ბრილიანტების ქურდი ქალის, დორის პეინის ცხოვრება - Marao

ბრილიანტების ქურდი ქალის, დორის პეინის ცხოვრება

2019-04-23 11:38:21+04:00

დორის პეინი უკანასკნელად ციხეში 83 წლის ასაკში გამოამწყვდიეს. 60 წლის განმავლობაში ნადირობდა მასზე ამერიკის, ევროპისა და აზიის პოლიცია. მას იჭერდნენ, ათავისუფლებდნენ, მაგრამ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო.

ამერიკელების უმეტესობა მას დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის ღარიბებს არ ძარცვავდა, არავინ მოუკლავს. ის იდეალურად განასახიერებდა მილიონერების ცოლებს და ძვირფას საიუველირო სალონებს ქურდავდა. დორის პეინის ცხოვრებაზე ფილმიც კი გადაიღეს.

<div class="captcha_main_class_1"> 
<div class="captcha_image_class_1">დორის პეინი</div>
დორის პეინი</div>

პირველი ქურდობა

დორისი დასავლეთ ვირჯინიის პატარა ქალაქში დაიბადა. ფანერის სახლს ფანჯრების ნაცვლად მუყაო ჰქონდა მიფარებული. პატარა ოთხში მშობლები და 6 ბავშვი ცხოვრობდა. დორისი უმცროსი იყო. ბავშვებს სათამაშოები არ ჰქონდათ და გასართობად ოთახში მოცუნცულე თაგვებს იჭერდნენ და ერთმანეთს აშინებდნენ. აფროამერიკელი მამა მეშახტე გახლდათ, მუდამ ნასვამი იყო და ინდიელ დედას დაუნდობლად სცემდა. დედა შვილს კარგად სწავლას აიძულებდა და წასახალისებლად კინოში უშვებდა. ღამღამობით, მამის ხვრინვისა და თაგვების წრიპინის ფონზე, დორისი ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობდა.

16 წლისას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მას არ სურდა ფანერის სახლში ცხოვრება და ლოთი ქმარი, რომელიც ცოლს სცემს. დაბადების დღეზე დედამ ფული მისცა და სკოლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სუვენირის ყიდვა დაავალა. დორისი ქალაქში გაემგზავრა და შემთხვევით საიუველირო მაღაზიაში შევიდა, შემთხვევით სთხოვა გამყიდველს ოქროს საათის ჩვენება, შემთხვევით შემოვიდა მაღაზიაში თეთრკანიანი მამაკაცი და გაუწყრა გამყიდველს, რადგან მან მაღაზაში ფერადკანიანი შეუშვა, შემთხვევით გაიქცა დორისი მაღაზიიდან... ოქროს საათით ხელში. არ სურდა ქურდობა, მაგრამ მიხვდა, რომ ფული უნდა დაეგროვებინა და დედა სადისტი მამისგან დაეხსნა.

პარიზიდან მონაკომდე

თავდაპირველად, ღარიბულ კაბაში ჩაცმული დორისი ჰიპერმარკეტებში ქურდობდა. შემდეგ ოქროსა და ბრილიანტის ჯერი დადგა. ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი უშიშრად შედიოდა ფეშენებელურ მაღაზიებში. თითოეული ქურდობა ერთი მსახიობის სპექტაკლს ჰგავდა:

"ვთხოვდები ბატონ რონერზე, პენსილვანიის ცნობილ ადვოკატზე. მას სურს, ბეჭედი მაჩუქოს, რომელსაც თავად ავირჩევ". უამრავ ბეჭედს ირგებდა მოხდენილ თითებზე. "აი, ჩემი საქმროს მანქანამ გაიარა, ვერ დაინახეთ? სამწუხაროა"... სანამ გამყიდველი მანქანის დანახვას ცდილობდა, დორისმა ერთი ბეჭედი კაბის ჯიბეში ჩაიცურა. "საღამომდე მოვიფიქრებ", - ეუბნება გამყიდველს და სწრაფად ტოვებს სალონს. 13 ათას დოლარად შეფასებულ ბეჭედს 8 ათასად ყიდის გადამყიდველზე.

