ბლოგი

ახალი რეალობა: როგორ მოვასწროთ ყველაფერი იზოლაციაში ყოფნისას ისე, რომ არ გავგიჟდეთ

ახალი რეალობა: როგორ მოვასწროთ ყველაფერი იზოლაციაში ყოფნისას ისე, რომ არ გავგიჟდეთ

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ერთ დღესაც სულ სხვა რეალობაში გაიღვიძო და თავი ფილმის გმირად წარმოიდგინო. მართალია, ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა ფილმები პოსტაპოკალიფსზე, პანდემიასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღესაც ჩემი ცხოვრება ასეთი ფილმის სიუჟეტს დაემსგავსებოდა.

კორონავირუსმა კაცობრიობა კარანტინში მოგვაქცია. ცხოვრების გიჟური რიტმიდან გამომდინარე, დაგვავიწყდა, როგორია სახლში ყოფნა. აქამდე ჩემი დღის რუტინა სხვანაირი იყო: ჯერ სამსახურში მივდიოდი, სამსახურიდან უბნის სუპერმარკეტ „ნიკორაში“, იქიდან კი პარკებით დატვირთული - სახლში. ახლა სამსახური სახლში მაქვს და მარტო
„ნიკორაში“ თუ ჩავალ, სადაც პერსონალი ღიმილთან ერთად უკვე ანტისეპტიკით და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანებით მხვდება. ბევრი პარკის წამოღებასაც ვერიდები, მეზობლებმა რომ არ იფიქრონ, პანიკაში ვარ.

დისტანციური მუშაობა არც ისე მარტივია, როცა სახლში მცირეწლოვანი შვილები გყავს. ერთდროულად მუშაობა, ბავშვების მოვლა და სახლის საქმის კეთება თითქმის გმირობის ტოლფასია და სულაც არ გამიკვირდება, თუ ერთ დღესაც საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმენ:

- სამშვილიანმა დედამ კარანტინში ყოფნის მეხუთე დღეს კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონა!

ჩემი სახლი ერთდროულად ჩემი და ჩემი მეუღლის სამსახურებიცაა და ჩვენი შვილების სკოლაც. აქეთ ონლაინთათბირი, იქით ონლაინსკოლა. ლანჩი სამზარეულოში... გამოგიტყდებით, ახალ რეჟიმზე ადაპტირება პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა. მესამე დღეს მივხვდი, რომ დრო სწორად უნდა გამენაწილებინა და შეძლებისდაგვარად, სახლის რუტინაც გამემარტივებინა.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთავაზობთ საჭირო რეკომენდაციებს, თუ როგორ გადაანაწილოთ სწორად დრო, იმუშაოთ ეფექტურად, მიხედოთ ბავშვებს, მოამზადოთ საჭმელი და ამ ყველაფერთან ერთად არ გაგიჟდეთ!

რჩევები დედებს, დისტანციური მუშაობისთვის:


  1. გაიღვიძეთ ჩვეულებისამებრ იმ დროს, როგორც იღვიძებდით სამსახურში წასვლისას.
  2. გამოყავით სამუშაო ადგილი დასასვენებელი ადგილისგან. ბავშვებს თავიანთი სათამაშო/სამეცადინო ადგილი მიუჩინეთ.
  3. დაგეგმეთ ვირტუალური ყავის შესვენება. სწორად გადაანაწილეთ „შესვენებები“.
  4. დღეში 10-15 წუთი წაივარჯიშეთ. მაგალითად, მსუბუქი გაწელვების და იოგის სახით. შეგიძლიათ ვარჯიშში ბავშვებიც აიყოლიოთ. შეეჯიბრეთ ერთმანეთს აზიდვებში.
  5. კომფორტული სკამი, მაგიდა და შედარებით წყნარი ოთახი დაგეხმარებათ სამსახურზე კონცენტრირებაში.
  6. ჩანიშნეთ სპეციფიკური სამუშაო საათები. ბავშვებთან ყოფნის დრო მეუღლესთან ერთად გაინაწილეთ.
  7. საღამოს მოაწყვეთ კინოჩვენება. ჩართეთ ფილმი, მოამზადეთ მსუბუქი წასახემსებელი და ოჯახთან ერთად განიტვირთეთ.


რჩევები, რომლებიც სამზარეულოში გამოგადგებათ:

დილა-საღამოს მოამზადეთ მსუბუქი საუზმე და ვახშამი. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციურად მუშაობა მიწევს და საუზმის მომზადებისთვის ბევრი დრო არ მაქვს, გამოსავალი მარტივად მოვძებნე. დილით და საღამოს საჭმლის კეთებაში მინიმალურ დროს ვხარჯავ.

