ე.წ. გეი სახლებში დაჭერა უბრალოდ საშიში არ ყოფილა - XVIII საუკუნეში ამის გამო მამაკაცებს ჩამოხრჩობა ემუქრებოდათ.
თუმცა მიწისქვეშ მსგავსი საიდუმლო სახლები მაინც არსებობდა, რადგან ყველასთვის აუცილებელია, სასურველ საზოგადოებაში თავი სრულფასოვნად იგრძნოს.
1709 წელს ლონდონელი ჟურნალისტი ნედ უორდი ცდილობდა, გეი-ბარები უარყოფითად აღეწერა, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ბიჭები უბრალოდ მხიარულად ატარებდნენ დროს. „ყოველ საღამოს ერთ-ერთ პაბში მამაკაცები საჭორაოდ, ისტორიების მოსაყოლად, გართობისა და დროდადრო დასალევად იკრიბებოდნენ“ - წერდა უორდი ჰომოფობურ სტატიაში, სადაც ამ მამაკაცებს მოიხსენიებდა, როგორც „სოდომისტურად გარყვნილ ჯგუფს“.
XVIII საუკუნეში, XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში გეები ლონდონური კლუბებისა და ბარების დაკეტილ კარებს მიღმა იკრიბებოდნენ, სადაც შეეძლოთ სექსით დაკავებულიყვნენ - ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ერთობოდნენ და სადღესასწაულო „ქორწილებსაც“ კი მართავდნენ.
როგორც ისტორიკოსები, ჯეფი მერიკი და ბრაიანტ რეიგანი მიიჩნევენ, XVIII საუკუნემდე ჰომოსექსუალიზმს სხვა ცოდვებს შორის თითქმის ნეიტრალური ადგილი ეკავა. მას მოიაზრებდნენ ისე, როგორც ლტოლვას სასმლის ან აზარტული თამაშების მიმართ.
მაგრამ XIX საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. 1533 წელს, დიდი ხნით ადრე, ვიდრე სიტუაცია ძალიან საშიშ სახეს მიიღებდა, ჰენრი VIII-მ გამოსცა კანონი, რომელიც ჰომოსექსუალისტების სიკვდილით დასჯას მოიაზრებდა. გარდა ერთსქესიანთა კონტაქტისა, კანონი სჯიდა ქალთან ანალური სექსითა და ზოოფილიით დაკავებისთვისაც.
თავდაპირველად, როცა ეს კანონი მიიღეს, პრაქტიკაში მას თითქმის არასდროს იყენებდნენ, მაგრამ 150 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გეების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გართულდა და ერთსქესიანთა სიყვარული სასიკვდილოდ საშიში გახდა.
მართალია, ოსკარ უაილდი ჰომოსექსუალობას მოიხსენიებდა, როგორც „სიყვარულს, რომელიც დასახელებას ვერ ბედავს“, უმრავლესობა ამ ფენომენს ნაკლებად რომანტიკულად უდგებოდა. ის ღვთის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, დემონურად და სხვა დანაშაულებზე უფრო სერიოზულ რამედ ითვლებოდა.
ასეთ გარემოცვაში გეებისთვის აუცილებელი იყო ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ. ხანდახან ეს გახლდათ სახლები მუდმივი მცხოვრებლებით ან ვიზიტორებით, ხანდახან კი ტავერნები, დუქნები.
„გეი სახლებში“ იმართებოდა თეატრალური დადგმები, რომელთა ანალოგი თანამედროვე კულტურას არ შემორჩა. უორდის სტატიაში აღწერილია, თუ როგორ გამოდიოდა ორი მამაკაცი სცენაზე, რომლებიც ერთმანეთს მიმართავდნენ, როგორც „დას“. ერთ-ერთ მათგანს ქალის ხალათი ეცვა და თამაშობდა, თითქოს მშობიარობდა. საიდანღაც გაჩნდა ხისგან დამზადებული ბავშვიც. ყველა მხიარულობდა, ზეიმობდა. გაითამაშეს ნათლობის ცერემონიალიც. სხვა მამაკაცები ექთნების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები და ახალშობილ ხის ბავშვს ტაშს უკრავდნენ.
ასევე, მართავდნენ ქორწინების ცერემონიებსაც.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დარბევა გახლდათ 1810 წელს ბარ „თეთრ გედზე“ თავდასხმა. მაშინ პოლიციამ 30 მამაკაცი აიყვანა. ვიდრე პატიმრები პოლიციის შენობამდე მიაღწევდნენ, მათ გაღიზიანებულ ბრბოს შორის გავლა მოუხდათ, რომლებიც ესვროდნენ სხვადასხვა საგანს, დასცინოდნენ და ამცირებდნენ მათ. დაპატიმრებულებს შორის მხოლოდ ორს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. სხვები კი სამარცხვინო ძელზე გააკრეს, სადაც ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისულიყო და მათთვის სახეში შეეფურთხებინა, მიეყენებინა შეურაცხყოფა. მამაკაცების სახეები და სხეული დარტყმების შედეგად იარებით იყო სავსე. სამარცხვინო ძელზე გაკვრიდან ერთი საათის შემდეგ კი 50 ქალი გაერთიანდა, რომლებიც პატიმრებს შეუსვენებლად ესვროდნენ გარკვეულ საგნებს მანამ, სანამ გონება არ დაკარგეს.
მსგავსმა დარბევებმა არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცები აიძულა, მიწისქვეშ კიდევ უფრო ღრმად დამალულიყვნენ, თუმცა მათი კულტურის განადგურება მაინც ვერ მოახერხეს. 1885 წელს სისხლის სამართლის კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმად, ჰომოსექსუალურ აქტივობებში ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელსაც სოდომიას ვერ დაუმტკიცებდნენ, მხოლოდ პატიმრობა ან 2-წლიანი მძიმე სამუშაოს შესრულება მიესჯებოდა.
მხოლოდ 2003 წელს კანონის - Sexual Offences Act 2003-ის მიღებით, „სოდომიისა“ და „უხეში უხამსი საქციელის“ გაგება სრულიად გაუქმდა.
წყარო: cosmo.ru