"დღეს თარსი დღეა: 13 და თანაც პარასკევი" - ხუმრობდნენ ჩარტერული თვითმფრინავის მგზავრები, რომლებსაც მთებისთვის უნდა გადაეფრინათ და რომლებიც ავიაკატასტროფაში მოყვნენ. ნანდო მორაგბე-იუნიური იყო. ის ჯგუფთან ერთად მგზავრობდა. მის გვერდით იყვნენ დედა და უმცროსი და.
ისე მოხდა, რომ თვითმფრინავის ფრთა მთის წვერს წამოედო, წონასწორობა დაკარგა და... ჩამოვარდა. 13 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. 32 ადამიანი გადარჩა, მაგრამ რთული ტრავმები მიიღო. გადარჩენილები მკაცრ ბუნებრივ პირობებში აღმოჩნდნენ. დაბალ ტემპერატურას წყლისა და საკვების ნაკლებობაც დაერთო. ისინი გამლღვალ თოვლს სვამდნენ და გვერდიგვერდ იწვნენ, რომ როგორმე გამთბარიყვნენ.
ცოცხლად დარჩენილებმა სასტიკი და მათთვის რთული გადაწყვეტილება მიიღეს. საკვებად გარდაცვლილი მგზავრების გვამები უნდა გამოეყენებინათ. ჯგუფმა კიდევ ორი კვირა გაძლო. საკვები გამოილია და რადიოტრანზისტორი, რომელსაც დახმარების სიგნალი უნდა გადაეცა, გაუმართავი აღმოჩნდა.
ტრაგედიიდან მესამოცე დღეს ნანდო მეგობართან, რობერტო კანესთან ერთად დახმარებისთვის ყინულოვან უდაბნოზე დაეშვა. თითოეულს სამი წყვილი შარვალი და ქურთუკი ეცვა, მაგრამ სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. მათ 65 კილომეტრი გაიარეს ანდების მთებში. 10-დღიანი სიარულის შემდეგ ჯერ სათხილამურო მთას მიაგნეს, შემდეგ კი ჩილელ ფერმერს, რომელმაც დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახა. 1972 წლის 22 დეკემბერს მაშველთა გუნდს პარადო ხელმძღვანელობდა. მათ კატასტროფის ადგილს მიაგნეს. ავიარეის 571-ის მგზავრებიდან მხოლოდ 8 ადამიანი დახვდათ ცოცხალი.
თვითმფრინავის კატასტროფის დროს ნანდომ ოჯახის წევრები დაკარგა, წონაში 40 კილო დაიკლო.
დღეს ნანდო პარადო გმირია. წერს წიგნებს, კითხულობს ლექციებს ცხოვრების მოტივაციასა და მიზნების მიღწევაზე. იყო ფილმ "ცოცხლების" კონსულტანტი, რომელშიც მთავარი როლი იტან ჰოუკიმ ითამაშა. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. გარდა იმისა, რომ ნანდო წარმატებული ბიზნესმენია, გატაცებულია ავტორბოლით.