ემა ჰამილტონის გარდაცვალებიდან 200 წელი გავიდა, მაგრამ მისი ცხოვრება და სიყვარულის ისტორიები კვლავ საინტერესოა.
ლამაზმანი ნახშირის ურიკით
ადმირალ ნელსონის მეტრესა (საყვარელი) და მხატვარ-პორტრეტისტის, ჯორჯ რომნის მუზა ემა ლაიონი 1765 წლის 26 აპრილს, ჩეშირის (ინგლისი) პროვინციაში დაიბადა. მამამისი მჭედელი იყო, დედა - მოსამსახურე. მამის გარდაცვალების შემდეგ 6 წლისა ვირით ნახშირს დაატარებდა, 12 წლის კი სოფლის ქირურგის სახლში ძიძად მუშაობდა. ცოტა ხანში კი ლონდონში იშოვა სამსახური - ხან მოსამსახურე იყო, ხან მიმტანი ტრაქტირში... საიუველირო მაღაზიაში, სადაც მუშაობა დაიწყო, მდიდარმა კლიენტმა ყურადღება მიაქცია და კომპანიონად გაიხადა. თანაც, სად?.. ბორდელში. უამრავი მამაკაცი მხოლოდ მის გამო მიდიოდა ბორდელში. ემა სხვა ქალებისგან დიდი ლურჯი თვალებით, ჟღალი თმით გამოირჩეოდა. ცოტა ხანში ლაიონი დაფეხმძიმდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო მისი შვილის მამა. დასახმარებლად ემამ დედას მიმართა. მშობიარობის შემდეგ გოგო ბებიამ წაიყვანა სოფელში და 17 წლის დედის მსგავსად, მასაც ემა დაარქვეს.
დედობამ ემა უფრო დაასერიოზულა. სახელი შეიცვალა, ემილი ჰარტი დაირქვა. ახლა ის მამაკაცს ლუკმაპურისთვის არ უწვებოდა ლოგინში, მეტი მოთხოვნები გაუჩნდა. იგი „ექიმ“ გრეჰემის "ჯანმრთელობის ტაძარში" მოხვდა. აქ დადიოდნენ წყვილები ან უშვილობის სამკურნალოდ, ან სექსუალური მოთხოვნების გასაძლიერებლად, მარტოხელა მამაკაცები კი - სექსუალური აქტებისგან ტკბობისთვის.
როგორც მიხვდით, "მკურნალობა" საკმაოდ ეგზოტიკური და ამავდროულად, ძვირად ღირებული იყო. იქ მოხვედრა მხოლოდ ფულიან წყვილებსა და მამაკაცებს შეეძლოთ. ემამ "ჯანმრთელობის ტაძარში" მუშაობის დროს თავისი სხეულით მოხიბლა მხატვრები: ჯოშუა რეინოლდსი, თომას გეინსბორო, ჯორჯ რომნი. სხვათა შორის, ამ პორტრეტისტმა ემა საქვეყნოდ ცნობილი გახადა თავისი ნახატებით (მამაკაცმა ემას სულ 24 პორტრეტი შექმნა). აქვე გაიცნო გარი ფეხერსტონი, რომელმაც 6 თვით შეიფარა თავის მდიდრულ ვილაში. აცმევდა ძვირფას სამოსს, ჩუქნიდა ძვირფასეულობას, ასწავლა ცეკვა, ჯირითი, მაგრამ მამაკაცს მალევე მობეზრდა ქალი და ემა ისევ დედასთან დაბრუნდა. ამჯერადაც ფეხმძიმე, სადაც მეორე შვილი ემი გააჩინა. სოფელში ყველამ იცოდა, როგორ ცხოვრობდა ქალი და არავის სურდა მის გვერდით გავლაც კი. ემამ წერილები მისწერა თავის გავლენიან მეგობარ-მამაკაცებს და მისი დახმარება ჩარლზ გრევილმა ითავა. მამაკაცმა ქალს დახვეწილი მანერები, მუსიკა, სიმღერა და რაც მთავარია, სწორი წერა-კითხვა და მეტყველება შეასწავლა.
