ბლოგი

"ტიტანიკის" უჩვეულო მგზავრის, მარგარეტ ბრაუნის საინტერესო ცხოვრება

"ტიტანიკის" უჩვეულო მგზავრის, მარგარეტ ბრაუნის საინტერესო ცხოვრება
მას მიუძღვნეს წიგნები, სპექტაკლები, გადაიღეს ფილმები... "ტიტანიკის" ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი ამერიკელი აქტივისტი, ქალებისა და ბავშვების დამცველი ტრაგედიის ღამეს მსხვილი ლაინერის მგზავრებს გადარჩენაში ეხმარებოდა. მარგარეტ ბრაუნი ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში 1867 წლის 18 ივლისს დაიბადა. მამამისი, ქვრივი და შვილიანი კაცი შეხვდა დედამისს, ასევე ქვრივსა და შვილიან ქალს. წყვილი დაქორწინდა და 4 საერთო შვილი ეყოლა. მარგარეტი უმცროსი იყო. იმ საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომლის დირექტორიც დეიდამისი იყო. წამოზრდილმა თამბაქოს ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.

18 წლის დასა და მის ქმარს გაჰყვა ლივლენდში,
კოლორადოს შტატი, სადაც უნივერმაღში მუშაობისას მომავალი ქმარი, ასევე ირლანდიელი ემიგრანტი ჯეიმს ჯოზეფ ბრაუნი გაიცნო.

მარგარეტი აქტიურად მონაწილეობდა ქალთა უფლებების დამცავ აქციებში. მუშაობდა სასადილოში, ეხმარებოდა მეშახტეთა ოჯახებს. ბრაუნის შახტაში აღმოჩენილმა ოქროს საბადომ მეუღლეები მილიონერებად აქცია.

1894 წელს წყვილი დენვერში გადაბარგდა, რათა მარგარეტი მეტად განვითარებულიყო. მან დააარსა ქალთა კლუბი, სწავლა დაიწყო ნიუ-იორკის კარნეგის ინსტიტუტში. სწავლობდა ლიტერატურას, ენებს, დრამატურ ხელოვნებას. ფულს აგროვებდა ქრისტიანული ტაძრის ასაშენებლად, ეხმარებოდა ობლად დარჩენილ ბავშვებს. მისი დახმარებით, მოსამართლე ბენ ლინდსეიმ არასრულწლოვანთა დამცავი სასამართლო სისტემა შექმნა. რძლის გარდაცვალების შემდეგ ძმის სამი ქალიშვილი იშვილა. მარგარეტ ბრაუნი ერთადერთი ქალია, ვინც სენატორის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ეს 8 წლით ადრე იყო, ვიდრე ქალებს არჩევნებში ხმის უფლებას მისცემდნენ.

1912 წელს მარგარეტ ბრაუნი ცნობილი და პატივსაცემი ქალბატონი იყო. მისი ქალიშვილი სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა. შვილიშვილის ავადმყოფობის შესახებ ერთ-ერთი მოგზაურობისას შეიტყო და მასთან გასამგზავრებლად "ტიტანიკის" რეისზე აიღო ბილეთი. მდიდრული ლაინერის ტრაგიკული ბედის შესახებ ყველასთვის ცნობილია. ბრაუნი ჯერ მგზავრებს ეხმარებოდა ნავებში ჩასხდომაში, შემდეგ კი სხვა ქალებსაც მოუწოდა და ერთად დაიწყეს ნავის მართვა, სანამ საშველად გამოსულ გემთან არ მიცურდნენ. ენების ცოდნა უცხოელი მგზავრების დასამშვიდებლად გამოადგა. შეადგინა გარდაცვლილთა სიაც. ფეხი არ მოიცვალა, სანამ ყველა მგზავრი არ შეხვდა თავის ახლობელს და ყველამ არ მიიღო სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით "ტიტანიკის" გადარჩენილთა დასახმარებელი ფონდი შექმნა. 10 ათასი დოლარით ახლობლებ და ქონებადაკარგულ მგზავრებს დაეხმარა. მარგარეტის დახმარებითვე ვაშინგტონში "ტიტანიკის" გარდაცვლილი მგზავრების პატივსაცემად მემორიალი ააგეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში, ამერიკულ კომიტეტში მუშაობდა. დაზარალებულებს ეხმარებოდა, რის გამოც საპატიო ლეგიონერის წოდება მიანიჭეს.
მარგარეტი 65 წლის ასაკში, ძილში, ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. იგი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. წყვილს ორი შვილი დარჩა.

"მოლი" - ეს სახელი მის გმირს ჰოლივუდში შეარქვეს. შემდეგ გაჩნდა რადიოსპექტაკლი "დაუდგრომელი მოლი ბრაუნი". შემდეგ გადაიღეს ფილმი. ჯეიმს კამერონის "ოსკაროსანმა" "ტიტანიკმა" მარგარეტს პოპულარობა ვერ მოუტანა. უფრო მეტიც, ფაქტების დამახინჯების გამო ბრაუნების ოჯახმა ჟურნალისტებთან, მწერლებთან და ისტორიკოსებთან კონტაქტი გაწყვიტა. 1990 წელს სანდო ისტორიკოსის დახმარებით კი მარგარეტ ბრაუნის ბიოგრაფიული წიგნი გამოქვეყნდა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი