მას ერქვა პეტერ კიურტენი. დაიბადა 1883 წელს პატარა გერმანულ ქალაქში და იქცა ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელად მთელი ევროპის მასშტაბით.
დიუსელდორფის ვამპირი" გერმანიას 16 წლის განმავლობაში ატერორებდა: 1913 წლიდან 1929 წლის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალურად 9 ადამიანის სიცოცხლე მოსპო, თუმცა, ბოლოს როგორც აღიარა, 69 მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი.
უფროსი
- როგორც ყველა სხვა სერიული მკვლელი, პეტერი ბავშვობიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. დაიბადა კიოლნის ქალაქგარეთ 1883 წლის მაისში. ის უფროსი შვილი იყო ოჯახში, სადაც 13 ბავშვი იყო მის გარდა კიდევ - მრავალშვილიანი ოჯახი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. ცხოვრობდნენ სიღარიბეში. პეტერის მამა გამუდმებით სვამდა, ყოველდღიურად აუპატიურებდა და სცემდა თავის ცოლს ბავშვების თვალწინ, მოგვიანებით კი ციხეში ჩასვეს თავისი ერთ-ერთი ქალიშვილის, 13 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის.
- თვითონ პეტერი ამტკიცებდა, რომ პირველი მკვლელობა 9 წლის ასაკში ჩაიდინა და მსხვერპლი მისი კლასელი იყო. მისი სიტყვებით, კიურტენმა ხელი ჰკრა თავის კლასელ ბიჭს და მდინარეში ჩააგდო, ხოლო ამის შემხედვარე მეორე კლასელმა გადაწყვიტა, მიშველებოდა და როცა გადახტა მეგობრის გადასარჩენად, პეტერმა თავში ხელი ჩაავლო და წყლის ქვეშ ჰყავდა მანამ, სანამ არ დარწმუნდა, რომ ბიჭი დაიხრჩო. კიურტენი არ დაუსჯიათ, ვინაიდან პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ტრაგიკულ შემთხვევას სამი ბიჭიდან ერთი გადაურჩა მხოლოდ.
- კიურტენის სახლში არავინ მეგობრობდა ერთმანეთთან, ძალადობისა და დაცინვის ატმოსფეროში ძლიერი ემოციური კავშირის შექმნა შეუძლებელი იყო. თუმცა არსებობდა ერთი ადამიანი, ვის მიმართაც კიურტენს სიმპათიები გაუჩნდა. ეს იყო არაჯანსაღი ურთიერთობები, რომელთაც ერთი დიდი საიდუმლო ჰქონდათ. მის მეზობლად ცხოვრობდა ერთი პიროვნება, რომელიც კიურტენს უტარებდა პრაქტიკებს ზოოფილიაში და მან კიდევ ერთი აგური დადო კიურტენის მომავალი მანიაკალური მიდრეკილებებისკენ. 12 წლის ასაკში კიურტენი სრულ დეგრადირებას განიცდიდა: მასტურბირებდა თავის დებზე, ხოცავდა ცხოველებს და შემდეგ ფიზიკურ კონტაქტს ამყარებდა მათთან.
პირველი ნაბიჯები
- კიურტენმა, მკვლელობების გარდა, დიდი კრიმინალური "სკივრი" შეავსო: სახლებს ცეცხლს უკიდებდა, ძარცვავდა, სექსუალურად ძალადობდა და პირველ მსოფლიო ომში დეზერტირიც გახდა. ძალიან ბევრჯერ იჯდა ციხეში და როგორც თვითონ ამბობდა, ციხის სისტემამ გაუღვივა სასტიკი მკვლელობების სურვილი. მკვლელობებამდე მეზობლის სახლებს ცეცხლს უკიდებდა. პოლიციაში კი განაცხადა, რომ ცეცხლი მისთვის ძალიან სექსუალური იყო და სურვილი ჰქონდა, უსახლკაროებიც დაეწვა შიგნით. "როცა ჩემში ადამიანების ტანჯვის სურვილმა გაიღვიძა, სწორედ მაშინ გამიჩნდა მათთვის ცეცხლის წაკიდების ჰობი". პირველი მკვლელობა პეტერ კიურტენმა 1913 წელს ჩაიდინა: მისი მსხვერპლი გახდა 9 წლის კრისტინა კლაიანი, რომელიც გაგუდა პირველი ქურდობის დროს. სწორედ მეორე დღეს დაბრუნდა და კლაიანების სახლის მოპირდაპირედ დასახლდა, იმისათვის, რომ ენახა ადგილობრივების რეაქციები ბავშვის მკვლელობაზე, ორი თვის თავზე კიდევ ერთი გოგონა გაგუდა, ხოლო რამდენიმე დღეში გაძარცვა და ცეცხლი წაუკიდა მეზობლად არსებულ სახლებს.
ვამპირი ესხმის ღამით
- კიურტენი გაათავისუფლეს 1921 წელს და გაემგზავრა ალტენბურგში. თავისი დის დახმარებით პეტერმა გაიცნო ქალი, სახელად ავგუსტა შარფი. ოდესღაც ის სხეულით ვაჭრობაში იყო ჩართული, მაგრამ იმ პერიოდში მუშაობდა კანფეტების მაღაზიაში გამყიდველად. შარფიც ციხეში იჯდა თავისი საქმროს მკვლელობისთვის. როგორც ჩანს, პეტერმა მასში მონათესავე სული იპოვა, იმიტომ, რომ სულ მალე ხელი სთხოვა და დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან გამუდმებით სექსი ჰქონდა, როგორც თვითონ ამბობდა, ნამდვილ ეროტიკულ სიამოვნებას მხოლოდ მკვლელობების ჩადენისას განიცდიდა.