ემა ლორდის ცოლი ხდება
3 წლის შემდეგ ჩარლზი გაკოტრდა და ემა ქუჩაში რომ არ დარჩენილიყო, მისი გათხოვება გადაწყვიტა. ქმრად ნეპოლში მომუშავე ელჩი, ლორდი უილიამ ჰამილტონი შეურჩია, რომელიც მამაკაცს ბიძად ეკუთვნოდა. წყვილი 1791 წელს დაქორწინდა. ქმარი 61 წლის იყო, ემა - 26-ის. მდიდარი ქმარი ძვირფასი სამკაულებითა და სამოსით ანებივრებდა. ემა ელიტაში გამოჩნდა. მისი გულითადი მეგობრები გახდნენ ნეაპოლის დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი და მისი და მარია-ანტუანეტა.
სკანდალური რომანი
1789 წელს ემამ ჰორაციო ნელსონი გაიცნო. მის პატივსაცემად ნეაპოლში დიდი წვეულება გაიმართა. სახელგანთქმულ ადმირალს იმ დროისთვის დაზიანებული თვალი და დაკარგული ხელი ჰქონდა. ემა საკუთარი ხელით აჭმევდა ჰორაციოს და ჭრილობებსაც უმუშავებდა. ცოტა ხანში კი თავდავიწყებით შეუყვარდა, ისე, რომ ჰორაციოს ცოლთან გაყრა და მასზე დაქორწინება შესთავაზა. მაგრამ... ნელსონმა ცოლი განქორწინებაზე ვერ დაითანხმა...
1799 წელს ჰამილტონი ცოლთან ერთად ლონდონში გაიწვიეს. მათთან ერთადაა ჰორაციოც. ლორდს ყველგან პატივით იღებენ, აი, ემას ნახვა კი არ სურთ. დედოფალმა მისი სასახლეში მიღება აკრძალა. თუმცა, ქალს არ ადარდებს ლონდონის ელიტის აზრი, ის ჰორაციოსთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და 1801 წელს ემამ ადმირალს ქალიშვილი ჰორაცია გაუჩინა. ოფიციალურად, გოგონა ნელსონის გარდაცვლილი მეზღვაურის შვილი იყო, ემა და ჰორაციო კი - მისი ნათლიები.
1803 წელს უილიამ ჰამილტონი გარდაიცვალა. მთელი ქონება თავის ძმიშვილს, ემას ყოფილ საყვარელს, ჩარლზ გრევილს დაუტოვა. ემა ისევ ქუჩაში აღმოჩნდა მცირე თანხით და სამოსის ერთი ჩემოდნით.
მშვენიერი ისტორიის ტრაგიკული დასასრული
წყვილის ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა, 1805 წელს ჰორაციო ფრანგებთან ტრაფალგარის ომში გაიწვიეს. მანამდე დაწერა ანდერძი: "ერთდერთს ვთხოვ, ჩემს სამშობლოს, სახელმწიფოს, იზრუნეთ ლედი ჰამილტონსა და პატარა ჰორაციაზე". თუმცა, სახელმწიფომ ჰორაციოს მიტოვებული ქვრივი ფანი ნელსონი დააფასა და უპატრონა, ემასკენ კი არც გაუხედავს. ემამ გაყიდა ყველაფერი და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ცოტა ხანში დედაც გამოეცალა ხელიდან. ვალების გამო ქალი ციხეში ჩასვეს. იქიდან გამოსულმა სმა დაიწყო. მისი სილამაზის კვალიც კი გამქრალიყო. ემა 1815 წლის 15 იანვარს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე მხოლოდ ნელსონის ერთგული მეზღვაურები მივიდნენ.
ეპილოგი
ჰორაციამ გვიან გაიგო, სინამდვილეში ვინ იყვნენ მისი მშობლები. მამის გამო ამაყობდა და მის ნათესავებთან დარჩა საცხოვრებლად, ისინი დაეხმარნენ უმაღლესი განათლების მიღებაში, დაოჯახებაში. ემა კი დედად არასდროს აღიარა. გათხოვების შემდეგ მას 7 ვაჟი და 3 ქალიშვილი ეყოლა. გარდაცვალების შემდეგ, როგორც გმირის ქალიშვილს, დედოფალმა მის ოჯახს ერთჯერადად 1457 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა (ეს თანხმა მისმა ვაჟებმა გაიყვეს), გოგონებს კი სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური პენსია 100 გირვანქა სტერლინგი დაუნიშნა. ჰორაციამ 80 წელი იცოცხლა. მის საფლავზე წერია: "ადმირალ ნელსონის შვილობილი". ემაზე - არც ერთი სიტყვა.
წყარო:interviewmg.ru