თავიდანვე რომ გაგაცნოთ ლოლა, გეტყვით, რომ მისი თაყვანისმცემლები იყვნენ ლისტი, ბალზაკი და მამა-შვილი დიუმები. ლამაზ მოცეკვავეზე ჭკუას კარგავდნენ ევროპის უმდიდრესი ადამიანები და მას უამრავ ფულს ახარჯავდნენ. ლოლას გამო ბავარიის მეფე ლუდვიგ I-მა სამეფო ტახტზე უარი განაცხადა.
არ მინდა სწავლა, მე მინდა ცეკვა
ელისაბედ გულბერტი, მომავალში ლოლა მონტესი, 2 წლის იყო, როცა მშობლებმა ინდოეთში წაიყვანეს. მათ გამდიდრების იმედი ჰქონდათ. ერთ თვეში მამამისი გარდაიცვალა, დედა კვლავ გათხოვდა და გოგონა ლონდონის პანსიონატში მიაბარეს.
თავნება გოგონას დამორჩილება შეუძლებელი იყო. 16 წლის იყო, როცა ლეიტენანტ ტომას ჯეიმსთან ერთად გაიპარა პანსიონატიდან. ახალგაზრდები ისევ ინდოეთში გაემგზავრნენ, სადაც ლოლამ ინდური ცეკვების შესწავლა დაიწყო.
ლოლას მალევე მობეზრდა ინდოეთი და მეუღლეებმა ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტეს. ქალმა გემზე ლორდი ლენოქსი გაიცნო და გაუმიჯნურდა. როცა ამის შესახებ ქმარმა გაიგო, ცოლს განქორწინება მოსთხოვა და ელისაბედის საყვარელსაც უჩივლა სასამართლოში. ლოლამ კი ბევრი არ იფიქრა და ესპანეთში გაემგზავრა ცეკვების შესასწავლად და გასართობად.
ირლანდიელობიდან ესპანელობამდე
იმ პერიოდში მოდაში ყველაფერი ესპანური იყო, რისი მიზეზიც პროსპერ მერიმეს ახალგამოსული ნოველა "კარმენი" გახდა. ლოლას ცეკვას ბებერი ბოშა ქალი ასწავლიდა. მას შვილი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ლოლას მისი სახელი დოლორეს მონტესი უწოდა. ლონდონში დაბრუნებული "ესპანელი" ლოლა სამეფო თეატრის სცენაზე ცეკვავდა, მაგრამ ცოტა ხანი. ცეკვის დროს მხრებს იშიშვლებდა და კაბას მაღლა იწევდა, რაც იმ პერიოდის კონსერვატიულ ინგლისელებს შოკში აგდებდა.
ლონდონიდან გამგზავრებამდე ლოლას დღიურში ასეთი ჩანაწერი გაჩნდა: "იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვიღაც პრინცი უნდა გამოვიჭირო".
პარიზის დაპყრობა
დრეზდენში ლოლა კომპოზიტორ ლისტს შეხვდა და... მოგვიანებით კომპოზიტორმა მეგობრებს შესჩივლა, რომ გამოძინებასა და მუსიკის წერას ვერ ახერხებდა. ბერლინში იმპერატორის მოხიბვლა გადაწყვიტა და ჟანდარმებმა კინწისკვრით გააძევეს ქალაქიდან. გამოაძევეს ვარშავიდანაც, მაგრამ აი, პარიზში შეიფარეს და გრანდ-ოპერის სცენიდან ფრანგული ბოჰემა გადაჰყავდა ჭკუიდან. დიუმა, ბალზაკი და გოტიე მდიდარი ადამიანები იყვნენ და ახალგაზრდა ავანტიურისტ ქალს მათთვის თავბრუს დახვევა არ გასჭირვებია. იმავე პერიოდში ლოლა ახალგაზრდა ჟურნალისტს, ალექსანდრ დიუჯარიეს შეუყვარდა. მამაკაცმა ქალს ცოლობა სთხოვა. თითქოს მათ ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ დიუჯარიე საცოლის ღირსების დასაცავად დუელში გამოიწვიეს და მოკლეს.
მეფესთან აუდიენციაზე
მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ლოლა მიუნხენში გაემგზავრა. გერმანელ საზოგადოებას არ სურდა მისი სცენაზე ხილვა და ქალი პირდაპირ მეფესთან გაემგზავრა შესახვედრად. ლოლას და კამერდინერების ჩხუბზე, რომლებიც ქალს სასახლეში არ უშვებდნენ, თავად მეფე ლუდვიგ პირველი გამოვიდა. ქალმა ლამაზი სხეულის გამოსაჩენად წამში გაიძრო სამოსი და სთხოვა, მისთვის სცენაზე გამოსვლის ნება მიეცათ. მეფე დიდხანს მიშტერებოდა ლოლას სხეულს. მეორე დღეს ლოლა ადგილობრივი თეატრის პრიმა-ბალერინად აღიარეს და მისი პორტრეტიც დაახატვინეს.
უგვირგვინო დედოფალი
60 წლის მეფეს პატარა ბიჭივით შეუყვარდა ლოლა. ერთ-ერთ წერილში ის წერდა: "საკუთარ თავს ვეზუვის ვადარებ. ვულკანი ჩამქრალი მეგონა, მაგრამ მან კვლავ იფეთქა. სიყვარულითა და ვნებით ვარ შეპყრობილი, როგორც 20 წლის ბიჭი. მადა და მოსვენება დავკარგე, სისხლი მიდუღს". ლოლა ნამდვილი დედოფალივით იქცეოდა, უამრავ თანხას ხარჯავდა საკუთარ სიამოვნებაზე, სკანდალებს აწყობდა. ერთხელ განრისხებულმა ბუხარში ძვირფასი მარგალიტის მძივი შეაგდო და ლუდვიგს მისი ალიდან დახსნა თავისი მეფური ხელებით მოუხდა. ლოლა მამაკაცების სამოსში დასეირნობდა, სიგარეტს ეწეოდა და მათრახსაც ოსტატურად ხმარობდა.
როცა მეფემ მოცეკვავეს ლანდსფელდის გრაფინიას ტიტული უბოძა, დიდგვაროვნების აღშფოთება გამოიწვია. მას ულტიმატუმი წაუყენეს: ან ლოლა, ან სამეფო ტახტი. ხალხი აღშფოთებული იყო და მანიფესტებსაც მართავდა, რომ მეფეს მოცეკვავე ცოლად არ შეერთო. ლოლა ქალაქიდან გაემგზავრა, ლუდვიგმა კი სამეფო ტახტზე უარი განაცხადა.
უკანასკნელი დღეები
დაშორების შემდეგ შანტაჟით ლოლა უამრავ ფულს სცინცლავდა ლუდვიგს. 1851 წელს კი ამერიკისა და ავსტრალიის დასაპყრობად გაემგზავრა. საქმეები ცუდად მისდიოდა: ფულს ვერ შოულობდა, საყვარლები კი ატყუებდნენ.
ერთ დროს ცნობილი მოცეკვავე, რომელმაც ევროპას თავბრუ დაახვია, 42 წლის ასაკში ნიუ-იორკში, ფილტვების ანთებით, ყველასგან მივიწყებული, მარტოობაში გარდაიცვალა.
წყარო: izbrannoe.com