ელისაბედი ნიუ-იორკის ყველაზე საშიშ და ღატაკ რაიონში - ბრონქსში, 1980 წლის 23 სექტემბერს დაიბადა.
მისი მეზობლები მათხოვრები და ნარკომანები იყვნენ; მშობლები - იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულები. სახლში მუდამ ეყარა გამოყენებული შპრიცები.
ლიზი და მისი და კი მუდმივად ხედავდნენ, როგორ იკეთებდნენ მშობლები წამალს. ლიზის სწავლა უყვარდა და სკოლაშიც გამორჩეული იყო, მაგრამ - მუდმივად მოუვლელი და მშიერი. მშობლების შემხედვარემ სკოლა მიატოვა და ადგილობრივ ბანდაში გაწევრიანდა. როცა მისი მშობლები განქორწინდნენ, ლიზი დედასთან დარჩა, მისი და მამას გაჰყვა.
15 წლის უსახლკარო გახდა: დედა გარდაეცვალა და მამამ არ მიიღო, მას ერთი ქალიშვილის აღზრდაც ყელში ჰქონდა ამოსული. ლიზმა მეგობრებისგან ალტერნატიული სკოლის შესახებ გაიგო და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. პედაგოგების დახმარებით სკოლის სამოყვარულო თეატრში ჩაერთო, შექსპირი შეიყვარა. ორ წელიწადში 4-წლიანი პროგრამა გაიარა. ერთხელ ჰარვარდის უნივერსიტეტში მოხვდა და გადაწყვიტა, რომ სწავლას ამ უმაღლესში გააგრძელებდა.
განცხადება დაწერა და New York Times-მა, როგორც გაჭირვებულ, მაგრამ მონდომებულ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. ჰარვარდი 2008 წელს დაამთავრა, თუმცა ცოტა ხნით სწავლის მიტოვება მოუწია, რადგან შიდსით დაავადებულ მამას უვლიდა. სწავლა მამის გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა. ლიზის დამაც დაამთავრა უმაღლესი და დღეს ისიც პედაგოგია.
დღეს ლიზ მიურეი სამოტივაციო ორატორია. უამრავ ლექცია-სემინარს ატარებს. ეხმარება ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში, სირთულეების დაძლევაში. მისი ცხოვრებისეული მაგალითი სხვა ადამიანებს სწორ გზაზე დადგომაში ეხმარება.