ბლოგი

ანეტი - ყველაზე ცნობილი დეტექტივი ქალი და ფრანსუა ვიდოკის მუზა

ანეტი - ყველაზე ცნობილი დეტექტივი ქალი და ფრანსუა ვიდოკის მუზა
სახელი ანეტი ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალ დეტექტივთან. ანეტმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ეჟენ ფრანსუა ვიდოკისგანაც, რომელიც ევროპაში კერძო დეტექტივების პირველი სააგენტოს დამფუძნებელი იყო. ამბობენ, რომ FBI სწორედ ვიდოკის მეთოდებით მუშაობს. ფანსუა ვიდოკი იყო ის ადამიანი, რომლის ძალისხმევითაც საფრანგეთში ძალიან მოკლე დროში შემცირდა დანაშაულებრივი დაჯგუფებების რაოდენობა. მის ბიოგრაფიაში კი ამოიკითხავთ, რომ თავად, მძიმე შრომისგან გასაქცევად, არაერთხელ ჩაუდენია კრიმინალური დანაშაული.

ვიდოკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ანეტს, ქალს, რომელიც არა მხოლოდ
მასთან მუშაობდა, არამედ მისი ყველაზე დიდი მუზაც იყო. ანეტზე არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მას ულამაზესი შავი თმა ჰქონდა. ვიდოკი მას ხშირად მოიხსენიებდა უშიშარ, ძლიერ ქალად.

ანეტის შესახებ ინფორმაციას მკვლევარები სამი წყაროდან იღებენ. ესენია: თავად ვიდოკის ჩანაწერები, ალექსანდრე დიუმასთვის გაგზავნილი წერილები და „მსჯავრდებულის მოგონებები“, რომელიც ვიდოკის თანამშრომლების მიერაა დაწერილი. ან წერილებიდან ირკვევა, რომ ანეტი გათხოვილი იყო.

„ჟაკლინთან შევხვდი ქალს, რომელსაც განზრახული ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ის საკმაოდ ლამაზი და ახალგაზრდა იყო, ქმარი გაშორდა და ჰოლანდიაში გაიქცა. მე ის მომეწონა, შემიყვარდა მისი გონება, ხასიათი, კეთილი გული და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. ჩვენ თანდათან დავახლოვდით და მალე ჩემს სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად“ - წერდა ვიდოკი.

როგორც ცნობილია, ანეტი ფრანსუა ვიდოკის პროფესიულ საქმიანობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა - მაშინ, როცა ვიდოკმა პოლიციას თანამშრომლობა შესთავაზა, შუამავლის როლს სწორედ ანეტი ასრულებდა. წყვილის სითამამემ, გონიერებამ და სიძლიერემ არნახული შედეგები მოიტანა და საფრანგეთში კრიმინალის დონე საგრძნობლად შემცირდა.

ფრანსუა და ანეტი ჯერ საკუთარი სახელით, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ შესახებ ცნობილი გახდა, უკვე შეცვლილი მეტსახელებით მუშაობდნენ. ხშირად ვიდოკი ქალის ფორმაში გადაცმულიც კი დადიოდა, რადგან კრიმინალებისგან არსებობდა საფრთხე, რომ მას მოკლავდნენ ან რამეს დაუშავებდნენ. სწორედ ამ გზით ახერხებდა ის თითქმის შეუძლებელი ინფორმაციის მიღებას და ისეთი ადამიანების გამოაშკარავებას, რომელთა მოხელთებაც პოლიციისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

როგორც ვიდოკის მოგონებებიდან ირკვვევა, ამ „მასკარადში“ ანეტიც არაერთხელ იღებდა მონაწილეობას და, შეიძლება ითქვას, არნახული წარმატებით. ის საკუთარ საქმეს ძალიან მშვიდად და ოსტატურად ასრულებდა. იყო შემთხვევა, როცა ვიდოკმა ბანდიტების ნდობა დაიმსახურა და, მათი გამოაშკარავების მიზნით, დროებით მათ დავალებებსაც ასრულებდა. სწორედ მაშინ შეასრულა გადამწყვეტი როლი ანეტმა და დაეხმარა პარტნიორს, შეტყობინება სწრაფად მისულიყო პოლიციამდე, რომელიც შემდეგ სათანადო რეაგირებას მოახდენდა. ერთ შეხედვით, ეს ყველაფერი მარტივი ჩანს, თუმცა ხიფათი ამ საქმეს მუდმივად თან სდევდა. ვიდოკს ხშირად ემუქრებოდნენ სიკვდილით და, შეიძლება ითქვას, ანეტიც მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრობდა, რადგან თუკი ვინმე გაიგებდა, რომ ის ვიდოკის საყვარელი იყო, პირველ რიგში, სწორედ მას მოკლავდნენ და შურს ასე იძიებდნენ.

ვიდოკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვიგანიერმა, ერთხელ ანეტს დახმარება სთხოვა, როცა დე ფონტის ქუჩაზე ორი ბოროტმოქმედი იპოვა. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ანეტი ბოროტმოქმედებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და, საბოლოოდ, მოახერხა მათი გამოჭერა. ის ყველა საჭირო დეტალს იმახსოვრებდა, ქმედებებს ერთმანეთთან აკავშირებდა, აანალიზებდა და შესაბამისად მოქმედებდა. ამგვარი საქმეებით ის ნამდვილ პროფესიონალ დეტექტივად ჩამოყალიბდა. ის ხშირად სრულიად დაუცველი მოქმედებდა და ამას საკუთარი გამბედაობისა და გონიერების ხარჯზე აკეთებდა.

1820 წელს, ანეტის გაცნობიდან 20 წლის თავზე, ვიდოკმა ცოლი მოიყვანა, თუმცა ეს არ იყო ანეტი. ქალს, რომელიც დეტექტივმა შეირთო, გერინი ერქვა. გერინის შემდეგ ფრანსუა ვიდოკს ურთიერთობა კიდევ რამდენიმე ქალთან ჰქონდა. რატომ გაქრა მისი ცხოვრებიდან ანეტი, დღემდე უცნობია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93