არსებობს ფრაზა "ცარიელი სიტყვები", რომელსაც არ აქვს ანტონიმი, რადგან ფრაზა "სავსე სიტყვები" არაფერს გვეუბნება. ახლა დაცარიელებული სიტყვებით უნდა გესაუბროთ. სიტყვებით, რომლებშიც ემოციები არ ეტევა.
ყოვლისმთქმელი სიჩუმე - არის ასეთი კადრი ფილმიდან "ნატვრის ხე". გახსოვთ სესილია თაყაიშვილის სახე, როცა ვირზე უკუღმა შესმული შვილიშვილი ჩაქოლეს? ტკივილი, შიში და ყველა უიმედო განცდა ამ სცენაშია. ეს ეპიზოდი გამახსენდა მაშინაც, როცა დავით სარალიძე მოკლეს, როცა ანა ნაცვლიშვილი მოკლეს, როცა თემირლან მაჩალიკაშვილი ჩაცხრილეს, როცა შალვამ ბუფეტში ვალად დადებული 15 ლარის გამო თავი მოიკლა.
და თქვენ, ისევ აგრძელებთ დაკითხვას? ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ ჭეშმარიტებას სძენს ფრაზას.
მაგრამ მაინც.
რატომ "ამ ცხოვრების დედა"?
იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაში სკოლა სადამსჯელო დაწესებულებაა, მკვლელია უიარაღოდ. ზოგჯერ, იარაღითაც.
იმიტომ, რომ "მექანიკურ ფორთოხალში" ვცხოვრობთ - ვქმნით ალექსებს და მერე მათ ტვინზე "ლუდოვიკოს მეთოდებს" იყენებენ.
ლუკა არ იყო ალექსი, მაგრამ ლუკამაც ისევე ვერ გაუძლო, როგორც მან. ისიც წამების დროს გადახტა - უნდოდა თავი მოეკლა, სამუდამოდ დაეტოვებინა ეს დაწყევლილი, სასტიკი სამყარო. მეორე დღეს პრესის ფურცლები შავ-თეთრი სათაურებით ივსება:
- "მინისტრები კარიერას ალექსის სიცოცხლის ფასად იკეთებენ"
- "ხელისუფლება მკვლელია"
- "ხელისუფლებას ბრალი ედება დამნაშავეებთან არაადამიანურ მოპყრობაში"...
ჩვენთან იქნება სხვაგვარად. ჩვენს ყველა სკოლის, ყველა საჯარო დაწესებულების, ყველა დამნაშავის სახლის კარზე დაწერენ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს ცხოვრება სძულთ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები თავს იკლავენ, რომ "ამ ცხოვრების დედაც".
და სანამ პილატეები წყლით სავსე გობებს იმარაგებენ, მაგრად ჩასჭიდეთ შვილებს ხელი და გაიქეცით, რადგან ამ ქვეყანას სძულს თქვენი შვილები. გაიქეცით, სანამ, თქვენს შვილსაც შესძულებია საკუთარი ცხოვრება. გაიქეცით შორს და არ დაიჯეროთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლს 335-ათასჯერ არ დაარღვევენ, ვიღაცას ცოტა ხნით სამაგალითოდ არ დასჯიან და შემდეგ ახალ მსხვერპლს ძებნას არ დაუწყებენ, რადგან ეს სისტემა ახალი თაობის ცხედრებით საზრდოობს.
და თუ თქვენ კიდევ კითხულობთ რატომ "ამ ცხოვრების დედა", გეტყვით, რომ
ეს ამ ამბის ყველაზე სავსე ფრაზაა. მის წინაშე სხვა სიტყვები ცარიელდებიან. და აი, სავსე ფრაზებიც მაშინ ჩნდებიან, როცა ყოვლისმთქმელი სიჩუმე ირღვევა.
აქ ცხოვრების დედაც, ლუკა.