თუკი ვლადიმერ ნაბოკოვის რომანი „ლოლიტა“ აქამდე არ წაგიკითხავთ, შეუძლებელია, მისი სახელი ერთხელ მაინც არ გქონდეთ გაგებული. მისი სცენარი არაერთ მკითხველს დღემდე დაუჯერებლად ეჩვენება. მწერლები მუდმივად განიხილავენ რომანის მისტიკურობის საკითხს და აანალიზებენ იმ ნაწარმოებებს, რომელთა შექმნაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ „ლოლიტამ“ შეასრულა, ასეთი კი მსოფლიოში მრავლად მოიძებნება. ნაბოკოვის სითამამე და რისკი შეეხებოდა ისეთ ტაბუდადებულ თემას, როგორიცაა ზრდასრული მამაკაცის ლტოლვა არასრულწლოვნისადმი, ეს კი უჩვეულო და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა აუდიტორიისთვის. გასაკვირი არ არის, რომ ამ წიგნზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ და მას ღირებულება წლების შემდეგაც არ დაუკარგავს.
ყველაფერი 1948 წლის გაზაფხულზე ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ კამდენში დაიწყო. 11 წლის სალი ჰორნერი ოცნებობდა კლასში პოპულარული ყოფილიყო და გადაწყვიტა, ამისთვის კლასელებთან ერთად „სიმართლე ან მოქმედება“ ეთამაშა. თამაშის წესები მიხედვით, მას მოქმედება უნდა შეესრულებინა, ეს მოქმედება კი მაღაზიიდან ნივთის მოპარვას გულისხმობდა. სალიმ ყველაზე იაფი, ხუთცენტიანი რვეული მოიპარა. როგორც კი რვეული ჩანთაში ჩიადო და ქუჩაში გაიქცა, მის მხარს მამაკაცის ხელი შეეხო: „”მე FBI– ს აგენტი ვარ. თქვენ დაკავებული ხართ, ახალგაზრდა ქალბატონო“ - ამ სიტყვებით დაიწყო მისი და ფრენკ ლასალის ურთიერთობა.
გოგონა, რომელსაც სინამდვილეში ფლორენსი ერქვა, თუმცა ყველა სალის ეძახდა, პრობლემებით სავსე ოჯახში ცხოვრობდა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დედა, ელა, მკერავი იყო. სალი დროს, ძირითადად, უფროს დასთან, სუზანთან ერთად ატარებდა. იმ დროს სუზანი ორსულად იყო და მშობიარობისთვის ემზადებოდა.
ლასელმა 11 წლის სალის თანამშრომლობა შესთავაზა, რომელიც მას ქურდობისთვის სასჯელს შეუმსუბუქებდა, მთავარი იყო, რომ ამ შეთანხმების შესახებ არავისთვის ეთქვათ. ლასელს, ცხადია, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ FBI-სთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ექვსი თვის განმავლობაში ციხეში არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის გამო იჯდა. იმ დროს ლასელი 52 წლის იყო. როდესაც სალი სახლში წავიდა, ლასელი მას უკან გაჰყვა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში დაჰყვებოდა სალის და არაერთ კითხვას უსვამდა.
საბოლოოდ, ქურდობის საქმის დასასრულებლად, სალი და ლასელი ატლანტიკ სიტიში უნდა წასულიყვნენ, ამის შესხაებ კი არავისთვის უნდა ეთქვათ. სალიმ დედას მოატყუა, რომ კლასელი პატიჟებდა წვეულებაზე, მეტი დამაჯერებლობისთვის თავად ლასელმაც დარეკა სალის სახლში და მის დედას, ელას ესაუბრა. დედა დათანხმდა, მოგვიანებით კი განმარტავდა, რომ მას არ შეეძლო შვილისთვის ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობა, მისი გაშვება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
1948 წლის 14 ივლისს ფრენკ ლასელი და სალი ჰორნერი ჩავიდნენ სანაპიროზე და სასტუმროში როგორც მამა-შვილი, ისე დაბინავდნენ. გოგონა დედას წერილებს წერდა და ურეკავდა, ექვსი კვირის შემდეგ კი მისწერა, რომ იმავე ოჯახთან ერთად ბალტიმორში მიდიოდა. დედამ განგაშის ზარი ატეხა, რადგან მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. საქმეში პოლიცია ჩაერთო რომელმაც ლასელის კვალს მალევე მიაგნო.
