სიახლეების ზოლი ცივად და უგრძნობად იტყობინებოდა: "15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც სკოლის კედელზე წარწერა გააკეთა, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა".
ათასობით ადამიანს შორის რეაქცია ვინც გამოხატა, რამდენმა განიცადა მთელი გულით? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა ჩემი გულის კედლიდან წარმოქმნილი ხმაური ყურებში მესმის.
"როგორ ხარ?" ეკითხებიან ადამიანები ერთმანეთს და ყველაფერი ზედაპირული ხდება. მეშინია მსოფლიო გულგრილობის, რისი საფრთხის წინაშეც ვდგავართ. მეშინია, რომ საკუთარი და სხვების ცხოვრებით, წვრილმანებით, იმდენად ვართ დაკავებულები, მალევე ყველაფერს ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ. თითქოს ზვავს რამდენიმე საათის წინ არ გადავეთელეთ.
როგორ გრძნობს თავს შენი სული? ვკითხე ჩემ მეგობარს წინა დღეებში და მითხრა, რომ მსგავსი კითხვა მისთვის 30 წლის მანძილზე არავის დაუსვამს.
ოდესმე დაგვიხუჭავს თვალები და წარმოგვიდგენია რას გრძნობდნენ ადამიანები, რომლებსაც სასოწარკვეთის უკანასკნელი წვეთები ახრჩობდათ?
ჩვენ ყველა ვიცნობდით ლუკას. დავიჯერო მასში ვერ იპოვეთ მსგავსება საკუთარ თავთან?
სკოლა ყოველთვის არ არის თავშესაფარი. შეიძლება მან დაგანგრიოს, აგაშენოს, დეპრესიისკენ გიბიძგოს, ან შენს ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანოს.
ამბობენ, რომ აღარ არის, რომ ვერ გაუძლო. იმასაც ამბობენ, რომ მამის გარდაცვალება და სკოლის შეცვლა განიცადა.
ამბობენ, რომ... ყველა რაღაცას ამბობს, ის კი ვეღარაფერს. ყველა კითხვის და მიმართვის პასუხიც ეს არის.
ეს ამბავი ჩემმა მეგობრებმაც არ იციან: მე ძმა უნდა მყოლოდა. ის ახლა 22 წლის იქნებოდა.
ძმა, რომელიც გარდაცვლილი დაიბადა. ზოგჯერ ჩემთვის ჩავიკეტები, ვზივარ, ვიხსენებ იმას, რომ მისთვის სახელიც გვქონდა შერჩეული.
წარმოვიდგენ, როგორ დამიცავდა, ჩამეხუტებოდა. ექნებოდა გმირული ხასიათი და დამრიგებლური ტონი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ 3 წელი უნდა ყოფილიყო.
რა მოხდებოდა, თუ მომეცემოდა ჩემი ძმის გაცნობის საშუალება და მისი ბედიც ეს იქნებოდა?
ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ფინანსურად რომ გაგვიჭირდა- ვინ იცის ჩემ ძმას ცოცხალი რომ დაბადებულიყო რამდენის გადატანა მოუწევდა. რამდენჯერ გაიბრძოლებდა, თავისი სიმართლის დასაცავად. ვსუნთქავ და მის მაგივრადაც "ვალდებული" ვარ.
მერამდენე საერთო დანაკარგია? ღმერთო, რა ხდება ახლა ლუკას ოჯახის გულში?
ისევ დარდად ქცეული ერი ვართ. ჩვენი მძიმე, ჯაჭვის ცრემლები უწყვეტი ხაზებივით გაბმულა და ერთმანეთთან წლიდან წლამდე ახალი ტრაგედიით გვაკავშირებს.
ჯიუტად მჯერა, რომ ყველაფერი პირობითია და ადამიანები სიცოცხლეს სხვაგან იმის გამო აგრძელებენ, რომ ერთ დღეს ჩვენ შეგვხვდნენ.
მხოლოდ ერთი რამის თხოვნა შემიძლია: ბავშვებო, ნუღარ დააპირებთ ფრენას. ჩვენ, აქ დედამიწაზე გვჭირდებით, რომ საკუთარ სიცოცხლეს და ფრენის არცოდნას გამართლება მოვუძებნოთ.