მანამდე კი ლიტერატურამ გაიტაცა. რომანტიკულ ლექსებს წერდა. 1947 წელს რამდენიმე გამოაქვეყნა კიდეც. მერსედესზეც სურდა დაქორწინება, მაგრამ ფული არ ჰქონდა. მარკესის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გაცნობის დროს გოგონა 13-ის კი არა, 9 წლის იყო, როგორც პატარა რემედეოსი, როცა ის აურელიანო ბუენდიას შეუყვარდა ("მარტოობის ასი წელი"). სხვათა შორის, მარკესის რომანებში ხშირად ჩნდება პატარა გოგონებისადმი სიყვარულის თემა.
მარკესი ამბობდა, რომ მერსედესი ჯერ კიდევ გაცნობამდე ნახა... საკუთარ სიზმრებში. შთაგონებულმა კი მოთხრობა მიუძღვნა: პატარა გოგონას ისე ძალიან სურს მოგზაურობა, რომ პეპლად გადაიქცევა და მშობლიური ქალაქიდან გაფრინდება. სინამდვილეში, მერსედესს მართლა სურდა მოგზაურობა, ამაზე თავის ბავშვობის მეგობარს გაუმხილა. მარკესმა ბავშვობის ოცნება აუსრულა, ისინი მართლაც ბევრს მოგზაურობდნენ.
მერსედეს რაკელ ბარჩა პარდო 1932 წლის 6 ნოემბერს დაიბადა. დედამისი კოლუმბიელი იყო, ფერმერების ოჯახიდან. მამა - პალესტინელ-ეგვიპტელი იყო. მარკესის აზრით, სწორედ ეგვიპტელი წინაპრების სისხლის დამსახურება იყო, მერსედესს "ნილოსის გველის საიდუმლო სილამაზე" რომ ერგო. მეჩეს ბაბუას აფთიაქების ქსელი ჰქონდა, გოგონა პრესტიჟულ, მაგრამ მკაცრ კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, სერიოზული იყო და წარმატებული. ბიოლოგობა სურდა, მაგრამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ გაბრიელ გარსია მარკესს გაჰყვებოდა ცოლად. მშობლები არ უკრძალავდნენ ოცნებას. წლები გადიოდა, მერსედესს ასაკი ემატებოდა და ელოდებოდა, როცა ეწვეოდა მარკესი ხელის სათხოვნელად.
მარკესზე ინფორმაციებს ახლობლებისგან იგებდა. მათგან გაიგო, რომ გაბრიელმა ლექციები მიატოვა და ჟურნალისტობა დაიწყო, რომ პარიზში ეპანელ მსახიობ მარია კონსეპსიონთან რომანი ჰქონდა. ქალი არაფერს აქცევდა ყურადღებას, მისთვის მთავარი ის იყო, რომ გაბრიელი მუდმივად სწერდა წერილებს. უყვებოდა, რა ხდებოდა მის სულში. ხოლო, თუ ვისთან იყოფდა საწოლს, მეჩეს არ აინტერესებდა.
მეჩე და გაბო კვირაში ორ-სამჯერ უგზავნიდნენ ერთმანეთს წერილებს. მეჩეს ფოტო კი გაბოს საწოლთან ეკიდა. ერთხელ მეგობარი ესტუმრა და როცა ფოტოს დააკვირდა, მწერალმა უთხრა: "ეს წმინდა ნიანგია".
მათი ნიშნობა ხანგრძლივი გამოდგა, თუმცა, არც ისეთი, როგორც ფლორენტინო არისასა და ფერმენია დასას ("სიყვარული ჟამიანობის დროს"). ჯვარი 1958 წელს დაიწერეს. ამ დროს გაბო 31 წლის იყო. მერსედესი ამ დღეს 13 წელი ელოდა.
ის წერილები, რომლებსაც ერთმანეთს შეყვარებულები სწერდნენ, გაბოს თხოვნით, მეჩემ ცეცხლს მისცა, რათა უცხო ხელში არ მოხვედრილიყო.
