დღევანდელობაში ადამიანები დაჩქარებულ რეჟიმში ცხოვრობენ და სამწუხაროდ, არცთუ ისე ბევრი დრო რჩებათ წიგნების საკითხავად. მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აუდიოწიგნების მიმართ ინტერესი და მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ბევრს წაკითხვას მოსმენა ურჩევნია.
სეირნობის ან სირბილის დროს
აუდიოწიგნის მოსმენა ბუნებაში სეირნობის დროს ან დილაობით სკვერში სირბილის დროს შეგიძლიათ.
სახლის საქმის კეთების დროს
რუტინული საქმიანობა, ჭურჭლის რეცხვა, სადილის კეთება, სახლის დალაგება და ა.შ. საკმაოდ მოსაწყენია. თანაც, თუ არ გრჩებათ დრო წიგნების წასაკითხად, მოუსმინეთ და დრო ისე გავა, ვერც კი შენიშნავთ...
დასვენების დროს
თუ დასასვენებლად ხართ, პლაჟზე მზეს ეფიცხებით ან მთაში ხართ წასული, გაიყოლეთ ყურსასმენები და ჩამოტვირთეთ აუდიოწიგნი მობილურში. თქვენ შეძლებთ რამდენიმე აუდიოწიგნი წაიღოთ. წიგნების ტარება ბარგით მოსახერხებელი არ არის, ის ბევრ ადგილს დაიკავებს თქვენს ჩემოდანში.
არ გაიფუჭებთ მხედველობას
კითხვა დაღლილ თვალებს კიდევ უფრო ძაბავს. სამსახურში დიდი ხნით გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა, ტრანსპორტში სმარტფონებს ჩავყურებთ, სახლში კი - ტელევიზორს ან პლანშეტს. აუდიოწიგნი თვალებს დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
ორი და, ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი: ერთი მხრივ, მშვიდი და წინდახედული ელინორი, რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა, მეორე მხრივ კი, მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა. დიდი ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები, რომ გრძნობა მხოლოდ საღ აზრთან ერთად იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში, რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს. სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი "გონება და გრძნობა".
„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული პერიოდის შესახებ, თუ როგორ ტრანსფორმირდა მხიარული და თავგადასავლების მოყვარული გოგონას ცხოვრება - დაქორწინების შემდეგ. გმირი ვერ ეგუება რუტინას და უმოქმედობას. აცნობიერებს, რომ ნელ-ნელა გარშემომყოფებისთვის აქტუალობას კარგავს და თუ არ „გაცურავს“, ჭაობში ჩაიძირება.
ამიტომ, გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ცხოვრება და დააბრუნოს ის ექსცენტრიკული გოგო, რომელიც ერთ დროს მასში ცხოვრობდა.
წიგნი ძალიან კარგად იკითხება და გაჯერებულია იუმორით.
მორცხვი, სუსტი ფანი პრაისი „ღარიბი ნათესავის“ სრულქმნილი სახეა. ათი წლის ფანი მამისეული, ღარიბული სახლიდან მდიდარი ბიძის ოჯახში, მენსფილდ-პარკის უსულგულო ფუფუნებაში საცხოვრებლად მიჰყავთ. გოგონას გაზულუქებული, თავკერძა ნათესავები უპირისპირდებიან და მას დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს იმ გარემოში, სადაც ფულისა და ქორწინების თემა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ფანის თავისი დეიდაშვილი ედმუნდი უყვარდა. მენსფილდ-პარკის ტრადიციული, მშვიდი, სოფლური ცხოვრება იცვლება და უჩვეულოდ მშფოთვარე ხდება ლონდონელი და-ძმის, დახვეწილი და ბრწყინვალე კროუფორდების გამოჩენის შემდეგ. აქაურობისთვის მანამდე უცხო ქიშპობა, ეჭვიანობა და სასიყვარულო ინტრიგები მკვეთრ გავლენას ახდენს რომანის გმირთა შორის ურთიერთობებზე. „მენსფილდ-პარკი“ჯეინ ოსტინის რიგით მესამე ნაწარმოებია.
თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში. რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!