მერი შერვაშიძე – „შანელის“ მოდელი და ქალი, რომელიც პარიზული მოდის ხატად იქცა - Marao

მერი შერვაშიძე – „შანელის“ მოდელი და ქალი, რომელიც პარიზული მოდის ხატად იქცა

2019-11-25 15:07:34+04:00


ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ქართველებს ყოველთვის გვყავდა და გვყავს გამორჩეულად ლამაზი ქალები, რომელთა მშვენებასაც არაერთხელ გაუოცებია უცხოელები; რომელთა სილამაზეც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მწერლის, პოეტისა და მხატვრის მუზა გამხდარა.

მერი შერვაშიძე სწორედ ასეთ ქალთა რიცხვშია. ის უდავოდ იყო მე-19-მე-20 საუკუნეების ქართული სილამაზის ელჩი მსოფლიოში. მერი იყო ქალი, რომელიც „შანელის“ მოდის სახლის მოდელად მუშაობდა; ქალი, რომელმაც 1921 წელს მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა; რომელიც რუსმა მხატვარმა, საველი სორინიმ თავის ყველაზე პოპულარულ ნამუშავარში აღბეჭდა და ქალი, რომელმაც, როგორც ამბობენ, გალაქტიონს ლექსების მთელი ციკლი შეაქმნევინა.

მერი შერვაშიძე 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მისი მამა გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე იყო. ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა, სადაც მერის სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ის იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნას სეფექალი იყო.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ მერი იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო. 1918 წელს მერის საქმრო, გიგუშა ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა და ცოლად შეირთო მერი.

1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ჯერ სტამბოლში, ხოლო შემდეგ პარიზში გაემგზავრა.

მერი და სილამაზის კონკურსი

მერი შერვაშიძემ 1921 წელს სტამბოლში მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მისი განსაკუთრებული ქარიზმა, დახვეწილი მანერები, მომნუსხველი თვალები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მერი შერვაშიძე ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა.

მერი და კოკო შანელი

1921 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, მერი და მისი მეუღლე იძულებულები გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ. ჯერ სტამბოლში დაჰყვეს გარკვეული პერიოდი, ხოლო შემდეგ პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. ემიგრაციაში მყოფ ცოლ-ქმარს ძალიან გაუჭირდა ფინანსურად.

განებივრებული თავადის ქალი იძულებული გახდა, მუშაობა დაეწყო. ის კოკო შანელის მეგობარს, თავად დიმიტრი პავლოვიჩს შეხვდა, რომელიც თურმე აღაფრთოვანა მერის გარეგნობამ და სწორედ მან წარუდგინა კოკო შანელს.

გარდა იმისა, რომ მერი მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩეოდა, ამავდროულად, დახვეწილი მანერებიც ჰქონდა, ამიტომაც არ გასჭირვებია მოდელის პროფესიის ათვისება. მას პარიზში წარმატებული ცხოვრება ჰქონდა. იწვევდნენ არისტოკრატთა წვეულებებზე. გადმოცემის თანახმად, მერი შერვაშიძე „შანელის“ იმდროინდელ მოდის სახლში ყველაზე გამორჩეულ მოდელად მიიჩნეოდა. მისი ჩაცმის სტილი კი პარიზულ მოდაზე თურმე დიდ გავლენას ახდენდა.

როგორც ცნობილია, ტრენდად ქცეული შანელის მარგალიტის მძივი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, პირველად პოდიუმზე მერი შერვაშიძემ გამოიტანა.

მერი და გალაკტიონი

ამბობენ, რომ გალაკტიონ ტაბიძის მერისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი სწორედ მერი შერვაშიძეს ეძღვნება. გალაკტიონს მერი პირველად ქუთაისში, ქუჩაში მიმავალი უნახავს და დანახვისთანავე მოსწონებია.

თავად მერი შერვაშიძე ამბობდა, მან მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო, რომ გალაკტიონმა ლექსები მას მიუძღვნა.

რაც შეეხება გალაკტიონს, მას თურმე არ უყვარდა, როცა მერიზე ეკითხებოდნენ. დღიურებში კი ასეთ რამეს წერს: „ულამაზესი ქალი, მერი შერვაშიძე, როგორც ეხლა, ისე წინადაც, ატარებდა თავის პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად. შორიდან იგი გაგიჟებით უყვარდა ერთ ახალგაზრდა ვაჟს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს.“

რთული სათქმელია, ნამდვილად მერი შერვაშიძე იყო თუ არა ის ქალი, ვისაც გალაკტიონმა ლექსების ციკლი მიუძღვნა, თუმცა ეს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრებაა.

სიცოცხლის ბოლო წლები

მერი შერვაშიძის მეუღლე 1946 წელს გარდაიცვალა. მერიმ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია საფრანგეთში.

ნია ფალავანდიშვილი