ალბათ, ყველას გვყავს ისეთი მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელიც საახალწლო ფეიერვერკების გაშვების დროს, წითელი კვერცხის გაგორებისას ან შობის სანთლების ანთებისას მოწყენილია. ჩემი ნაცნობებისთვის ასეთი ადამიანი მე ვარ. ჰოდა, ახლა ამ ბლოგს სწორედაც მაგ მიზეზით ვწერ და ალბათ, იმის გამოც, რომ ფსიქოლოგი ვარ და შემიძლია საინტერესო ინფორმაციები გაგიზიაროთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ამ მოწყენილ მდგომარეობას Holiday Blues-ი ჰქვია.
პირველ რიგში, გაგაფრთხილებთ, რომ დღეს მეტ-ნაკლებად დაზუსტებული ფაქტებით ვაპირებ საუბარს და შეიძლება რაღაც მომენტში თქვენი „ბაბლი“ გავხეთქო. მაგალითად, მოსაზრება, რომ ამერიკაში სუიციდის სტატისტიკა დღესასწაულების დროს მზარდია, არ შეესაბამება სიმართლეს. ამერიკის ჯანდაცვის სტატისტიკის ცენტრის ინფორმაციით, თვითმკვლელობათა რიცხვი პიკს აღწევს აპრილიდან აგვისტომდე. ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში კი სუიციდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
თუმცა, თვითმკვლელობის დაბალი მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ ე.წ. Holiday Blues-ი არ არსებობს. არსებობს, თან როგორ - მადლიერების დღიდან ახალ წლამდე შფოთვას და სტრესს ხელს რომ ჩავკიდებთ, ვერავინ გაგვაშვებინებს.
საქართველოში მკვლევარები ჩემი ბლოგის თემასთან დაკავშირებულ ჰიპოთეზებს არც კი წამოჭრიან და ვერც დავადანაშაულებთ, რადგან ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა რეიტინგული პოლიტიკოსები ან სიღარიბის დონის განსაზღვრაა, ანდა ოდეს ყოფილ არს აქამომდე, მთავრობა მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნავდეს?!
ამიტომ, მოდი, ამერიკული კვლევები განვიხილოთ. მაგალითად, ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევას თუ დავუჯერებთ, Holiday Blues-თან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტს გავიგებთ:
ფულის ნაკლებობა, დროის ნაკლებობა, ყველაფრის კომერციალიზაცია, საჩუქრებზე ფიქრი და ოჯახური შეკრებები (დედა, მამა, ნათესავებო, ბოდიში).
დეკემბრის დადგომასთან ერთად იწყება საახალწლო ფასდაკლებები, რეკლამები, ვიდეორგოლები და გვიჩნდება შეგრძნება, რომ სახლის კარს ერთ დღეს მერაია ქერი გაგვიღებს, ცხადია, სიმღერის ფონზე. ეს კომერციული სამყარო უნაკლოა, ვიდეოებს ვუყურებთ და ვხედავთ ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს, ბედნიერ ოჯახს, გემრიელად დაბრაწულ ინდაურს და გლინტვეინებს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, რომ ნებისმიერი რეკლამა არარეალურია, ჩვენი არაცნობიერი ამას მაინც სტანდარტად იღებს. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ წნეხშია ცნობიერი, როცა გლინტვეინის ნაცვლად საფერავი, დაბრაწული ინდაურის ნაცვლად საცივი და მოღიმარი ოჯახის ნაცვლად დაქანცულ დიასახლისს ხედავს.
ახლა ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, რატომ ვართ სევდიანები დღესასწაულების სეზონზე:
წარმოიდგინეთ, რომ 5 მეგობარი გყავთ, მათგან 2 ახალ წელს სოფელში ატარებს, 1-მა შეყვარებული გაიჩინა, 2 ბაკურიანში წავიდა სასრიალოდ - შენ კი მარტო რჩები და ფიქრობ, „რატომ, ღმერთო, რატომ?“. თან თუ „დრამაქვინი“ ბრძანდებით, ძალიან შეხვალთ როლში და აი, მანდ იწყება ცრემლის ღვრა.
პირველ რიგში, ვეცადე, რომ მოლოდინი და რეალობა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან და შევეგუე იმ აზრს, რომ დაბრაწულ ინდაურში არ არის ბედნიერება.
სამწუხარო ინფორმაცია ის არის, რომ ლუმინალის დალევით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებთ. თუმცა, ერთი მეთოდი ნამდვილად მუშაობს - შეცვალეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის სტრესის გამომწვევია. არ ხართ ვალდებული, ნათესავებთან ერთად გაატაროთ ეს დღე. შეგიძლიათ მათ უბრალოდ მიულოცოთ, ახალი წლის საღამო კი მეგობრებთან ერთად გაატაროთ. არც უამრავი კერძის მომზადება შედის თქვენი ვალდებულებების ნუსხაში.
შექმენით ტრადიცია, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებთ და ეს დღე აუცილებლად ასოცირდება დადებით განწყობასთან. მაგალითად, მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს საჩუქრებით ვახარებთ ან გათიშვამდე ვსვამთ (ეს ცუდი რჩევაა).
დაბოლოს, გაითავისეთ, რომ ის, თუ როგორ გავატარებთ დღესასწაულებს, ჩვენი ნებაა და არავის აქვს უფლება, დისკომფორტი შეგვიქმნას.
მარიამ შენგელია