ჩემი საუზმის ვარიანტები:

  1. რძე და სიმინდის ფანტელი; ჩემი შვილების საყვარელი საუზმეა, თუმცა მე რძე არ მიყვარს, ამიტომ ძირითადად შვრიის ფანტელს მივირთმევ.
  2. სენდვიჩები - ყოველდღე სხვადასხვა ინგრედიენტით სენდვიჩების მომზადება ბავშვებთან ერთდ საკმაოდ სახალისოც არის, თან ნოყიერი საუზმეც გამოდის. ჩემს შვილებს, ბევრი ნაცადი ვარიანტიდან, ყველაზე მეტად მდნარი ყველის და „ქათმის შაშხის“ კომბინაციის სენდვიჩი უყვართ.
  3. ჩაი და კექსი. ჩაი, გემრიელთან ერთად, სასარგებლოც არის, განსაკუთრებით, ვირუსების პერიოდში. ამიტომ არამხოლოდ დილით, საღამოსაც აუცილებლად ვაკეთებ ლიმონიან ჩაის მთელი ოჯახისთვის.
  4. „ყიყლიყო“ - მთელი ოჯახისთვის საყვარელი საუზმეა.

ჩემი სადილის ვარიანტები:

  • სადილად ამ პერიოდში ძირითადად ვცდილობ, წვნიანები მოვამზადო. ამას ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და იმუნიტეტისთვის, მეორე - ნაკლებკალორიულია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი ოთახიდან მეორეში სეირნობით შემოვიფარგლებით, გასუქებაც ნაკლებად გვემუქრება. ჩემი და ჩემი ოჯახის ბოლო აღმოჩენაა სტაფილოს და ჭარხლის ცივი სუპი. სეზონურიც არის, ჯანსაღიც, ბევრ ვიტამინსაც შეიცავს და თან საოცრად გემრიელია.

ჩემი ვახშმის ვარიანტები:

როგორც წესი, მე და ჩემი მეუღლე ვახშამს იშვიათად მივირთმევთ. მხოლოდ ჩაით და რაიმე მისაყოლებლით შემოვიფარგლებით. თუმცა ბავშვებისთვის აუცილებლად ვამზადებ რაიმე მარტივ ვახშამს.

  1. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ვახშმად პელმენის ან "ვარენიკის" მირთმევა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემით გავაკეთო, თუმცა, თუ მეზარება ან დრო არ მაქვს, „მზარეულის“ პროდუქცია შეუცვლელია ამ დროს. თან ყველა სახეობის აქვთ: ხორცის, ყველის, ხაჭოს, სოკოს, კარტოფილის;
  2. სოსისი (მოხარშული ან შემწვარი) გარნირთან ერთად. როგორც ექიმები ამბობენ, ვირუსის გავრცელების პერიოდში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთულ პროდუქციას. ამიტომ მეც „ნიკორას“ სოსისებს დაცული შეფუთვებით ვყიდულობ ყოველთვის.

დღის მანძილზე აუცილებლად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. ის მხნეობას შეგმატებთ და იმუნიტეტის გაძლიერებასაც დაეხმარება. სვით ბევრი წყალი და დაიცავით ჰიგიენის წესები.

როგორ გავართოთ ბავშვები სახლში:


  1. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები (კამათლით და „ფიშკებით“, სააზროვნო თამაშები, ლოტო, დომინო და ა.შ.)
  2. ააწყვეთ პაზლი;
  3. დაკავდით რაიმე ხელსაქმით (ხატვა, ძერწვა, გასაფერადებლები და ა.შ.);
  4. ფილმების, მულტფილმების ყურება, კომპიუტერული თამაშები (მთავარია, დრო შეზღუდოთ);
  5. მოაწყვეთ სახალისო შეჯიბრებები;
  6. მაგიდის ქვეშ მოუწყვეთ ბავშვებს კარავი.
ჩამოუწერეთ მათ დღის რეჟიმი. ასე ბევრად გაგიმარტივდებათ ცხოვრება იზოლაციის პერიოდში. მე კი გამძლეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მანანა
ეცადეთ,ჩაუღრმავდეთ ღვთის სიტყვას,იკითხეთ ბიბლია,იქბევრ პასუხს იკოვით იმაზე,რატომ ვართ ამ დღეში
12:24 / 28-03-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93