სალი წერილში არ ტყუოდა - ის ლასელთან ერთად მართლაც წავიდა ბალტიმორში, სადაც ლასელმა სამსახური იპოვა, სალი კი კათოლიკურ სკოლას მადელინ ლაპლანტის სახელით მიაბარა. როგორც სალი იხსენებდა, ფრენკმა მისი გაუპატიურება სწორედ იქ დაიწყო. ამის პარალელურად, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ლასელს დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა არასრულწლოვნის გატაცების გამო. სალის კი სჯეროდა, რომ ფრენკი ყველაფერს მის დასაცავად აკეთებდა.
1949 წელს ისინი ტექსასში გადავიდნენ, სალი უკვე 12 წლის იყო. ფრენკმა ის სკოლაში დააბრუნა, ამჯერად ფლორენსის სახელით. ლასელმა მეზობლებს თავი ქვრივად გააცნო. სალი დამდვილი დიასახლისივით იქცეოდა, ამზადებდა სადილებს, ალაგებდა და ზოგჯერ ტორტსაც აცხობდა. მეზობელმა რუთ ჯანიჩმა იეჭვა, რომ რაღაც რიგზე არ იყო და სალისთან საუბარი სცადა, თუმცა გოგონამ ყველაფერი უარყო.
ჯანიჩების ოჯახი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა, თუმცა სალისთან კონტაქტს მაინც ინარჩუნებდნენ. მაშინ ჯანიჩებმა ლასელს მისწერეს, რომ კალიფრონიაში უამრავი სამუშაო ადგილი იყო და იქ გადასვლა შესთავაზეს. ამის ფონზე, სალიმ გაბედა და საკუთარ კლასელს ყველაფერი უამბო, რომელმაც უთხრა, რომ ეს ნორმალური არ იყო და უნდა დასრულებულიყო. მაშინ სალიმ პირველად გაუწია წინააღმდეგობა სალელს, თუმცა ეს მისთვის რაიმე ნიშანი არ ყოფილა, რადგან ფრენკი კალიფორნიაშ გადასვლის იდეით იყო ჩაფიქრებული. ეს იდეა მალევე განახორციელა და სამსახურის საძიებლად წასულმა, სალი ჯანიჩებთან დატოვა. მაშინ რუთმა მოახერხა და სალის სიმართლე ათქმევინა, მაგრამ გოგონამ მხოლოდ მოტაცებაზე ისაუბრა და სექსუალურ შევიწროვებაზე სიტყვაც არ დასცდენია.
რუთმა ყველაფეირ გააკეთა, რომ გოგონა ოჯახში დაბრუნებულიყო. მართლაც, სალიმ უფროს დასთან დარეკა. მის წასაყვანად საქმეში ახლა ნამდვილად ჩაერთო FBI და პოლიცია, სალელი კი დააპატიმრეს. ის უარყოფდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი აღიარა.
როდესაც სალი, დეტექტივ კოენის თანხლებით, სან ხოსედან სახლში გაფრინდა, ჟურნალისტები აეროპორტში ელოდებოდნენ მას. სალის დედასთნ შეხვედრის კადრები ფირზე აღიბეჭდა. სალიმ თანაგრძნობასა და სიყვარულთან ერთად, სამწუხაროდ, უამრავი სიძულვილიც მიიღო. იმ დროს ითვლებოდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დამნაშავე თავად იყო. ამის გამო, 13 წლის სალის დიდხანს უწევდა მეზობლებისა და ნაცნობების ჭორების მოსმენა.
ნაბოკოვის რომანში ლოლიტა რთული მშობირობის შემდეგ, 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. სალი ჰორნერი კი მასზე ორი წლით ადრე, 15 წლისას ავტოვარიის შედეგად დაიღუპა.