ნაქურდალის გაყიდვიდან აღებული ფულით დორისი ავადმყოფ დედას და ორ შვილს ინახავდა. მისი ყოველი ქურდობა ნიჭიერებით განსახიერებული პატარა როლი იყო, რისთვისაც ჰოლივუდში "ოსკარით" დააჯილდოებდნენ.

1974 წელს დორისი პარიზში გაემგზავრა. საუკეთესო მოდის სახლებში შეიკერა სამოსი, საუკეთესო სუნამოებს ისხამდა. შემდეგ ნიცაში გაემგზავრა, სადაც "კარტიეს" სალონი ელოდა, მაგრამ მხოლოდ დატკბა სიმდიდრით, მოპარვით ვერაფერი გააყოლა ხელს. ნიცაშივე გაიცნო ლოველასი, რომელმაც მიატოვა და ქალმა მანიკიურის მაკრატლით სცადა ვენების გადაჭრა, მაგრამ გადაარჩინეს. საიუველირო სალონში ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მოიპარა. თვალი 10-კარატიანი იყო, ქვითარზე 9 ნული ეწერა. დორისი პოლიციამ დააკავა, მაგრამ ქალმა ასთმის შეტევა გაითამაშა და საპირფარეშოდან გაიქცა.

ბედნიერება ფულში არაა!

რამდენიმე წელი კლივლენდში დედას უვლიდა. მამაკაცებს აღარ ენდობოდა. შვილებიც კი სხვადასხვა მამაკაცთან შემთხვევითი სექსის შედეგად გააჩინა. მაგრამ აზარტი არ ასვენებდა და დორისი ევროპაში გაემგზავრა: ჟენევა და მილანი კარგი ადგილები აღმოჩნდა საქურდავად. იტალიიდან გამომგზავრებისას, პოლიციელი დაედევნა და მატარებლიდან მოუწია გადმოხტომა. ფეხმოტეხილი ადგილობრივებმა შეიფარეს.

დორისის ცხოვრება აზარტით იყო აღსავსე. არაერთხელ დაიჭირა პოლიციამ, მაგრამ თავისუფლებაზე გამოსული კვლავ ქურდობდა. ძვირფას სამოსს კარადაში მტვერი ედებოდა, სახლში ფული არ იყო, მას კი მილიონერი ქვრივების როლების თამაში მოსწონდა. თუნდაც, ცოტა ხნით მაინც სურდა, დაეჯერებინა თავისივე ბედნიერი ცხოვრების. 20-მდე გამოგონილი სახელი ჰქონდა, 5 ყალბი პასპორტი.

როცა ბოლოჯერ დაიჭირეს, 83 წლის იყო. პოლიციამ მის სახლში ვერც ფული და ვერც ძვირფასეულობა ვერ აღმოაჩინა. მთელ ფულს ნარკომანი შვილის რეაბილიტაციაზე ხარჯავდა. გოგონამ მასზე უარი განაცხადა, როცა გაიგო, რომ დედამისი ბრილიანტის ქურდი იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ მოპარულიდან აღებული ფულის დიდ ნაწილს ონკოლოგიურ ჰოსპიტალში რიცხავდა. უკანასკნელი სასამართლოს წინაშე ელეგანტურად ჩაცმული და ასაკის მიუხედავად, ლამაზი ქალბატონი წარდგა. 5 წელი მიუსაჯეს. კარგი მოქცევისთვის ერთ წელიწადში გაათავისუფლეს, ერთ წელიწადში კი ატლანტაში ოქროს საყურეები მოიპარა და კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა "ბრილიანტის სუპერვარსკვლავი ქურდი ქალი".

წყარო: mirchudes.net