59 წლის ვხდები. შეიძლება თქვათ, ამ ხნის კაცი რამ გააგიჟაო, მაგრამ არ დაიტია გულმა... მეორეც - იქნებ სხვებისთვის სამაგალითო გახდეს ჩემი ცხოვრება. არა ვარ უჭკუო კაცი...
უმაღლესი განათლებით გახლავართ და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც მიმუშავია. 46 წლის წინ, 18 ივნისს, ერთი ლამაზი, პატარა და კაფანდარა გოგო შემიყვარდა, იმერეთის ერთ პატარა სოფელში (ეს სოფელი ჩემი დედულეთია, მე თბილისელი ვარ). ვიღაცას შეიძლება, წარმოუდგენლად მიაჩნდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება და დღესაც, ისევ ის მიყვარს. 5 წლის შეყვარებულობის შემდეგ, დიდი სისულელე და სიბრიყვე ჩავიდინე. თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ბოროტმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა - ცოლად მოვიყვანე ის, ვინც არ მიყვარდა, მიზეზთა და მიზეზთა გამო. ის ჩემი ცოდვით სავსე, 10 წელი მელოდა და ბოლოს გათხოვდა. ვერ მივედი, რადგან მისასვლელი პირი არ მქონდა. ან რით უნდა მემართლებინა თავი? მეგონა, დავივიწყებდი და ისიც დამივიწყებდა. ტყუილი აღმოჩნდა! ასე ცალ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ. ახლა მეც შვილები და შვილიშვილები მყავს და - მასაც. ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს. ის დაქვრივდა... მე მივხვდი, რომ უსიყვარულოდ ცხოვრება არარაობაა და გავეყარე ცოლს. ეს დიდი ხნის წინ მოხდა და მარტო დავრჩი. ჩვენი სიყვარული არის სუფთა, წმინდა, ვით ანკარა მთის წყარო - შეუბღალავი და შეულახავი. ვმეგობრობთ. ასე ვთქვათ, პლატონური სიყვარული გვაქვს. მისი გულისთვის შემიძლია, სიცოცხლეც კი გავწირო. მან ყველაფერი მაპატია, მიუხედავად იმისა, რომ ვუღალატე და სული დავუმახინჯე. ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ, შეცდომა დავუშვი და დავისაჯე. მეც დავისაჯე და ახლა, მასაც ვსჯი. სული ავუფორიაქე. ალბათ აქსიომაა და მტკიცება არ სჭირდება, როგორ მიყვარს ეს ქალი. ისიც მარტოა და მეც, ცოლობაზე კი უარს მეუბნება - დავბერდითო. ამას იმიტომ გწერთ, რომ სხვამ აღარ დაუშვას ასეთი შეცდომა და სული არავის დაუმახინჯოს. მირჩიეთ, რა ვქნა, დარჩენილი ცხოვრება მინდა მასთან გავატარო და ცოდვაც მოვინანიო. ცხოვრებამ სად არ მატარა, მაგრამ მის გარდა ვერავინ შევიყვარე. დაბეჭდავთ თუ არა, ეგ თქვენ იცით, მე ჩემი ამოვთქვი. ვკითხულობ ამ "გზავნილებს": ფრთხილად, შვილებო, ერთმანეთს სული არ დაუმახინჯოთ. ამ სამყაროში მთლად კარგად არაა საქმე, მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი, იქნებ ბოლოს და ბოლოს, ბოროტსა სძლიოს კეთილმან. ღრმა პატივისცემით... გმადლობ, ყურადღებისთვის.
წყარო: ჟურნალი "გზა"