თუ თქვენ შეგიძლიათ ოთახიდან რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოხვიდეთ და თავი კომფორტულად იგრძნოთ, გაეცანით საკუთარ თავს - თქვენ ინტროვერტი ხართ. თუ ეს სიგიჟედ გეჩვენებათ, ჯერ სად ხართ, მაგრამ ირგვლივ აუცილებლად გეყოლებათ ადამიანები, რომლებიც წვეულებაზე ახალი კომპანიონების შეძენას საკუთარ თავთან განმარტოებას ამჯობინებენ. კარგად მოხუფული ქილასავით რთულია ხოლმე მათი გახსნა. გიზიარებთ ინტროვერტებთან ურთიერთობის "ინსტრუქციას", რა უნდა აჩუქოთ, რა არა, რა არ უნდა გააკეთოთ მათთან ურთიერთობისას:
1. არ დაურეკოთ ტელეფონზე
რატომ უნდა დარეკოთ ტელეფონზე, როცა არსებობს მიმოწერა. ასე ხომ უფრო ნაკლებად დაურღვევთ კომფორტის ზონას?
2. არ დაპატიჟოთ ხალხმრავალ ადგილზე - რესტორანი, კლუბი და წვეულება მათთვის არაა
რატომ? რა ვიცი, დაეზარებათ. თუ ძალიან დიდ პატივს გცემთ, თავს შეიწუხებს და რაიმე მიზეზს მოიგონებს, მაგრამ უარეს შემთხვევაში, პირდაპირ გეტყვით, რომ წამოსვლა არ უნდათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ უყვართ, მაგრამ ბევრი ერთად აბნევთ.
3. აჩუქეთ წიგნი
ხშირად წიგნს მაშინ ვჩუქნით, როცა არ ვიცით, რა ვაჩუქოთ, მაგრამ თუ საქმე ინტროვერტს ეხება, ეს სწორედ ისაა, რითაც მართლა გაახარებთ. განმარტოების მოყვარე ადამიანი თავის სივრცეში ახალი პერსონაჟების (პერსონაჟების და არა ადამიანების) შემოყვანას არ გაურბის.
4. გამორიცხეთ კინოს ბილეთები!
რა ჯობია საბანში გახვევასა და ფილმის ყურებას, როცა ერთადერთი გარემოცვა გემრიელად გადაკმაზული საყვარელი საჭმელია და არა გადაპრანჭული ხალხი.
5. აცადეთ, დატკბნენ სოციალურ ქსელებში აქტიურობით
საჯარო ადგილებისგან განსხვავებით, ინტროვერტები სოცქსელებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან.
6. ერიდეთ მათთვის ახალი ადამიანების გაცნობას
თუ მისთვის უხერხულობის შექმნა არ გინდათ, ნუ აიძულებთ სოციალური "ტიპის" თამაშს. მისთვის ნაძალადევი ღიმილი და თავის მოჩვენება ექსტრავერტისთვის უქმეების შინ გატარების ტოლფასია ( შეიძლება, უარესისაც კი).
7. შემთხვევითი შეხვედრები
თუ ქუჩაში თვალს აგარიდებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენზე ნაწყენია. უბრალოდ, ეს შეხვედრა მის გეგმებში არ შედიოდა და დაბნეულ სიტუაციას აერიდა.
8. აჩუქეთ თბილი ხალათი
თუ გინდათ, ინტროვერტს მუდამ ახსოვდეთ, აჩუქეთ მას ხალათი! მერწმუნეთ, ის სამზარეულოდან საძინებლამდე და საძინებლიდან დაძინებამდე მის თანამგზავრად იქცევა.
9. დაუტოვეთ პირადი სივრცე
ჩაეხუტეთ მხოლოდ მაშინ, თუკი ხელებგაწვდილი თავად წამოვა თქვენკენ. ეს არ ნიშნავს, რომ ეზიზღებით. უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რა საჭიროა.
10. არ აიძულოთ საუბარი
თუ არ გესაუბრებათ, ე.ი. თემა არ აინტერესებს და თუ დააინტერესებთ, მაშინ ნამდვილად ვეღარ იფიქრებთ, რომ მათ საუბარი არ უყვართ.
11. ნუ შეუქმნით დისკომფორტს იმის გამო, რომ სახეზე მიხატული ღიმილით არ შემოგყურებთ
რა გჭირს? ცუდ ხასიათზე ხარ? რაღაც მოხდა? ისევ მოიწყინე?
არა, ასეთია! შეეშვით, აცადეთ ცხოვრება.