1991 წელს მერსედესს ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამ გააძლებინათ ამდენი წელი ერთად, რაზეც ქალმა უპასუხა: "ბიოლოგიურმა თავსებადობამ. ამის გარეშე არაფერი მოხდებოდა".
1959 წლის 24 აგვისტოს პირველი ვაჟი როდრიგო გარსია გაუჩნდათ. ამ პერიოდში გარსია ჟურნალიდან ევროპაში გაუშვეს მივლინებით. მერსედესი ვაჟს ზრდიდა და ქმარს ელოდა. შემდეგ მწერალი კომუნისტურმა იდეებმა გაიტაცა. კუბაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა, სტატიებს წერდა. ერთხელ ცოლ-შვილიც თან წაიყვანა, მაგრამ ამერიკა-კუბის ომის დროს გაქცევა მოუხდათ. თვითმფრინავის ბილეთის ფული არ ჰქონდათ და სარეისო ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ. ტარაკნებით სავსე ნომრებში ჩერდებოდნენ. ერთხელ კი ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გაბოს რამდენიმე საათით მერსედესის გაყიდვა შესთავაზა, აღებული თანხით კარგად რომ ესადილათ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მერსედესი დაავადდა. ქმარს მისი მკურნალობის ფული არ ჰქონდა, მაგრამ ერთხელაც არ უსაყვედურია მისთვის. "ქალები სამყაროს მართავენ, - თქვა მარკესმა. - ერთადერთი, რასაც ვერ გაპატიებენ, ღალატია. ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა შესთავაზოთ თამაშის წესები. ქალები მას მიიღებენ, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას მათ შეცვლას არ გაპატიებენ. თუ რამეს შეცვლით, უმოწყალოდ გაგიმკლავდებიან".
1962 წელს მეორე ვაჟი გონსალო გარსია ეყოლათ. გაბოს სურდა, გოგოც ჰყოლოდა, ისეთივე ლამაზი, როგორიც მერსედესი იყო, მაგრამ მეტი შვილი მათ აღარ ჰყოლიათ.
ყველა ნაწარმოები, რა თქმა უნდა, მერსედესსა და მის მოთმინებას ეძღვნებოდა. 1982 წელს მარკესს ნობელის პრემია მიანიჭეს. მერსედესი, რა თქმა უნდა, ყველგან დაჰყვებოდა ქმარს, მაგრამ ჟურნალისტებთან არ საუბრობდა. მხოლოდ ერთი ინტერვიუ მისცა ჟურნალს Carrusel. სტატიას ერქვა: "გაბიტო მელოდებოდა, როდის გავიზრდებოდი".
შინ დაბრუნებულმა მეჩემ სადღესასწაულო სამოსი გაიხადა და ისევ ქმრისთვის მყუდროების შექმნას შეუდგა. მისი კაბინეტი მუდამ გამთბარი უნდა იყოს, ფურცლები - ხარისხიანი, დროულად უნდა ისადილოს, დალიოს ყავა და გააბოლოს სიგარა. ცოლს დამატებით ევალებოდა პუბლიკაციების, შავი ნაწერების დახარისხება.
"ХХI საუკუნეში გარდაცვალების აღარ მეშინია. უკვე რამდენჯერმე დამასამარეს. გაზეთებშიც წამიკითხავს და ტელევიზორითაც მინახავს, როგორ გამისტუმრეს იმქვეყნად. ადრე ეს საშინლად მაბრაზებდა, მერე შევეჩვიე". - ამბობდა მწერალი.
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მწერალი ალცჰაიმერით იტანჯებოდა. მისი ძმის თქმით, ის ვერ ცნობდა ვერც საკუთარ შვილებს და ვერც ძმას. მაგრამ მერსედესს ყოველთვის ცნობდა. ხანდახან კი ეჩვენებოდა, რომ მეჩე ისევ ის პატარა გოგოა, რომელიც ცოლად უნდა მოიყვანოს, როცა ის გაიზრდება.