XVII საუკუნის ინგლისში ცოლების ბაზრობაზე გაყიდვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
მეუღლეებს განქორწინების სხვა საშუალებები არ ჰქონდათ. ხშირად ქალი იყო თანახმა, რომ გამხდარიყო სავაჭრო "საქონელი" და მის საყვარელს ეყიდა იგი.
1753 წლამდე ინგლისში არსებობდა ფიქტიური ქორწინება, რასაც ახლა ჩვენ სამოქალაქო ქორწინებას ვეძახით. ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობდა, საერთო მეურნეობა ჰქონდა და შვილებს ზრდიდნენ. მაგრამ სხვა ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ არ ჰქონდათ.
1753 წელს ქორწინება მხოლოდ ჯვრისწერის შემდეგ მიიჩეოდა. ცოლ-ქმარი ქონების თანაბარუფლებიანი მფლობელი იყო. უფრო სწორად, ქალის ქონებას მამაკაცი ისაკუთრებდა. უფრო მეტიც, ქალს არაფრის უფლება რა ჰქონდა და თავადაც ქმრის საკუთრებას წარმოადგენდა. რადგან, თურმე ქალს არ შეეძლო საკუთარ საქციელზე პასუხისგება, გადაწყვეტილებების მიღება..
განქორწინება
განქორწინების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მეუღლის ღალატი ან უხეში მოპყრობა. წყვილის გაყრა ეკლესიის გადასაწყვეტი იყო და განქორწინებულ ადამიანს მეორედ დაქორწინება აღარ შეძლო. 1690 წლიდან განქორწინების პროცედურა კიდევ უფრო გართულდა - წყვილს პარლამენტისთვის უნდა მიემართა. რაც ხანგრძლივი და ძვირი პროცედურა იყო.
ცოლის გაყიდვა
მრავალი ქალისთვის ქორწინების დასრულების ერთ-ერთი ხერხი საკუთარი თავის გაყიდვა იყო. ერთხელ ერთი ქალი 2 შილინგად და 6 პენსად გაიყიდა. ქმარი თანხით უკმაყოფილო იყო, ქალმა კი ყოფილ ქმარს სახეში სთხლიშა და განუცხადა, რომ ცვლილებები სურდა (Thompson, E. P. (1991), The Selling of Wives).
აი, რას გვიყვება 1832 წელს გამოცემული ყოველთვიური ჟურნალი The Gentleman’s Magazine. "ჰერცოგი ჩანდოსი სოფელში მოგზაურობისას შეესწრო, რა სასტიკად სცემდა ცოლს ქმარი. ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ისე შეეცოდა, რომ ნახევარ კრონად იყიდა ქმრისგან. ჰერცოგმა ქალს განათლება მისცა და ცოტა ხანში დაქორწინდა კიდეც მასზე.
ვაჭრობის თავისებურებები
როგორც წესი, მყიდველი წინასწარ იყო ცნობილი, მაგრამ თუ ქალს მომავალი მფლობელი არ მოეწონებოდა, ვაჭრობა არც შედგებოდა. 1824 წელს მანჩესტრერში ქალი ხუთ შილინგად შეაფასეს და რადგან არავინ ყიდულობდა, ქმარმა 2 შილინგი დააკლო. 1766 წელს ნასვამმა და ცოლზე გაბარაზებულმა ქმარმა ცოლი გაყიდა, გამოფხიზლებულმა კი მისი უკან დაბრუნება მოინდომა და უარის გამო თავი ჩამოიხრჩო. ხშირად ქალი წინასწარ აძლევდა საყვარელს ფულს, რომ მას იგი ქმრისგან გამოესყიდა.
ცოლების გაყიდვის ჩვეულებამ შოტლანდიაში ფეხი ვერ მოიკიდა, აუქციონების დროს "საქონელი" ყველას სცემდა, ქვებს უშენდა და სახეს პორჭყნიდა. - ასე წერდნენ მაშინდელი გაზეთები.
XVIII საუკუნეში ჩვეულებამ ინგლისელებთან ერთად აშშ-შიც ჩააღწია.
ცვლილებების დროა
1779 წელს გაზეთი The Times წერდა: "პარასკევს ყასაბმა სმიტფილდის ბაზარში გასაყიდად საკუთარი ცოლი გამოიყვანა. ქალს კისერზე თოკი ჰქონდა შემოხვეული და ღობეზე იყო მიბმული. ბედნიერი მყიდველი მეეტლე გახდა. მან ქმარს ყოფილ თანამეცხედრეში 3 გინეა გადაუხადა".
ქალების დასაცავად ისევ ქალები გამოვიდნენ. მათ კარგად შეისწავლეს კანონი და მოსამართლეს მიმართეს. ქალებმა პირველად 1756 წელს გამოისყიდეს ცოლი მოძალადე ქმრისგან. 1777 წელს კი იმას მიაღწიეს, რომ ცოლის გაყიდვისთვის ქმარს ციხეში სვამდნენ.
ცოლების გაყიდვის ჩვეულება XVII საუკუნეში დაიწყო და ერთ საუკუნეს გასტანა. უკანასკნელი შემთხვევა კი XX საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. ქალმა განაცხადა, რომ ქმარმა იგი თავის მეგობარს ერთ ფუნტ სტრელინგად მიჰყიდა.