ბლოგი

კოტინგლის ფერიები: როგორ დაარწმუნა ორმა გოგონამ მთელი მსოფლიო ფერიების არსებობაში

კოტინგლის ფერიები: როგორ დაარწმუნა ორმა გოგონამ მთელი მსოფლიო ფერიების არსებობაში
მოქმედება ვითარდება პატარა სოფელში. XX საუკუნეში ამ სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 750 ადამიანს შეადგენდა. ამასთანავე, იქ მხოლოდ 142 სახლი იყო.
ამბის თხრობა კი 1917 წლის ზაფხულიდან იწყება. იორკშირის საგრაფოს სოფელ კოტინგლიში მცხოვრებ გოგონას, 17 წლის ელსი რაიტს, სტუმრად ბიძაშვილი, 10 წლის ფრენსის გრიფიტსი ეწვია.

გოგონები უზარმაზარ მდელოზე თამაშობდნენ, რომელიც მათი სახლის მიმდებარედ იყო. ერთ დროს იქ დიდი ტყე ყოფილა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იქ ფერიები ნახეს. ერთ დღესაც ელსის დედამ გოგონებს ჰკითხა, რა იზიდავდათ ასე ძალიან, რატომ
ატარებდნენ ამდენ დროს მაინცდამაინც იმ ადგილას.
რაზეც პასუხად მიიღო: „ჩვენ ფერიებს ვხედავთ, მათთან ვმეგობრობთ და ვეთამაშებით“.
თავიდან გოგონებს არავინ უჯერებდა, შემდეგ კი ელსიმ მამას შესთავაზა, რომ მისთვის ფოტოაპარატი ეყიდა, რათა გადაღება ესწავლა და თავისი სიტყვის დამტკიცება შეძლებოდა.
როდესაც არტურ რაიტმა (ელსის მამამ) ფირი გაამჟღავნა, სურათზე პეპლების მსგავსი პატარა ქმნილებები დაინახა.
მოგვიანებით, ელსიმ ამ ფოტოებს წერილიც დაურთო, რაც განხილვის საგნად იქცა. მშობლებს ეს ამბავიც საეჭვოდ ეჩვენათ. ჩათვალეს, რომ გოგონებმა ხრიკს მიმართეს და მუყაოსგან ფიგურები თავად გამოჭრეს.
გოგონები მთელი ძალით ცდილობდნენ, მშობლებისთვის ფერიების არსებობა დაემტკიცებინათ, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, დედ-მამამ ვერ იპოვა ნივთები, რაც მათ ეჭვს დაადასტურებდა.

კვლევა

ალბათ, ამ ამბავს ვერავინ გაიგებდა, რომ არა ჟურნალი „Strand Magazine“, რომელიც იმ პერიოდში ძლიერი გამოცემა იყო. ფოტოების ხილვისთანავე თეოსოფიური საზოგადოების ხელმძღვანელი ედუარდ გარდნერი, შემდეგ კი თავად არტურ კონან დოილი დაინტერესდნენ. მწერალი აღიარებდა, რომ ფერიების სჯეროდა. კონან დოილმა ფოტოები ექსპერტიზის ჩასატარებლად თავის მეგობარ ფიზიკოსს გაუგზავნა და პასუხით იმედგაცრუებული დარჩა.
მან განაცხადა: „არა, ფოტოები ყალბია, სავარაუდოდ, მასზე თოჯინებია გამოსახული. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ „პატარა არსებების“ ვარცხნილობა საფრანგეთის ახლანდელ მოდას პასუხობს“.

განმეორებითი მტკიცებულება

1921 წელს ელსისა და ფრენსისს ახალი, ფირიანი ფოტოაპარატი გადასცეს. გოგონებმა 3 ფოტოსურათი გადაიღეს, სადაც ციცქნა არსებები ბუნდოვნად ჩანდნენ. ამჯერად ისინი ქონდრისკაცებს წააგავდნენ.
წარმოიშვა ის აზრიც, რომ გოგონები ფოტოების გაყალბებას მარტივად ვერ მოახერხებდნენ, რადგან ეს სპეციალისტების საქმეა.
არტურ კონან დოილმა ამ მოვლენას სტატიაც მიუძღვნა, რომელიც ადამიანებმა უცებ აიტაცეს და სენსაციამაც არ დააყოვნა, თუმცა კოტინგლში არასდროს ჩასულა და არც გოგონები გაუცნია.
მიუხედავად ამდენი დავისა, ერთ-ერთ აუქციონზე ეს ფოტოები 600 ფუნტად გაიყიდა. ამ ფაქტმა გააცოცხლა თემა, რომელიც მიავიწყდათ და მსჯელობა ისევ განაგრძეს.


სიმართლე 50 წლის შემდეგ

"მე ნამდვილად ვნახე ისინი, უბრალოდ ვერ მოვახერხე მათთვის ფოტო გადამეღო. ამიტომაც ამ ხერხს მივმართე და გიჩვენეთ ფოტოებით, დაახლოებით როგორი არსებები ვნახე. ფიგურები ქაღალდისგან, თიხისგან, ქინძისთავებისგან და ქუდების ჩასადებისგან დავამზადეთ. ვეცადეთ, მიგვემსგავსებინა". - განაცხადა 50 წლის შემდეგ ელსიმ, როდესაც „ბი-ბი-სიმ" მას და მის ნათესავ ქალბატონს კიდევ ერთხელ ჰკითხა, იყო თუ არა ფოტოებზე ასახული რეალობა.
აქვე, მან დააყოლა: „მე არასოდეს ჩავთვლი ჩვენს ხრიკს თაღლითობად - ჩვენ პატარა სულელები ვიყავით. ამ ყველაფრის რეალურთან გაიგივება იმ ადამიანების კისერზეა, ვისაც სერიოზულად სჯეროდა და ცდილობდნენ, ამაში ადამიანები ათასგვარი გზით დაერწმუნებინათ".

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93