შევეცადე, მეჩვენებინა ერთი დღე გადაღებიდან, რომელიც ვიდეოზე სპეციალურად თქვენთვის, ჩემი მკითხველისთვის აღვბეჭდე.
ეკალ-ბარდებში სიარულს თავი წუწუნის გარეშე გავართვი.
ამბობენ, რომ კამერის წინ პოზირება გამომდის. ერთ დროს სამოდელო სააგენტოში დავდიოდი და ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა. ვეცდები, ჩემი პატარა ხრიკები გაგიმხილოთ და როგორც ვიდეოს, ისე ფოტოების მეშვეობით - მანერები გაჩვენოთ, რომლებიც თანდათან ვისწავლე.
როდესაც ფოტოს გვიღებენ, შესაძლოა, ვერ გავიხსნათ და ვერ მოვახერხოთ იმის გადმოცემა, რაც ჩვენშია.
- სიმორცხვე, არასწორად დგომა, ხალხმრავალი გარემო: მოკლედ, ბევრი ფაქტორია, რაც ხელს გვიშლის მივიღოთ ფოტო, რომელიც მოგვეწონება.
- პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, სად იწყება ჩვენი თავისუფლება, რა გვიხდება და რა არა.
- შესაძლოა, არასწორი მიმიკით ან კისრის მეტისმეტად აწევით ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გავაფუჭოთ.
ერთ-ერთი პრობლემაა ტანის სწორად წარმოჩენის თემა. ვეცადოთ, რომ ფოტო მეტისმეტად დაბლიდან არ გადაგვიღონ. ყველამ იცის, რომ მსგავსი ქმედების შემდეგ ფეხები უფრო გრძელი გამოგვიჩნდება, მაგრამ თუ რამე განსაკუთრებული მხატვრული ჩანაფიქრი არ გაქვთ, არ გირჩევდით. ასეთ დროს ტანი ფორმას კარგავს და ფოტოდან ჩვენ მაგივრად, ფაქტობრივად, სხვა ადამიანი გვიყურებს.
ფოტო შეგვიძლია გადავიღოთ დაბლიდან ზემოთ, ოღონდ ისე, რომ ეს ადვილად შესამჩნევი არ იყოს.
თუ გსურთ, რომ ფოტოზე მთლიანად ჩანდეთ და უკეთ გამოჩნდეთ, არასდროს გადაიღოთ მთლიანი ტანი ზედხედით.
თითის წვერებზე აწევა და ფოტოს ზევიდან გადაღება მხოლოდ პორტრეტებს უხდება. აქაც სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი თავის ფორმა არაპროპორციული არ გამოჩნდეს.
რომელია ყველაზე „ცუდი პოზიცია“ გადაღების დროს? - ორივე ხელის ზურგს უკან დამალვა. ვგულისხმობ მომენტს, როცა ხელები სანახევროდ ჩანს და მოხრილია. ასევე, იდეალურად არ გამოიყურება ფოტო, რომლის გადაღების დროსაც თავს მაქსიმალურად დაბლა ვხრით და ჯიქურ ვიყურებით. ასეთ დროს ჩვენ ვკარგავთ ულამაზეს ნაწილს: კისერს.
- როდესაც ფოტოგრაფი ფოტოს მიღებს, ვცდილობ, რომ რამე ისეთზე ვიფიქრო, რაც შემდეგ იმ ფოტოს დანახვისას სასიამოვნოდ გამახსენდება.
ეს ხრიკი მათავისუფლებს კიდეც. ერთ წერტილს თვალს უაზროდ არასდროს ვუშტერებ, რადგან მერე სახეზე დაძაბულობა მეტყობა. ვფიქრობ, ესეც ინდივიდუალურია.
ფოტოებს ყველაზე მეტად თავისუფლება უხდება, თუმცა ყოველთვის ვერ ვიბზრიალებთ და ზოგჯერ დინჯი გამომეტყველების შენარჩუნებაც საჭიროა.
არ დაიშუროთ ენერგია იმისთვის, რომ ფოტოსესიისთვის საინტერესო აქსესუარები შეარჩიოთ. ფერები ქმნიან ემოციას. ამიტომ არც ლამაზი ტერიტორიის მოძებნა უნდა დაიზაროთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ყოველდღე სხვადასხვანაირები ვიღვიძებთ, ამიტომ მგონია, რომ ვიმსახურებთ იმ ახალი ადამიანის ფოტოზე აღბეჭდვას, რომელიც თავად ვართ.
Angus and Julia Stone - Draw Your Swords (Alpha Data Remix) free dl