„ძველმა თბილისელებმა ქორწილიც და გლოვაც ორიგინალური იცოდნენ. საქართველოში თავიანთი საქმიანობით თბილისელი მაჭანკლები გამოირჩეოდნენ და პროფესიულ ფენასაც ქმნიდნენ. ქალის გასინჯვა ხშირად გოგირდოვან აბანოებშიც ხდებოდა. წარმატებულ მაჭანკოლობას ნიშნობა მოსდევდა, ნიშნობას - ქორწილი, ქორწილს - მზითევი, მზითევს - ძეობა, ძეობას ნათლობა“ - აღნიშნავს ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი, რომელთან ერთადაც ამჯერად ძველ თბილისში ქორწინებისა და ქორწილის წესებისა და ტრადიციების თემას განვიხილავთ.
გასულ საუკუნეებში მზითევი ოჯახის შექმნის საკითხში მართლაც რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, XIX საუკუნის თბილისში მზითევმა დამახინჯებული ფორმა მიიღო, რადგანაც ბურჟუაზიული ურთიერთობები, ვაჭრული სული, ამ სფეროშიც აისახა. მაგალითად, მზითევის წაღება იოსებ გრიშაშვილს ასე აქვს აღწერილი: „წინ ზურნა მიდის, მერე პატარა ბიჭი, რომელსაც გულზე მისვენებული სარკე მიაქვს; ამ სარკის ბიჭს ორ-ორი ჭაბუკი მისდევს, რომლებსაც თავზე უწყვიათ წყვილ-წყვილი ბალიში ფურფუშებიანი... შემდეგ მოდის მუთაქები (ესეც წყვილ-წყვილი)... თითოეულ მუთაქას თან ახლავს კოხტად დაკეცილი საბანი. შემდეგ სამურაბე ტაშტი (ლაგანი), ხელის ყუთი თავისი საწვრილმანოთი; შკაფი, კამოდი, მაფრაშა და წყვილი „პოდნოსის კრაოტი“... ეს დასანახად გამოტანილი მზითევი იყო, რომელიც „ნეფის“ ოჯახში შედიოდა, დანარჩენი კი სიის მიხედვით, ბოხჩაში და სკივრში ლაგდებოდა...
ქორწინების ასაკს და დროს ქალისა და ვაჟის მშობლები განსაზღვრავდნენ, რადგან ქორწინება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მისი მომზადება მხოლოდ დიდი ოჯახის მესვეურებს შეეძლოთ.... სანამ საქმე ქორწინებამდე მივიდოდა, უნდა სავალდებულო წინაპირობები შესრულებულიყო. პირველ რიგში, უნდა გამორიცხუილიყო წყვილებს შორის 7-9 თაობამდე ნათესაური კავშირები - ასევე მკაცრად იცავდნენ სოციალურ სტატუსს. დაუშვებელი იყო, თავადაზნაურს ცოლად გლეხის ქალი მოეყვანა, - ყველა სოციალურად, წოდებრივად თანასწორს ეძებდა.
რეგიონებს თავისებური აკრძალვები ჰქონდა - მთაში მიუღებელი იყო თანასოფლელებს შორის ქორწინება. ასევე არ შეიძლებოდა ერთი ხატის წარმომადგენლების დაწყვილება... საქორწინოდ მომზადებული ქალ-ვაჟის შეთვისება ძირითადად ხატობაზე, სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებში ხდებოდა. დიდ ქალაქებში კი - იქ არსებულ სანახაობებზე: კრივი, ჭიდაობა, ყაბაყი და სხვ. მას შემდეგ, რაც „საბედო“ შეირჩეოდა, იწყებოდა საპატარძლოს „გაჩხრეკვა“, ანუ მთელი მისი „ჯიშისა“ და „ჯილაგის“ შემოწმება. არკვევდნენ, ჰყავდა თუ არა ახლო სანათესაოში თანდაყოლილი ფიზიკური თუ სულიერი ნაკლის მქონე ადამიანი. ეს იმისთვის, რომ მათი შთამომავალი ჯანსაღი დაბადებულიყო. შემდეგ ხდებოდა უშუალოდ საპატარძლოს შემოწმება ფიზიკური, ასაკობრივი, მორალური, მატერიალური, ხასიათისა და უნარ-ჩვევების მიხედვით. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდებოდა, რომ ოჯახის შემდეგში დამოუკიდებლად რჩენა შეძლებოდა და სხვაზე დამოკიდებული არ ყოფილიყო. თუ სარძლო დაბალი წრის წარმომადგენელი იყო, თავისივე წრის სასიძოს ურიგებდნენ. მაშინ აქცენტი მის ფიზიკურ ძალაზე, ამტანობასა და სამეურნეო უნარ-ჩვევებზე კეთდებოდა. მშობლები შვილებს ურჩევდნენ, ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი ქალი შეერთოთ: „შვილო, - ხშირად ეტყოდა მამა თავის ვაჟსა, ისეთი ქალი უნდ შეირთო, რომ ლოგინში არ დაგეკარგოს“. გაგრძელება