მამაკაცი გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა. მან 105 ქალბატონი გააბედნიერა, თუმცა, დროებით. საწყალი ქალები, ბედნიერ ქორწინებაზე ოცნებობდნენ, როცა მდიდარ, თეთრი "მერსედესის" მფლობელს გაიცნობდნენ და ის ერთი ნახვით სიყვარულში გამოუტყდებოდა, მაგრამ... ცოტა ხანში მათი მოსიყვარულე მეუღლე აფერისტად და ბანდიტად იქცეოდა, თავად კი მისი მსხვერპლნი ხდებოდნენ.
ვიგლიოტო 105-ჯერ იყო დაქორწინებული და 50 ფსევდონიმით სარგებლობდა. სასამართლომ 84 ოფიციალური ქორწინება დაუმტკიცა ამერიკის სხვადასხვა შტატში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, კანადასა და ჰონკონგშიც კი.
მრავალრიცხოვან ცოლებს ჯოვანი თავისი ცხოვრების დრამატულ ამბებს უყვებოდა, თავის ტკივილიან ბავშვობაზე, რომლის მოსმენის შემდეგ ყველას სინანული და სიმპათია უჩნდებოდა მის მიმართ. ხატოვნად აღწერდა სიცილიაში გატარებულ ბავშვობას, როცა გერმანელებმა დაიჭირეს და აყურებინეს, როგორ აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ მის დედას და 4 დას. ერთხელ სასამართლოზე ჰკითხეს კიდეც ამ ფაქტის შესახებ და ვიგლიოტომ განაცხადა, რომ ოჯახის წევრების სიკვდილის ამბავს ქვეყნის განსახილველს ვერ გახდიდა. "თქვენ შეგიძლიათ ყველაფერში დამადანაშაულოთ, მაგრამ ჩემი ოჯახის წმინდა მოგონებებს ვერ გაგაბინძურებინებთ..." სიტყვის დასრულების შემდეგ მამაკაცი დრამატულად აქვითინდა და სასამართლომ შესვენება გამოაცხადა.
ვიგლიოტო ცოლებს უყვებოდა, როგორ გადაარჩინეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა, როგორ აჭმევდნენ და ათბობდნენ. შემდეგ კი საიდუმლო სამსახურში დააწყებინეს მუშაობა. თუმცა ამ "საიდუმლოს" ისეთი დეტალებით უყვებოდა, რომ ცოლებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მათი ქმარი ჯეიმს ბონდი იყო და სახელმწიფო საიდუმლო საქმეების მოგვარება ევალებოდა.
მამაკაცი კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ქალების მოტყუებას, პოლიციას რომ არ დაეჭირა. აქ კი ვიგლიოტომ ვარსკვლავად დარჩენა გადაწყვიტა და სასამართლოზე განაცხადა, რომ ამერიკასა და სხვა 14 ქვეყანაში 105-ჯერ იყო დაქორწინებული. დაუჯერეს და მანაც თითოეული ცოლი სახელ-გვარით, პიკანტური ამბებით გაიხსენა. საშუალოდ (1949 წლიდან 1981 წლამდე), მამაკაცი წელიწადში 10-15-ჯერ ქორწინდებოდა. პირველად 19 წლის ასაკში იქორწინა კორეაში ჯოან ბილსზე, ყველა მომდევნო - 104 ქორწინება კი ფიქტიური იყო. საინტერესო ისაა, რომ მის არც ერთ ცოლს არ დაუბეზღებია სასამართლოში ქურდობის ან აფერისტობის გამო, მაგრამ ერთხელ არც მას გაუმართლა... ახალგაზრდობაში მას მხოლოდ ერთი პატიმრობა ჰქონდა და ისიც მოპარული მანქანით სარგებლობის გამო.
ჯოვანი კიდევ რამდენჯერმე დაქორწინდებოდა, ბოლო ორ ცოლს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა მის პატიოსნებაში. შარონ კლარკი რამდენჯერმე გათხოვილი, მაგრამ მაინც უბედური იყო. პირველად 15 წლის ასაკში გათხოვდა ამერიკელ ჯარისკაცზე. შემდეგ ალკოჰოლიკის ცოლი გახდა, მესამედ - ავტომრბოლელის და ა.შ. ქალი ანტიკვარიატით ვაჭრობდა და საკუთარი მაღაზია ჰქონდა, როცა ჯოვანი გაიცნო. "კოვბოივით იყო ჩაცმული, ყელზე მსხვილი ოქროს, ხოლო ხელებზე რამდენიმე ოქროს სამაჯური ეკეთა". კაცების კარგად მცოდნე ქალს იტალიელი აფერისტი თავიდან არ მოეწონა, მაგრამ მამაკაცმა ქალს დაბადების დღეზე ასი ყვითელი ვარდი მიართვა და სადღესასწაულო ვახშამზე მასაც მოუყვა დედისა და დების ტრაგიკული ამბავი. სხვათა შორის, ვიგლიოტო საინტერესო მამკაცი იყო, 7 ენაზე საუბრობდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ლამაზად ლაპარაკობდა. "მითხრა, რომ ჯადოქარი ვიყავი და მოვაჯადოე, ჩემთან დაქორწინება და ტკბილად ცხოვრება სურდა". ჯოვანიმ შარონს ტეხასში 7 ანტიკვარიული მაღაზიის გახსნა შესთავაზა. წყვილმა ფურგონი შეიძინა, საქონელი ჩაალაგეს და ბედნიერი მომავლის საძიებლად გაემგზავრნენ. გზად კი შარონის დედასთან შეიარეს.
ქალს სახლის გაყიდვა და მათთან ერთად გამგზავრება შესთავაზეს. ერთი სიტყვით, მამაკაცი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ქალებზე კარგი შთაეჭდილება მოეხდინა, როგორც კი ამას მიაღწია, ცოლის ფულები და ნივთები (11 ათასი დოლარი ნაღდი ფულით და 49 ათასის საქონელი) მიითვისა და გაუჩინარდა. გზაში დრო არ დაუკარგავს და პატრისია ენ გარდინერზე დაქორწინდა, რომელსაც სახლი გააყიდვინა და ფული "ზღაპრულად მომგებიან ბიზნესში" ჩაადებინა. დაქორწინებიდან სამ კვირაში მამაკაცი პატრისიას სახლიდან 12 ათასი დოლარით და 25 ათას დოლარად შეფასებული ძვირფასეულობით გაუჩინარდა. ქალები მის მოძებნას შეუდგნენ და გამომძიებელთან ერთად კვალში ჩაუდგნენ. საქმე იმანაც გააადვილა, რომ უკანასკნელ ცოლთან რუკაზე შემოხაზული იმ ქალაქების სია დარჩა, სადაც გავლას აპირებდა.
1983 წლის 28 მარტს ჯოვანი ვიგლიოტო გაასამართლეს, 28 წლით დააპატიმრეს და 360 ათასით დააჯარიმეს. რეკორდსმენი 1991 წელს ციხეში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას 105 ცოლიდან არც ერთი არ დასწრებია.