ამ ბლოგს ჩემი მწერლური ნიჭის გადმოსაფრქვევად არ ვწერ, ამისთვის სხვა გზა ვიპოვე. აქ კი რამდენიმე ბანალური ფრაზითა და იდეით ცხოვრების კრეატიულობაზე გესაუბრებით.
ცხოვრება ოცნებების ასრულებისთვის ყოველთვის გაძლევს შანსს. ოღონდ ეს შანსია, მისი სრული მნიშვნელობით და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, ჩაეჭიდები თუ არა, იყიდი თუ არა ლატარიის ბილეთს, ან აამოძრავებ თუ არა ნავის ნიჩბებს.
თუ შენს ხელში კალამი თავს ისევე კომფორტულად გრძნობს, როგორც თევზი - წყალში, გეცოდინება, რომ დღეს ბევრი წერს და კიდევ უფრო დარწმუნებული იქნები იმაში, რომ გამომცემლობები თარგმნიან, ბეჭდავენ და წარმატებით ყიდიან ახალ-ახალ წიგნებს. თუმცა, როგორც წესი, ეს პროცესი არც ისე სახარბიელოა და ცოტა გრძელვადიანიც. ჯერ სანამ შენი სიმორცხვის გადალახვას შეძლებ და საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას, რომ ეს ყველაფერი დაბეჭდვად ღირს; მერე გამომცემლობას შეარჩევ. ყველას ეკითხები: კარგია? მართლა კარგია? გგონია, რომ არ მოსწონთ, მაგრამ არ გეუბნებიან. აბა, როგორ შეიძლება, რაც დაწერე, მოეწონოთ. კომპეტენტურ ხალხს ეძებ, მათი აზრი გაინტერესებს, ვინც მართლა სიმართლეს გეტყვის. ასე გრძელდება დიდხანს, მანამ, სანამ ყველაფერს არ გადალახავ და რომელიმე გამომცემლობას არ მიადგები. მერე იწყება ახალი პრობლემები: დრო, ადამიანური თუ ფინანსური რესურსი, რომელიც ახალი წიგნის გამოცემას სჭირდება.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო. თუმცა ახლა გადავწყვიტე, ნიჩაბი უფრო მაგრად მოვუსვა, თაროებიდან ყველა ჩემი ნაწერი გადმოვალაგო, მთელი ჟინით ვწერო ახალი ტექსტები, რადგან თურმე ვიღაცას ვჭირდები. კი, ზუსტად მე, ზუსტად ისეთი პროექტისთვის, როგორზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი და ვიცი, ეს ოცნება არც არასდროს შეწყვეტს არსებობას.
ოცნებასთან ერთად იზრდები. იზრდება შენი მარცხის, შეცდომებისა და დაბრკოლებების რაოდენობა. ერთ დღესაც, საკუთარ თავზე ხელჩაქნეული გაიღვიძებ, მაგრამ უცბად, ჰოპ და, კონკურსში იმარჯვებ. რამდენიმე თვეც და ხელში საკუთარი წიგნი გეჭირება. ავტოგრაფების დარიგებით ხელები გეტკინება და ეს იქნება ყველაზე მშვენიერი ხელის ტკივილი მსოფლიოში! წიგნის მაღაზიებში შენს წიგნს იკითხავ და გეტყვიან, რომ წესით, აი, იმ თაროზე უნდა იყოს, ბესტსელერთა შორის, მაგრამ ყველა მათგანი გაიყიდა. იმ წამს შენი სიამაყე მთებს გადადგამს და კონსულტანტი თუკი ვერ გიცნობს, ვერც კი მიხვდება, რატომ შეიძლება გაუხარდეს ადამიანს სასურველი წიგნის არყოფნა.
გავა კიდევ ცოტა დრო და მოვლენ ახალგაზრდები, რომლებიც გკითხავენ აზრს თავიანთი ნაწერების შესახებ.
ლიტერატურულ კონკურსს, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ჰქვია. კონკურსი უკვე მესამედ ტარდება. ეს უფასო შანსია, რომელიც წელიწადში ერთხელ გეძლევა და ახლა მთლიანად შენს ხელშია შენი ბედი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენმა ადამიანმა გითხრა, რომ წაიკითხავს და მათგან რამდენმა დაგტოვა უპასუხოდ. აქ შენს ყველა სიტყვას იმაზე მეტად აკვირდებიან, ვიდრე ოდესმე. წარმატებისთვის ასაკის ზედა ზღვარი არ არსებობს. არც მწერლად გახდომას აქვს დრო, რადგან ის შენშია და ადრე თუ გვიან, ჯინი თავს მაინც გაითავისუფლებს ტყვეობიდან.