რა პერსპექტივა აქვს უბრალო მდივანს? ან დააწინაურებენ, ან უფროსს გაჰყვება ცოლად - იტყვით თქვენ. მაგრამ რა ელის მარტოხელა დედას, რომელიც საბეჭდ მანქანაზე სულ შეცდომებით ბეჭდავს?.. ის მილიონერი გახდა და აი, როგორ.
1950-იან წლებში ბეტი გრემი მორიგი ოჯახური სკანდალის შემდეგ ქმრის ოჯახიდან წამოვიდა. თან წამოიყვანა პატარა შვილი, ვაჟი მაიკლი და ერთი ჩემოდანი ნივთებიც გამოიყოლა. მას არც სახლი ჰქონდა და არც სამსახური. მცირე თანხა ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ ის დიდხანს არ ეყოფოდა და საბეჭდ მანქანაზე იცოდა ასოების აკრეფა. დედა-შვილი დალასში გაემგზავრა, სადაც დროებით ნათესავებმა შეიფარეს და Texas Bank & Trust-ის ოფისში მოეწყო.
ბეტიმ მუშაობა დაიწყო - IBM-ზე, ელექტროსაბეჭდ მანქანაზე ტექსტები უნდა აეკრიფა. დაშვებულ შეცდომას ვერც საშლელით წაშლიდა, ვერც მოჭრიდა, მთელი ტექსტი თავიდან უნდა აეკრიფა. შეცდომებს კი რეგულარულად უშვებდა, რის გამოც მუდამ საყვედურობდა უფროსი.
ახალგაზრდობაში ბეტი მხატვრობაზე ოცნებობდა. გადაწყვიტა, თავისი შეცდომები საღებავით დაემალა, როგორც ამას მხატვრები აკეთებდნენ. მდივანმა ოფისში თეთრი ფერის საღებავი მიიტანა და შეცდომების გადაღებვას შეუდგა. თავიდან არაფერი გამოუვიდა. საღებავი იდღაბნებოდა ან ქაღალდზე სქლად რჩებოდა. მაშინ ქალი მიხვდა, რომ რაღაც ახალი უნდა მოეფიქრებინა... საღებავს ხან წყლით, ხან მარილითა და წებოთი აზავებდა და ნელ-ნელა შეცდომების გადაფარვა სულ ადვილად და შეუმჩნევლად შეძლო.
რაც უფრო მეტი შეკვეთა ჰქონდა ბეტის სითხეზე, მით ნაკლები დრო რჩებოდა ტექსტების ასაკრეფად. "ორ ფრონტზე" მუშაობა რომ ვეღარ შეძლო, ბანკიდან გაეთავისუფლა. დააარსა Mistake Out Company და თანამშრომლებიც აიყვანა: ერთი ქიმიის მასწავლებელი, მეორე საღებავების სპეციალისტი და ერთიც საკანცელარიო ნივთების გამყიდველი. ერთად შეცდომების წასაშლელი სითხე სრულყოფილებამდე მიიყვანეს და სხვადასხვა ფერის წარმოებაც დაიწყეს. შეკვეთებს უკვე მთელი ქვეყნიდან იღებდნენ.
ახალ კომპანიას ბეტიმ Liquid Paper - "თხევადი ქაღალდი" უწოდა. მას სოლიდური კლიენტიც გამოუჩნდა, ისეთი, როგორიც General Electric-ია. გამდიდრებულ საქმიან ქალს საქმროც გამოუჩნდა და ბეტი გათხოვდა. მისი ქმარიც ჩაერთო საოჯახო ბიზნესში. ერთად საკუთარი ქარხანა ააშენეს და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდნენ.
ცოტა ხანში ბეტი მეორე ქმარსაც გასცილდა და ბიზნესიდან წავიდა, კომპანიის თავმჯდომარის პოსტს დასჯერდა. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა სოლიდურ შემოსავალზე. რეგულარულად ეხმარებოდა ქალთა ორ საქველმოქმედო ფონდს - ხელოვნებისა და ბიზნესის.
საინტერესოდ წარიმართა მაიკლის ცხოვრებაც: ბავშვობაში ასაფეთქებელმა, რომელიც ხელში აუფეთქდა, თითები დაუზიანა. მათ გასავითარებლად დედამ გიტარაზე დაკვრა ასწავლა. 1966 წელს მაიკლ ნესმიტმა ერთ-ერთი ტელეარხის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. შემდეგ კი ლეგენდარული პოპ-როკ-კვარტეტის, The Monkees-ის ვოკალისტი გახდა. მათ ერთი პერიოდი "ბითლზის" ამერიკულ ვერსიასაც ეძახდნენ. ჯგუფის დაშლის შემდეგ მაიკლმა სოლო-კარიერა გააგრძელა. რამდენიმე პოპულარული სიმღერა ჩაწერა.
შემდეგ კინობიზნესმა გაიტაცა და თავი გამოავლინა როგორც სცენარისტმა, რეჟისორმა, კომპოზიტორმა და მრავალი ფილმის პროდიუსერმა.
ბეტი გრემის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული შვილის აღზრდა და ბიზნესში წარმატების მიღწევა შესაძლებელია, თუ აუწყობელ ცხოვრებაზე წუწუნს არ დაიწყებთ და სირთულეებთან გამკლავების არ შეგეშინდებათ.