- 1925 წელს მეუღლესთან ერთად დიუსელდორფში დაბრუნდა, ოთხი წლის თავზე კი მკვლელობების სერია განახლდა. კიურტენმა მაკრატლით აკუწა ასაკოვანი ქალი, შემდეგ გაგუდა პატარა გოგონა, 45 წლის მექანიკოსს მიაყენა მაკრატლით სასიკვდილო ჭრილობები... ხოცავდა ყველა ასაკის და სქესის ადამიანს. ამ მკვლელობებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდა - რაიონი, სადაც ხდებოდა ეს ყველაფერი და დრო.
- ვამპირი ესხმოდა თავს ღამით. ერთი ქალი, სახელად მარია ჰანი, დამარხა სიმინდის მინდორში, შემდეგ ამოთხარა და იწვა მის ცხედართან ჩახუტებული. საოცარია ის, რომ კიურტენი დიდი მონდომებით ურთიერთობდა ჟურნალისტებთან - აგზავნიდა ანონიმურ წერილებს გაზეთის რედაქციებში, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ ესხმოდა თავს მსხვერპლს და როგორ ექცეოდა შემდეგ. ის მონათლეს „დიუსელდორფის ვამპირის“ სახელით განსაკუთრებული სისასტიკისთვის. დიდი ხნის განმავლობაში პოლიციას ეგონა, ამ მკვლელობებში ბევრი ადამიანი იყო გარეული. კიურტენმა ერთ-ერთ გაზეთში გაგზავნა რუკა მონიშნული წერტილით, სადაც მარია ჰანი ჰყავდა დამარხული. გრაფოლოგების ანალიზის შემდეგ ინსპექტორები დარწმუნდნენ, რომ წერილი იმ ადამიანის მიერ იყო დაწერილი, რომელიც წინა მკვლელობებზე წერდა.
მარია ბუდლიკის წერილი
- როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ვამპირის დაკავება მოხდა სრული დამთხვევის წყალობით. 1930 წლის მაისში კიურტენმა პარკში გაიცნო გოგო, სახელად მარია ბუდლიკი. ის სეირნობდა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად. მათ უეცრად დაიწყეს კამათი და ამ დროს მივიდა კიურტენი, შესთავაზა გოგონას დახმარება. მან თანხმობა განუცხადა და კიურტენმა გააგდო ის მამაკაცი მარიასგან. დამწუხრებული მარია დათანხმდა კიურტენს ბინაში გაყოლასა და ჭიქა ღვინის დალევაზე.
- მან თავიდანვე უთხრა, რომ პეტერთან სექსი არ ექნებოდა. კიურტენი დათანხმდა და შეჰპირდა სასტუმრომდე გაცილებას. სინამდვილეში ტყეში შეიტყუა, გააუპატიურა და ცდილობდა მის გაგუდვას. როგორღაც ბუდლიკმა მოახერხა და დაარწმუნა, რომ არავის ეტყოდა, არც კი ახსოვდა, სად ცხოვრობდა და კიურტენმა გაუშვა. ბუდლიკმა მართლა არ ჩაუშვა, მაგრამ წერილი მისწერა თავის დაქალს, სადაც მოუყვა, რა დაემართა. წერილში მისამართი არასწორად ეწერა. კონვერტი გახსნეს ფოსტაში და იპოვეს ეს ისტორია. ის გადაამისამართეს პოლიციაში და მაშინ ბუდლიკმა აჩვენა, სად ცხოვრობდა კიურტენი. პეტერმა როგორც კი აღმოაჩინა, რომ გაშიფრეს, თავის ცოლს მოუყვა და შესთავაზა პოლიციაში დარეკვა და მისი ჩაბარება.
სასამართლო და თავის მოკვეთა
- კიურტენი თამამად აძლევდა ჩვენებას სასამართლოს და არ უარყოფდა თავის დანაშაულს. მართლმსაჯულების კითხვაზე, სინდისი სად ჰქონდა ამ დროს, მან უპასუხა: „მე ის არ გამაჩნია, არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ გულის სიღრმეში. არასდროს მიფიქრია, რომ რასაც ვაკეთებ, ცუდია, მაგრამ ვხედავდი, საზოგადოება როგორ მაკრიტიკებდა. ჩემი სისხლი და ჩემი მსხვერპლების სისხლი ვინც დამტანჯა, მათ ხელებზეა. სასჯელმა, რომლის მსხვერპლიც ვხდებოდი ბავშვობაში, ჩემი ადამიანური გრძნობები სამუდამოდ დაასამარა და მე ვეღარ ვგრძნობ წუხილს მსხვერპლისადმი მკვლელობის მომენტში.“
- კიურტენმა აღიარა 69 ადამიანის მკვლელობა და სასამართლომ გილიოტინა მიუსაჯა. 2 ივნისს, 1931 წელს, თავი მოკვეთეს. უკანასკნელი სიტყვები, რაც კიურტენმა თქვა, ასე ჟღერდა: „მინდოდა მცოდნოდა, როცა თავს მომკვეთენ, გავიგებ წამით მაინც ჩემი სისხლის ხმას? ეს ყველაზე დიდი სიამოვნება იქნებოდა სხვა სიამოვნებებთან ერთად დასასრულში...“
წყარო: cosmo